საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ქადაგება ქეთევანობის დღესასწაულზე (26 სექტემბერი, 2004 წელი; გარდაბნის წმიდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის სახელობის ტაძარი)

26 სექტემბერი
%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%a5%e1%83%94%e1%83%97%e1%83%94%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%a6

უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II
ქადაგება ქეთევანობის დღესასწაულზე

გარდაბნის წმიდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის სახელობის ტაძარი, 26 სექტემბერი,
2004 წელი

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა,
ჩვენთან არს ღმერთი!

დღეს დიდი დღესასწაულია, ხსენება წმიდისა მოწამისა ქეთევან დედოფლისა –
მნათობისა საქართველოისა, რომელიც არის მაგალითი სამშობლოსადმი თავდადებული
სიყვარულისა, მაგალითი დიდი რწმენისა და სიმტკიცისა.

ამავე დროს, დღეს ვზეიმობთ „გარდაბნობასაც“. შესრულდა 12 წელი მას შემდეგ, რაც
აშენდა ეს დიდებული ტაძარი და მინდა, კიდევ ერთხელ დავლოცო ის ადამიანები, რომელთაც
ამ წმიდა ტაძრის მშენებლობაში მიიღეს მონაწილეობა. უპირველეს ყოვლისა კი ქალბატონი
მაყვალა თავისი ოჯახით. ეს ეკლესია სასწაულია; იგი დადასტურებაა იმ აზრისა, რომ
უფალი თავად აშენებს ღვთის სადიდებელ გამორჩეულ ტაძრებს; თითქოს ადამიანი კი არ
აშენებს მათ, არამედ უფალი. და ვინც აშენებს ღვთის სავანეთ, მის ოჯახს აშენებს
უფალი. ამიტომაც მთავარი საზრუნავი ქართველი ადამიანისა უნდა იყოს მამული, ენა,
სარწმუნოება, როგორც ბრძანა წმიდა ილია მართალმა.

მაშ, რა უნდა იყოს ჩვენი ცხოვრების მიზანი? – არა მარტო ის, რომ ვჭამოთ და
ვსვათ; რა თქმა უნდა, ესეც საჭიროა, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა
გავუფრთხილდეთ ამ წმიდა, სამ საუნჯეს.

ჩვენი დიდი მოწამის, დედოფალ ქეთევანის ცხოვრება ამის საოცარი მაგალითია.

ეს მაგალითი განსაკუთრებით გვჭირდება დღეს, როდესაც ვხედავთ, თუ როგორ ადვილად
ხდება ქართველი ადამიანი ხან ბაპტისტი, ხან იეღოველი და სხვა რელიგიების მიმდევარი;

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველო არის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი,
უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოზე დიდი მადლია გარდამოვლენილი და რასაც სხვას
აპატიებს უფალი, ჩვენ არ გვაპატიებს. ის ადამიანი, რომელიც ჭეშმარიტ სარწმუნოებას
ღალატობს, ღუპავს არა მარტო თავის თავის, არამედ თავის შთამომავლობას, თავის
შვილებს, რადგან იგი ღალატობს უმთავრესს. ჩვენს წინაპრებს უთქვამთ: „როგორც უფალი,
სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა“.

ერთ-ერთ ხალხურ ლექსში კი ნათქვამია: „დღეს ღამე უთენებია, რაც მტრობას
დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია“. დიახ, ქართველი კაცი დღე და ღამეს ასწორებდა, რომ
რაღაც სიკეთე მოეტანა სამშობლოსათვის. იგი არასოდეს ელოდა სხვის დახმარებას და
თავად სიყვარულით აკეთებდა ყველაფერს. ღმერთი არის სიყვარული. სიყვარულით
დაგვაჯილდოვა უფალმა და ეს სიყვარული გადაარჩენს საქართველოს.

გილოცავთ ქეთევანობას. წმიდა დედოფალი ქეთევანი ყოფილიყოს მფარველი თქვენი და
სრულიად საქართველოსი. წმიდა ქეთევანის ლოცვით ღმერთმა აღადგინოს და გაამთლიანოს
საქართველო.

გილოცავთ ასევე „გარდაბნობას“. ამასთან, მინდა აღვნიშნო შრომა მამა ზურაბ
ხაჩიძისა, რომელიც არის ამ ტაძრის წინამძღვარი. იგი მრავალი წელია ემსახურება
საქართველოს ეკლესიას. ჩვენ ვითვალისწინებთ მის დიდ ღვაწლს და დღეს დეკანოზ ზურაბ
ხაჩიძეს ვადაჯილდოვებთ ენქერის ტარების უფლებით და გამშვენებული ჯვრით.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ თქვენ და სრულიად საქართველო.

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №37(295), 2004 წ.