საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ქადაგება ყოვლადწმინდა სამების დღესასწაულზე (8 ივნისი, 2009 წ.; ყოვლადწმინდა სამების ვაკის ტაძარი)

8 ივნისი
%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%a7%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%93%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%90

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება ყოვლადწმინდა სამების დღესასწაულზე

ყოვლადწმინდა სამების ვაკის ტაძარი, 8 ივნისი, 2009 წ.

„გეძლევათა ლოცვა-კურთხევა, ხშირად იკითხოთ სახარება“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ყველას გილოცავთ ტაძრის დღესასწაულს!

დღეს არის ყოვლადწმინდა სამების დღესასწაული, დღესასწაული სულისა წმინდისა.

სულიწმინდის შესახებ ბევრი თქმულა და დაწერილა. ლოცვაში – „მეუფეო ზეცათაო“
ვკითხულობთ: „რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავეს აღავსებ მადლითა შენითა“.
სულიწმინდა ეფინება მთელ ქვეყანას, აღავსებს ყოველივეს, როგორც ჰაერი, იგი
ყველგან არის, მაგრამ ყველა ვერ ღებულობს მას. სულიწმინდა ვერ იმკვიდრებს მათში,
ვისაც ბოროტებით სავსე აქვს გული და გონება. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა,
ადამიანმა უნდა განიწმინდოს თავისი სული და გონება. და თუ თავად ძალა არ აქვს
განწმენდისა, შესთხოვოს ყოვლადწმინდა სამებას და იგი შეეწევა მას.

დღეს განსაკუთრებით ახლოსაა ჩვენთან სულიწმინდა. ეს სიახლოვე განსაკუთრებით
ხშირად განიცდება სახარების კითხვის დროს.

სულიწმინდის მადლის მიღებასთან დაკავშირებით დღეს მინდა გესაუბროთ ორ წმინდანზე,
ამბროსი მედიოლანელსა და ნეტარ ავგუსტინეზე.

ამბროსი მედიოლანელი და ნეტარი ავგუსტინე ერთმანეთის თანამედროვენი იყვნენ. წმინდა
ამბროსი მედიოლანელი სასწაულებრივად, ღვთით იყო გამორჩეული მედიოლანის ეპისკოპოსად.
მედიოლანი გახლავთ იტალიაში, ეს არის თანამედროვე მილანი. თქვენ გახსოვთ, მისი
ცხოვრება. იგი ესწრებოდა მედიოლანის ეპისკოპოსის არჩევას, როგორც სახელმწიფოს
წარმომადგენელი. ამ დროს ის მეფის მინისტრი გახლდათ. მოხდა ისე, რომ ვერაფრით
გადაეწყვიტათ, ვინ აერჩიათ ეპისკოპოსად. ხალხი რამდენიმე ჯგუფად დაიყო და ყველა
თავის კანდიდატურას ასახელებდა. ამ დროს ძუძუმწოვარმა ბავშვმა წამოიყვირა: „ამბროსი
უნდა იყოს ეპისკოპოსი!“ ყველა მიხვდა, რომ ეს ღვთის ნება იყო. ამბროსი ერისკაცი გახლდათ და ამ კრებაზე იგი, როგორც
მოგახსენეთ, მეფეს წარმოადგენდა. ამბროსი შეშინდა და დარბაზი დატოვა. მას ყველგან
ეძებდნენ, მაგრამ წმინდანმა დიდებას თავი განარიდა და უდაბნოში გავიდა სამოღვაწეოდ.
იქაც იპოვა ხალხმა და დააბრუნა. მაშინ მან სხვა ხერხს მიმართა. ყველამ იცოდა, რომ
ამბროსი მარტო ცხოვრობდა, – მან თავის სახლში ქალის ტანსაცმელი
გამოფინა, ამით უნდოდა ხმა გაევრცელებინა, თითქოს ქალები
დადიოდნენ მასთან. მაგრამ ხალხის გადაწყვეტილება ურყევი
იყო. ამბროსის უთხრეს. „ჩვენ
არაფერი ვიცით, გარდა იმისა,
რომ ღმერთმა გამოგარჩია და შენ
უნდა გახდე ჩვენი ეპისკოპოსი“.
ამბროსი ერთ კვირაში აკურთხეს.
ვინაიდან ის ერისკაცი იყო, პირველ რიგში ბერად აღკვეცეს,
შემდეგ ხელი დაასხეს ჯერ დიაკვნად, მერე მღვდლად და ბოლოს
– ეპისკოპოსად. ამბროსი მედიოლანელი გახლდათ უდიდესი მამა, უდიდესი მოღვაწე.

სწორედ მისი მოღვაწეობის
დროს ცხოვრობდა ნეტარი ავგუსტინე. იგი მეტად განათლებული ახალგაზრდა გახლდათ, მაგრამ უსჯულოდ ცხოვრობდა. არსებობს მისი აღსარება, რაც,
რადენიმე წლის წინ, საეკლესიო კალენდარშიც დაიბეჭდა. ნეტარი ავგუსტინე თავისუფალ
ცხოვრებას ეწეოდა. 16 წლის ასაკში მას უკვე უკანონო შვილი ჰყავდა. დედამისი ძლიერ
წუხდა შვილის უსჯულოდ ცხოვრების გამო. ცრემლით ევედრებოდა უფალს მის მოქცევას. იგი
მივიდა წმინდა ამბროსი მედიოლანელთან და სთხოვა, ელოცა მისი შვილისთვს. ამბროსი
მედიოლანელმა ჰკითხა დედას. ცრემლით თუ ლოცულობ შენი შვილისთვის? და როცა დასტური
მიიღო, მიუგო. განაგრძე ცრემლით ლოცვა, – შეუძლებელია, ღვთის წინაშე დედის ცრემლი
დაიკარგოსო.

ამ დროს ნეტარი ავგუსტინე სახლში იყო და, თვითონაც რომ არ იცოდა, – რატომ, სახარება
აიღო და კითხვა დაიწყო. წმინდა წერილის კითხვის დროს მწარედ ატირდა. შემდეგ ბაღში
გავიდა და დიდხანს ტიროდა თავის ცოდვებს. ამას მოჰყვა მისი მოქცევა.

ამიტომ, მინდა მოგცეთ ყველას ლოცვა-კურთხევა, რომ ხშირად იკითხოთ სახარება.
სულიწმინდა დაგეხმარებათ თქვენ და მთელ საქართველოს. ის, რაც დღეს საქართველოში
ხდება, ურთიერთდაპირისპირება ერში, ეს, ალბათ, ღვთის გამოცდაა. მწამს, რომ ღმერთი
არ გაწირავს საქართველოს და ყველაფერი დამშვიდდება.

დალოცვილი იყავით და ყოვლადწმინდა სამებამ – მამამ, ძემ და სულმა წმინდამ დალოცოს,
გაახაროს გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო, ამინ.

დღეს არის დიდი დღესასწაული. მახსენდება ის დრო, როდესაც ვაკურთხეთ ფუძე ამ
ტაძრისა. როგორც გახსოვთ, აქ ჩვენ ვაპირებდით დიდი საკათედრო ტაძრის აშენებას.
მაგრამ, ღვთის განგებით, საპატრიარქო ტაძარი სულ სხვაგან აშენდა, აქ კი, ღვთის
მადლით, აშენდა ყოვლადწმინდა სამების სახელობის შესანიშნავი ტაძარი. როცა ამ ტაძარს
ვაკურთხებდით, უკვე მაშინ ვგრძნობდი უფლის დიდ მადლს ამ ადგილზე. აქაურობა საოცარი
ძალით გვიზიდავდა, აქედან წასვლა არ გვინდოდა. ახლა ვხედავ აქ ბრწყინვალე ტაძარს,
შესანიშნავი მხატვრობით.

და მე მინდა აღვნიშნო დიდი ღვაწლი მამა დანიელ ლობჟანიძისა. მაგრამ, ამასთან,
ვუთხარი მას, რომ უფრო მეტი უნდა გააკეთოს, განსაკუთრებით ჩვენი მორწმუნე
ხალხისთვის. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ხალხს, უნდა გავუწოდოთ მათ დახმარების ხელი.

ვითვალისწინებთ დეკანოზ დანიელ ლობჟანიძის დამსახურებას და დღეს იგი ჯილდოვდება
გამშვენებული ჯვრითა და მიტრით. თქვენი სახელით და, პირადად, ჩემი სახელით ვულოცავ
მას ამ უმაღლეს ჯილდოს. ღმერთმა მშვიდობით ამყოფოს და ბევრი სიკეთე გააკეთებინოს.

დეკანოზი აკაკი ქიქავა, რომელიც ბევრს მოღვაწეობს ჩვენს ეკლესიაში, ასევე
ჯილდოვდება გამშვენებული ჯვრით.

წმინდა იოანე ღვთისმეტყველი ამბობს: „ღმერთი სიყვარული არს“. ღმერთმა დაგვაჯილდვოს
ჩვენ, სრულიად საქართველო და მთელი მსოფლიო თავისი დიდი სიყვარულით!

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს! სულიწმინდა იყოს თქვენი მფარველი! სულმა
წმინდამ გაამთლიანოს და დაამშვიდოს სრულიად საქართველო!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №19, 2009 წ.