საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ქადაგება სულთმოფენობის დღესასწაულზე (3 ივნისი, 2001 წ.)

3 ივნისი
%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%97%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-6

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება სულთმოფენობის დღესასწაულზე

სიონის საკათედრო ტაძარი, 3 ივნისი, 2001 წ.

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ყველას გილოცავთ სულთმოფენობის დიდებულ დღესასწაულს. წმიდა სამებამ გაგახაროთ,
წმიდა სამებამ ინებოს თქვენი და საქართველოს მშვიდობა და სიცოცხლე!

სულიწმიდა მოვიდეს ჩვენ ზედა და ძალი მაღლისა გვფარვიდეს ჩვენ!

დღეს განსაკუთრებული დღეს – დღე სულიწმიდის გარდამოსვლისა მოციქულებზე. მთელს
ქვეყანაზე, ყოველ ჩვენთაგანზე. საღმრთო წერილიდან ვიცით, რომ უფალი ჩვენი იესო
ქრისტე აღდგომიდან მე-40 დღეს ამაღლდა ზეცად. ამაღლების წინ მან მოციქულებს აუწყა,
რომ იერუსალიმში დარჩენილიყვნენ და მათზე სულიწმიდა გარდამოვიდოდა. ეს მოხდა
აღდგომიდან 50-ე დღეს. როგორც საღმრთო წერილში წერია, ამ დროს მოციქულები და დედა
ღვთისმშობელი ერთ სახლში იყვნენ შეკრებილნი. უცებ დიდი ქარიშხალი ამოვარდა და
ყველამ იხილა, როგორ გადამოვიდა მოციქულებზე ცეცხლის ენა. ამის შემდეგ მოციქულებმა
მეტყველება და ქადაგება უცხო ენებზე იწყეს. ხმაურზე ხალხი შეიკრიბა. ყველა
გაოგნებული შესცქეროდა იმ სახლს, სადაც რაღაც ხდებოდა და ელოდნენ იქედან როდის
გამოვიდოდნენ მოციქულები. როცა ისინი სახლიდან გამოვიდნენ, ზოგიერთებს მთვრალებიც
კი ეგონათ. თან ის უკვირდათ, ეს უბრალო მეთევზურნი უცხო ენებზე როგორ ამეტყველდნენ.
აი, სწორედ ამ დროს იწყო ქადაგება პეტრე მოციქულმა. იმდენად ბევრი ხალხი იყო იქ
შეკრებილი, რომ მოციქულებს სახურავზე ასვლა მოუწიათ, ყველას რომ ეხილა ისინი.
სწორედ სახურავიდან წარმოთქვა პეტრემ თავისი პირველი ქადაგება სულიწმიდის
გარდამოსვლის შემდეგ. როცა ქადაგება დასრულდა, ხალხმა ჰკითხა პეტრეს, თუ როგორ უნდა
მოქცეულიყვნენ ისინი. პეტრემ ასეთი პასუხი გასცა: „მოინანიეთ და ნათელ-იღეთ“;
სინანული – განსაწმედად, ნათლისღება კი – სულიწმიდის მისაღებად. სახარებაში წერია,
რომ იმ დღეს 3000-ზე მეტი ადამიანი მოინათლა.

და როგორც მაშინ მიმართა უფალმა მოციქულებს, ასევე მოგვმართავს ჩვენ დღეს:
„მშვიდობა თქვენთანა!“ მშვიდობა, ანუ შინაგანი სიმშვიდე უნდა სუფევდეს ადამიანში,
რათა მან მიიღოს სულიწმიდა. მაცხოვარმა სიტყვებით – „მიიღეთ სულიწმიდა!“ – 2-გზის
მიმართა მოციქულებს. ჩვენც მივიღოთ ჩვენში უფალი, მივიღოთ სულიწმიდა. მაგრამ იმაზეც
უნდა ვიფიქროთ – მზად არის თუ არა ჩვენი გული, გონება და სხეული ამ საოცარი
ძღვენისათვის? თუ ადამიანში არის სიკეთე და სიყვარული არა მხოლოდ ახლობლებისადმი,
არამედ ყოველი ადამიანისადმი, მაშინ მას აქვს ჭეშმარიტი სარწმუნეობა, და მასზე, რა
თქმა უნდა, მოვა სულიწმიდა. ხოლო თუ ადამიანში ურწმუნოება და ეჭვია, თუკი მის გულში
სიყვარულის ნაცვლად სიძულვილია, თუ ადამიანის გული ღვარძლით სავსეა და ბოროტების
მთესველი, მაშინ ეს შეუძლებელია. ადამიანის გული და თავად ადამიანი უნდა იყოს
ტაძარი სულისა წმიდისა. აი, ამას გისურვებთ თქვენ ყველას, სრულიად საქართველოს და
მთელს ქვეყანას. მხოლოდ ეს გადაგვარჩენს – მადლი სულისა წმიდისა – „უძლურთა
მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი“.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. სულიწმიდა მოვიდეს თქვენზე,
სრულიად საქართველოზე და ძალი მაღლისა გვფარვიდეს ჩვენ! „სული წმიდა სახიერი
გვიძღოდეს ჩვენ ქვეყანასა წრფელსა“. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი! ღმერთმა მრავალ დღესასწაულს დაგასწროთ მშვიდობითა და
დღეგრძელობით. მშვიდობა, სიხარული და სიყვარული სუფევდეს თქვენში და სრულიად
საქართველოში.

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №23, 2001 წ.