საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ქადაგება ქეთევან დედოფლის პარაკლისზე (27 მარტი, 2001 წ.)

27 მარტი
%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%a5%e1%83%94%e1%83%97%e1%83%94%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9c-%e1%83%93%e1%83%94%e1%83%93%e1%83%9d%e1%83%a4%e1%83%9a%e1%83%98

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება ქეთევან დედოფლის პარაკლისზე

სიონის საკათედრო ტაძარი, 27 მარტი, 2001 წ.

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

დღეს ჩვენ აღვავლენთ სავედრებელ პარაკლისს წმიდისა დიდმოწამისა დედოფლისა
ქეთევანისა.

საქართველოს ისტორიაში არიან პიროვნებები, რომელთა დიდების შარავანდედი, რაც დრო
გადის, უფრო ძლიერდება. სწორედ ასეთთა შორის ბრძანდება წმიდა ქეთევან დედოფალი.
თქვენ იცით, რომ წმიდა ქეთევანი ქრისტიანობისა და სამშობლოსათვის ეწამა და რაღაც
საოცარი მაგალითი მოგვცა იმისა, თუ როგორი სიმტკიცით უნდა იცავდეს ადამიანი
ჭეშმარიტ, მართლმადიდებელ სარწმუნოებას. სწორედ მართლმადიდებლობამ გადაარჩინა და
მომავალშიც გადაარჩეს საქართველოს.

ცნობილია, რომ ქეთევან დედოფლის წმიდა ნაწილები ინდოეთში ჩააბრძანეს და იქ
ერთ-ერთ მონასტერში დაასვენეს. უკვე რამდენიმე წელია, მიმდინარეობს ამ სიწმიდის
მოძიება. მოგეხსენებათ, რომ ამ საქმეში აქტიურად იყო ჩაბმული ბატონი რევაზ
თაბუკაშვილი. სულ რამდენიმე დღის წინ კი, ამ მისიით ინდოეთში გაემგზავრა დელეგაია,
რომელსაც ხელმძღვანელობდა ბატონი ვაჟა ლორთქიფანიძე. ჩატარებული იქნა ძალიან დიდი
სამუშაო, მიმდინარეობდა კონსულტაციები მეცნიერებთან. საბოლოოდ, დადგინდა, რომ წმიდა
მოწამის ნაწილები იქ აღარ არის დასვენებული, სადაც დაიკრძალა. ქეთევან დედოფლის
წმიდა ნაწილები პორტუგალიელების მიერ დაარსებულ მონასტერში იმყოფებოდა.
შესაძლებელია ეს სიწმიდე მათ თავიანთ ქვეყანაში გადააბრძანეს. ჭეშმარიტებას
მომავალი კვლევა-ძიება გამოავლენს.

ამჯერად, ინდოეთიდან ჩამოსულმა დელეგაციამ ჩამოგვიტანა მიწა, რომელიც წმიდა
ქეთევან დედოფლის ნაწილებითაა გაპოხიერებული. თქვენ გაქვთ საშუალება, ემთხვიოთ იმ
ლუსკუმას, სადაც ეს სიწმიდეა დასვენებული. მთელი ეკლესიის და მრევლის სახელით მინდა
დელეგაციას დიდი მადლობა მოვახსენო იმ დიდი შრომისა და ღვაწლისათვის, რომელიც მათ
გასწიეს და შევთხოვ უფალს, რომ ქეთევან დედოფლის ლოცვით, უფალმა დალოცოს დელეგაციის
წევრები, უფალმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართვეოლო. ამინ!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №13, 2001 წ.