საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ქადაგება ქრისტეს 12 მოციქულის ხსენების დღეს (13 ივლისი, 2008 წ.; სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარი)

13 ივლისი
%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%a5%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%a1-12-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%a5%e1%83%a3

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება ქრისტეს 12 მოციქულის ხსენების დღეს

სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარი, 13 ივლისი, 2008 წ.

„სასწაულმოქმედების უნარი არ
ნიშნავს ადამიანის ღვთის შვილობას, მის რჩეულობას“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

გილოცავთ სვეტიცხოვლობას! 12 მოციქულის ხსენების დღეს! ეს არის როგორც ეკლესიის,
ისე ჩვენი ერის უდიდესი დღესასწაული. შემთხვევითი არ არის, რომ საქართველოს პირველი
ტაძარი – სვეტიცხოველი 12 მოციქულის სახელზე აშენდა. მისი მშენებლობა დროში
ემთხვევა კონსტანტინეპოლში 12 მოციქულის სახელობის ტაძრის აშენებას. დიდია ქრისტეს
მოციქულთა დამსახურება მთელი კაცობრიობის წინაშე. ეს არის კრებული, რომელთაც
პირველებმა მიიღეს მადლი სულისა წმინდისა – „უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა
აღმავსებელი“; ეს არის ის მოციქულებრივი მადლი, რომელიც აი, უკვე 12 საუკუნეა
ეფინება მსოფლიოს და, მადლობა ღმერთს, ჩვენს ეკლესიას, ამიტომაც ეწოდება მას
სამოციქულო. დიახ, მოციქულთა მადლი არ შეწყვეტილა საქართველოში და ეს განსაკუთრებით
ვლინდება დიაკვნის, მღვდლისა და ეპისკოპოსის კურთხევისას.

დღეს მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო ერთ რამეს. მათეს სახარებაში ჩამოთვლილია 12 მოციქულის სახელი და ბოლოს ნახსენებია იუდა ისკარიოტელი და წერია:
„რომელმანცა გასცა იგი“. ამ 12 მოციქულს უფალმა მისცა მადლი, რომლითაც ისინი ეშმაკთ
განასხმიდენ, მკვდართა აღადგინებდნენ, კეთროვანთა გასწმენდნენ. ესაა ძალა, რომლის
შესახებაც ასე ეუბნება ეუბნება უფალი მოციქულებს: „უსასყიდლოდ მიგიღებიეს და
უსასყიდლოდ გასცემდით“.

ეს საოცარი მადლი, რომელიც მიეცა პეტრეს, იოანე ღვთისმეტყველს, პავლეს და სხვა
მოციქულებს, ასევე მიეცა იუდა ისკარიოტელსაც. მიუხედავად იმისა, რომ ღვთის მადლითა
და ღვთის ძალით ისიც იქმოდა სასწაულებს, ამან ვერ იხსნა იგი საშინელი ცოდვისგან. ის
გახდა იესო ქრისტეს გამცემი და დაიღუპა სული. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ
სასწაულთმოქმედების უნარი ჯერ კიდევ არ ნიშნავს ადამიანის ღვთისშვილობას და მის
რჩეულობას, ამიტომაც უდიდესი სიფრთხილე და სიფხიზლე გვმართებს სულიერ ცხოვრებაში.

მახსენდება ერთი შემთხვგვა: უდაბნოში სამოღვაწეოდ გავიდა ახალგაზრდა მორჩილი და იქ
ლოცვით ისეთ სიმაღლეებს მიაღწია, რომ სასწაულების მოხდენის ძალა შეიძინა. მასთან
მიმდებარე სოფლებიდან სნეულები მიჰყავდათ და იგი ჰკურნავდა მათ, მაგრამ ეს ადამიანი
ვერ აცდა ბოროტისგან დაგებულ მახეს, მას დაეუფლა ამპარტავნება. იგი ამაყობდა:
„ისეთ სიმაღლეს მივაღწიე, რომ შემიძლია, ავადმყოფი განვკურნოო!“

ერთხელ მას სნეული ქალწული მიუყვანეს. ბევრი ილოცა ამ მორჩილმა, მაგრამ იგი ვერ
განკურნა. გაუკვირდა, თუ რატომ მოხდა ასე და ავადმყოფის მშობლებს სთხოვა, ჩემთან
დატოვეთ და ვილოცებ მისთვისო. მშობლებიც დათანხმდნენ და დაუტოვეს სნეული შვილი.
ეშმა კი დაეუფლა მორჩილის გონებას, მის სულს, ხორციელი ვნება აღუძრა და იგი ცოდვით
დაეცა ამ ქალწულთან. იმდენად მძიმე და მოულოდნელი იყო მისთვის მრუშობის ცოდვა, რომ
შეძრწუნებულმა მეორე საშინელი ცოდვა ჩაიდინა: მოკლა საბრალო ქალწული და ხრამში
გადააგდო, თვითონ კი იქაურობას გაეცალა, მაგრამ როცა მიხვდა, რა ჩაიდინა,
გადაწყვიტა თავადაც მოეკლა თავი.

ხედავთ, როგორი ჯაჭვური რეაქცია მოჰყვა ერთ ცოდვას?! ჯერ ცოდვით დაეცა, შემდეგ
მკვლელობა ჩაიდინა, გვამი გადააგდო, – და ბოლოს თვითმკვლელობა განიზრახა და ეს
ყველაფერი ამპარტავნების გამო მოხდა.

ამგვარ მდგომარეობაში მყოფს უდაბნოში მცხოვრები გამოცდილი ბერი შეხვდა. დიდმა
მოღვაწემ მაშინვე დაინახა ამ ახალგაზრდის სულიერი მდგომარეობა. იგი ფრთხილად
გაესაუბრა მას და გამოკითხა. მორჩილმაც უამბო, თუ რა განსაცდელი შეემთხვა. მოხუცმა
ბერმა შესთავაზა: ჩემთან დარჩი, მეც მსგავსი ცოდვა მაქვს ჩადენილი და ერთად
ვილოცოთო. სინამდვილეში მას მსგავსი არაფერი შემთხვევია. მაგრამ ასე იმიტომ თქვა,
რომ ახალგაზრდა მორჩილისთვის ცოტათი მაინც შეემსუბუქებინა უმძიმესი ცოდვის ტვირთი
და სულიერი მდგომარეობა. მორჩილი მართლაც დარჩა მასთან რამდენიმე წლის მანძილზე.
როდესაც იგი სულიერად კვლავ განიკურნა, ბერმა უთხრა: ახლა წადი და ეცადე,
ამპარტავნებამ აღარ დაგიპყროსო. აი, ასე გადარჩა ახალგაზრდა მორჩილი და შემდეგ იგი
თავადაც ცნობილი მოღვაწე გახდა.

ეს ამბავი ნათლად მეტყველებს იმაზე, თუ რაოდენ საშიში ცოდვაა ამპარტავნება,
რამდენად საშიშია, როცა ადამიანი არის თავდაჯერებული და მით უფრო, როცა იგი
თვითნებურად მოღვაწეობს.

დღეს ჩვენ შევთხოვთ წმინდა მოციქულებს, თავისი ლოცვით დაიცვან ჩვენი სამშობლო,
გაამთლიანონ სრულიად საქართველო, დაგვიბრუნონ დაკარგული შვილები და ჩვენი მიწები და
დაიცვან ჩვენი გონება და გული ამპარტავნებისაგან!

კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს! 12 მოციქულის მადლი და
კურთხევა იყოს თქვენ ზედა და სრულიად საქართველოზე!

მოციქულთა ლოცვით ღმერთმა
დალოცოს, გაახაროს, გაამთლიანოს და გადაარჩინოს ჩვენი სამშობლო, ამინ!

დღეს ჩვენ ვლოცავთ ჩვენს ახალგაზრდებს, რომლებიც მიემგზავრებიან ახალქალაქისა და
კუმორდოს ეპარქიაში სამუშაოდ. იქ ისინი გაასუფთავებენ ტაძრებს, ნატაძრალ
ნაგებობებს, ნანგრევებს. ეს საღვთო საქმეა და ვინც ამას იქმს, მიიღებს მადლს
ღვთისას. ღმერთმა დალოცოს ისინი, ღმერთმა მშვიდობით ამგზავროს და მშვიდობით
დააბრუნოს შინ.

დალოცვილი და გახარებული იყავით თქვენ და საქართველო. მადლი, რომელიც გადმოვიდა 12
მოციქულზე სუფევდეს თქვენზე და მთელ საქართველოზე, ამინ!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №26, 2008 წ.