საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ქადაგება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე (4 დეკემბერი, 2010 წ.; სიონის საპატრიარქო ტაძარი)

4 დეკემბერი
%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%a7%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%93%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%a6-4

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის
ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე

სიონის საპატრიარქო ტაძარი, 4 დეკემბერი, 2010 წ.

„…ყოველი ტაძარი არის კარიბჭე სასუფევლისა!“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

გილოცავთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დიდებულ დღესასწაულს! ამ
დღის საგალობლებში წერია, რომ ანგელოზთა დასი განკვირდა, როცა იხილა ყოვლადწმინდა
მარიამის წმინდათა წმინდაში შესვლა.

მინდა ყურადღება გავამახვილო ტაძრის მნიშვნელობაზე. ყოველი მართლმადიდებლური ტაძარი
არის იმ სისავსის კარიბჭე, რასაც ეკლესია ჰქვია და თუ კიდევ უფრო ღრმად
ჩავუკვირდებით, – ყოველი ტაძარი არის სასუფევლის კარიბჭე!

ზოგიერთი ფიქრობს, რომ მთავარია, ადამიანს გულში ჰქონდეს რწმენა და არ არის
აუცილებელი ეკლესიაში სიარული. ეს დიდი შეცდომაა. ტაძარი ძალიან გვეხმარება სულიერ
წინსვლაში.

მახსენდება ერთი მოხუცი ცოლ-ქმარი, რომელსაც საუბარში ვკითხე, იყვნენ თუ არა
მორწმუნენი. დაახლოებით 70 წელს გადაცილებულნი იყვნენ და თქვენ წარმოიდგინეთ,
ერთმანეთს ეკითხებოდნენ და ჩემი თანდასწრებით არკვევდნენ, იყვნენ თუ არა
მორწმუნეები. ანუ მთელი
ცხოვრება ერთად გაატარეს და ერთმანეთის შესახებ ისიც კი არ იცოდნენ, მორწმუნეები
იყვნენ თუ არა! ასეთი ცივი დამოკიდებულება ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის მიმართ ცუდ
შედეგს მოუტანს ადამიანს.

ეკლესიის ლოცვა, ეკლესიის შუამდგომლობა
უდიდესი ძალაა! თქვენ რომ შეაგზავნით ხოლმე საკურთხეველში სეფისკვერებს და
მოსახსენებელს, მათ ჩვენი მოძღვრები კითხულობენ კვეთის დროს და იხსნიებენ თქვენს
ახლობლებს, ცოცხლებსა და გარდაცვლილებს. მოძღვარი სეფისკვერებიდან კვეთს მათ
სახელზე ნაწილებს, ბარძიმში დებს და ამბობს: „განბანე, განწმინდე, უფალო, ცოდვანი
ყოველთა აქა მოხსენებულთა სისხლითა შენითა“. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და
ჩვენი გულითა და გონებით ვერ მივწვდებით მას.

მოგეხსენებათ, დასავლეთში ძალიან დაეცა რწმენა. ჩემთან იყო მოსული ესპანეთის
პარლამენტის თავმჯდომარე. იგი დაახლოებით 65 წლისა იქნება. საუბარში ვკითხე, თუ
როგორია ურთიერთდამოკიდებულება, ეკლესიასა და ახალგაზრდებს შორის ესპანეთში. მან
მიპასუხა, რომ ეკლესიაში, სადაც თვითონ დადის, ის არის ყველაზე ახალგაზრდა მრევლი
და ეს ხდება იმ ქვეყანაში, რომელიც რწმენის სიმტკიცით მუდამ იყო სამაგალითო
კათოლიკურ სამყაროში. სიტყვით თითქმის
ყველა თავს მორწმუნედ მიიჩნევს, სინამდვილეში ძალიან შორს დგანან
სარწმუნოებისა და ეკლესიისაგან.
ღმერთმა დაგვიფაროს ამგვარი
მდგომარეობისაგან. ამიტომაც ბავშვობიდან უნდა აღვზარდოთ ჩვენი
შვილები ქრისტიანული სულისკვეთებით, სარწმუნოებით.

მახსენდება ჩემი ბავშვობა. ოჯახში
შესანიშნავი წესი გვქონდა: ყოველ საღამოს მამაჩემი ზეპირად კითხულობდა ძილის წინა
ლოცვებს და ჩვენ, ბავშვებს, აუცილებლად გვათქმევინებდა
ფსალმუნს. ბოლოს, გვასხურებდა ნაკურთხ წყალს და ასე ვიძინებდით.
თვითონ კი რჩებოდა და ლოცვას აგრძელებდა.

ჩვენ გვქონდა ხატი „საქართველოს დიდება“, რომელზეც ყველა ქართველი წმინდანია
გამოსახული. და რამდენი წმინდანიც არის ამ ხატზე, ყოველდღე იმდენჯერ მოიყრიდა ხოლმე
მუხლს მამა და ლოცვას ამბობდა. მაგალითად, იტყოდა: „წმინდაო მეფეო თამარ, ევედრე
ღმერთსა ჩვენთვის!“ და დაიჩოქებდა. შემდეგ წმინდა მეფე დავით აღმაშენებელს
შეავედრებდა ჩვენს თავს და ასე, ყველა სხვა წმინდანს. აი, ასეთ ოჯახში ვიზრდებოდი.

მახსოვს, ერთი მეზობლის ბიჭი მყავდა, ჩემი კლასელი. მას სულ სხვაგვარად ზრდიდნენ,
არაეკლესიურად. პირველ თუ მეორე კლასში ვიყავით და ვკამათობდით; მე ვამბობდი, რომ
ღმერთი არსებობს, ის კი საწინააღმდეგოს ამტკიცებდა. ჩვენი დავის გადასაჭრელად
დედამისთან მივედით. იგი უმაღლესი განათლების მქონე ქალბატონი ბრძანდებოდა, ძალიან
ნაკითხი იყო და მას ვკითხეთ, რას იტყოდა ჩვენს კამათზე. გვიპასუხა: თქვენ ჯერ
ძალიან პატარები ხართ საიმისოდ, რომ ასეთ საკითხებზე იმსჯელოთო.

გავიდა თითქმის 60-ზე მეტი წელი და ეს ადამიანი შემხვდა მოსკოვში ყოფნისას. ამჟამად
იგი გახლავთ ცნობილი ექიმი, აკადემიკოსი. მაშინ მე იგი წარვუდგინე რუსეთის პატრიარქ
ალექსი II-ს. შემდეგ საუბრისას ვკითხე: შენ ხომ მეცნიერი ხარ და ახლა მაინც თუ ხარ
მორწმუნე-მეთქი? თავიდან პასუხს თავი აარიდა, თითქოს თავი შეიკავა და მოგვიანებით
თქვა: „ალბათ, არაო“. შევწუხდი, მივუგე: „ძალიან შემცდარხარ-მეთქი!“ შინ რომ
დავბრუნდი, ვერ მოვისვენე, დავჯექი და ისეთი ვრცელი წერილი მივწერე, ჩემს
ცხოვრებაში არავისთვის რომ არ მიმიწერია; 15 გვერდი გამოვიდა. ისე უმოქმედია მასზე
ამ წერილს, რომ მოსკოვიდან დამირეკა და შეწუხებულმა მკითხა: „შენ ხომ არ იცი,
მონათლული ვარ თუ არაო?“ ეტყობა იფიქრა: „ვაი, თუ მონათლული არ ვარ და დავიღუპოო!“
მე მივუგე: „აბა, საიდან უნდა ვიცოდე, ხარ თუ არა მონათლული; მიდი მოსკოვში ქართულ
ეკლესიაში და იქ მღვდელი გასწავლის, რა უნდა გააკეთო-მეთქი“.

საერთოდ, გახსოვდეთ, თუ ადამიანს ეჭვი ეპარება, მონათლული იყო თუ არა, კარგად უნდა
გამოიკვლიოს თავისი ამბავი და თუ მაინც ვერ დაადგინა, აუცილებლად უნდა მოინათლოს.
ნათლობის ფორმულაში კი მოძღვარმა უნდა დაუმატოს სიტყვები: ნათელს იღებს მონა
ღვთისა ესა და ეს, უკეთუ არა არს მონათლული.

ასე რომ, უფალი შეეხო ჩემი კლასელის გულს, მის სულს, გონებას და მან დაიწყო ფიქრი!

ასევე მინდა გავიხსენო ცხოვრება ნეტარი ავგუსტინესი. ნეტარი ავგუსტინე ეკლესიის უდიდესი მასწავლებელი და დიდი პიროვნება იყო.
თუმცა, ახალგაზრდობაში ძალიან თავისუფალ ცხოვრებას ეწეოდა. 16 წლის ბიჭს უკვე
ჰყავდა უკანონო შვილი ვიღაც ქალისგან. იგი ასევე იყო სხვადასხვა სექტების ადეპტი,
შეისწავლა მათი მოძღვრება, მაგრამ არც ერთმა არ დააკმაყოფილა. დედამისი სულ ტიროდა.
იმ დროს მოღვაწეობდა ამბროსი მედიოლანელი. ნეტარი ავგუსტინეს დედა წმინდა
ამბროსისთან მივიდა და სთხოვა: ილოცე ჩემი შვილისთვის, იგი ურწმუწოაო! წმინდა
ამბროსიმ ჰკითხა საბრალო ქალს:

– შენი შვილისთვის თუ ლოცულობ?

– ვლოცულობ, – მიუგო ქალმა.

– ცრემლით თუ ლოცულობ?

– კი, ცრემლით ვლოცულობ!

– მაშინ ნუ გეშინია, რადგან არ შეიძლება, დედის ცრემლი დაიკარგოს ღვთის წინაშე! –
ანუგეშა წმინდანმა.

და მართლაც, დედამ ლოცვა გააგრძელა და ერთ დღეს, თვითონაც არ იცოდა რატომ, ნეტარმა
ავგუსტინემ ხელში სახარება აიღო. მანამდე საერთოდ არ ეკარებოდა იგი წმინდა წიგნებს
და მოულოდნელად დაიწყო კითხვა, გააცნობიერა რა თავისი მდგომარეობა, მოჰყვა გოდებას:
„ვინ ვარ, რას ვაკეთებ, საითკენ მივდივარ!“ გავიდა ბაღში და მწარედ ტიროდა. დაიწყო
მისი გაქრისტიანება და ეკლესიური ცხოვრება. მოგვიანებით ნეტარი ავგუსტინე გახდა
იკონიის ეპისკოპოსი. მას ლათინურ ენაზე აქვს დაწერილი შესანიშნავი წიგნი –
„ონფესიონეს“ – „აღსარება“. მთელი თავისი თავგადასავალი, თავისი ცოდვები, ყველაფერი
აღწერა ამ წიგნში და დაარქვა „აღსარებანი“. ეს თხზულება ჩვენ გვქონდა დაბეჭდილი
საეკლესიო კალენდარში, მგონი 2005 წელს და იგი ცალკეც არის გამოცემული. ვინმეს თუ
არ გაქვთ წაკითხული, აუცილებლად უნდა იშოვოთ და წაიკითხოთ.

ასე რომ, არის შემთხვევები, როცა უფალი, ჩვენი ნების გარეშე, თავისი მადლით ეხება
ადამიანს. როგორც მოაქცია პავლე მოციქული, მირიანი და ნანა და მრავალი სხვა…

შევთხოვთ უფალს, რომ ეს მადლი მრავლად გარდამოვიდეს საქართველოზე, მთელ მსოფლიოზე.
შევთხოვთ უფალს, რომ ამ მადლმა სულისა წმინდისა განკურნოს ჩვენი უძლურებანი და აღავსოს ჩვენი ნაკლი! ეს კი შეიძლება მხოლოდ ეკლესიის დახმარებით. ამიტომ, ვისაც
ჰყავს შვილები, უპირველეს ყოვლისა, ისინი სპორტსა და ინგლისურზე კი არ უნდა
მიიყვანოს, არამედ მათ სულიერ აღზრდაზე იზრუნოს; პატიოსნება, მოწყალება, სიკეთის
კეთება უნდა ასწავლოთ!

ღმერთმა დაგოლოცოთ და ღმერთმა ინებოს, რომ მთელი საქართველო შევიდეს ეკლესიასა და
ტაძარში!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №41, 2010 წ.