საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ქადაგება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე (21 სექტემბერი, 2001 წ.; დიდუბის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ტაძარი)

21 სექტემბერი
%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%a7%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%93%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%a6%e1%83%95-2

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე

დიდუბის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ტაძარი, 21 სექტემბერი, 2001 წ.

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო! ყველას გილოცავთ ამ დიდებულ
დღესასწაულს – ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობას. ღვთისმშობელი დედა განსაკუთრებული
მფარველია მთელი ქვეყნისა და გამორჩეულად საქართველოსი. საგალობლებში წერია, რომ
ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ბრძანდება კარიბჭე ჩვენი ცხოვრებისა, ზეციური სამყაროსი,
ზეციური სასუფევლისა. აი, ამ კარიბჭით მობრძანდა ქვეყანაზე უფალი ჩვენი იესო
ქრისტე. საქართველოში განსაკუთრებულად ვცემთ თაყვანს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელ
დედას, რადგან ჩვენი ქვეყანა მისი წილხვედრია.

რამდენი მადლი დააბერტყა უფალმა საქართველოს. ჯერ კიდევ 26 საუკუნის წინ, ე.ი.
ქრისტეს შობამდე 6 საუკუნით ადრე, ღვთის საიდუმლო განგებით, საქართველოში ჩამოტანილ
იქნა ხალენი წმიდა ილია წინასწარმეტყველისა. და ისევე, როგორც იოანე ნათლისმცემელი
იყო წინამორბედი უფლისა, ისე ეს სიწმინდე გახლდათ წინამორბედი უფლის მოსვლისა,
უფლის დიდი წყალობისა – ქრისტიანობის ქადაგებისა ჩვენში. ჯვარცმის შემდეგ, თქვენ
იცით, საქართველოში ჩამოიტანეს კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. საერთოდ, უნდა
გვახსოვდეს, რომ შემთხვევით არაფერი ხდება, შემთხვევითი არ ყოფილა ის, რომ ეს
უდიდესი სიწმინდე საქართველოში ჩამოაბრძანეს. იგი კიდევ ერთი ნიშანი იყო იმისა, რომ
უფალი განსაკუთრებით სწყალობს საქართვეოს. პირველი საუკუნეშივე ჩვენი სამშობლო
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი გახდა. ეს არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს.
ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა დედამ, წმიდა სამების ლოცვა-კურთხევით საქართველოს
თავისი კალთა გადააფარა. იგი იცავს ჩვენს ქვეყანას ხილული და უხილავი მტრებისაგან.
ეს რომ არ ყოფილიყო, საქართველო ვერ გაუძლებდა ამდენ მტერს. თქვენ იცით, რომ IV
საუკუნის დასაწყისში ქართლში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა.
ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა ჩვენს ქვეყანას გამოუგზავნა ქრისტიანობის
უდიდესი სიწმინდე – ორი სამსჭვალი, რომლითაც ჯვარცმული იქნა მაცხოვარი ჩვენი იესო
ქრისტე. სამწუხაროდ, ერთი სამსჭვალი წაღებულია საქართველოდან და ამჟამად ინახება
კრემლში, ხოლო მეორე დაცულია ჩვენთნ – საპატრიარქო რეზიდენციაში.

V საუკუნეში, საქართველოს ეკლესია ჩვენი დიდი მეფის ვახტანგ გორგასლის
მოღვაწეობით ავტოკეფალური გახდა. რამდენი სიწმინდე, რამდენი სასწაულთმოქმედი ხატი
გვიბოძა უფალმა, რომელთა შორის აღსანიშნავია დიდუბის სასწაულთმოქმედი ხატი. ეს
ყველაფერი კი იმის ნიშანია, რომ ღმერთი ძალიან ახლოს არის ჩვენთან და ამასთან
ბევრსაც ითხოვს კიდეც ყოველი ჩვენთაგანისაგან. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა
გადავუხვიოთ იმ ჭეშმარიტ გზას, რომელზეც დაგვაყენა უფალმა, რომლითაც სცხონდნენ
ჩვენი წინაპრები და რომლითაც დღემდე მოვიდა საქართველო. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა,
ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ჭეშმარიტ მართლმადიდებელ სარწმუნოებას. ქრთველი
ადამიანი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გახდეს იმ სექტების წევრი, რომლებიც ასე
უხვად შემოდიან დღეს ჩვენს ქვეყანაში. ეს არის განსაცდელი, ჩვენი გამოცდა. ეს უნდა
გვახსოვდეს. ქართველი კაცი თუ უღალატებს უფალს, იგი აუცილებლად დაისჯება. ღმერთმა
გვაშოროს ეს!

ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი დედა გეწეოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს!

თქვენ იცით, როგორი რთული დროა. მსოფლიოში შესაძლებელია ყოველწუთს მოხდეს რაღაც
საშინელი კატასტროფა. ამ დროს საქართველომ განსაკუთრებით უნდა გააძლიეროს ლოცვა
უფლისადმი. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი. მინდა შეგახსენოთ, რომ 7-გზის ლოცვა
აუცილებლად აღასრულეთ ყოველდღიურად. ეს ლოცვები გაამთლიანებს საქართველოს. მთელ
ქართველ ერს და უფალი ჩვენ და ჩვენს ქვეყანას ხილული და უხილავი მტრებისაგან
იხსნის.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ!

ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა დედამ გადაგაფაროთ თავისი კალთა თქვენ და სრულიად
საქართველოს!

დღეს არის განსაკუთრებული დღე. უფალმა მოგვმადლა უდიდესი დღესასწაული და
მშვიდობა. ამ დღესთან დაკავშირებით დეკანოზი გიორგი საბიაშვილი, ალექსანდრე ნეველის
სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური და სასულიერო სემინარიისა და აკადემიის პედაგოგი
ჯილდოვდება მიტრის ტარების უფლებით.

სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, რომელიც ასევე გახლავთ
სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ლექტორი და ამავე დროს საპატრიარქოს ერთ-ერთი
განყოფილების თავმჯდომარე, საქართველოს ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის
ჯილდოვდება მიტრის ტარების უფლებით.

დიდუბის ტაძრის მღვდელმსახური თეიმურაზ შალვაშვილი, რომელიც უვკე დიდი ხანია
საქართველოს ეკლესიაში ერთგულად მსახურობს, ჯილდოვდება გამშვენიერებული ჯვრით.

დიდუბის ტაძრის დეკანოზი ანტონი ხანთაძე, საქართველოს ეკლესიაში ერთგული
სამსახურისათვის ჯილდოვდება გამშვენიერებული ჯვრით.

ჩვენთან ბრძანდება ბატონი გიორგი ჩაჩანიძე, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგებელი,
რომელიც ბევრს აკეთებს საქართველოს ეკლესიისათვის და უნდა გააკეთოს კიდეც, რადგან
მას ჰყავდა დიდი წინაპრები, რომელთა შორის იმყოფებოდნენ სასულიერო პირებიც. მე
კარგად ვიცნობდი მიტროპოლიტ ანტონ ჩაჩანიძეს, გაბრიელ ჩაჩანიძეს. დღეს ბატონი
გიორგი ჩაჩანიძე დაჯილდოვებულია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატით.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ! ღმერთმა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის
ლოცვით დაიცვას, დაიფაროს, გაამთლიანოს სრულიად საქართველო! ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №39, 2001 წ.