საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ქადაგება სულთმოფენობის დღესასწაულზე (27 მაისი, 2007 წელი; ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი)

27 მაისი
%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%97%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-3

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება სულთმოფენობის დღესასწაულზე

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 27 მაისი, 2007 წელი

„ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა
დედამ ერთხელ და სამუდამოდ გადააფარა საქართველოს თავისი
კალთა და ვერავითარი ხილული თუ უხილავი მტერი ვერაფერს დააკლებს ჩვენს ქვეყანასა და
ჩვენს ეკლესიას!“

სახელითა მამისათა და ძისთა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

დღეს არის დიდი დღესასწაული – სულიწმინდის მოფენა მოციქულებსა და ქვეყნასა ზედა.
თქვენ და სრულიად საქართველოს ვულოცავ ამ დიდებულ დღესასწაულს! ამ დღეს სულიწმინდა
გარდამოვიდა სახითა ცეცხლისა ენათა და დაადგრა მოციქულებს და ყოვლადწმინდა
ღვთისმშობელ დედას.

მიუხედავად ჩვენი ცოდვებისა, ამ დღეს უფალი განსაკუთრებით გარდამოავლენს მადლსა
სულისა წმინდისა, რომელიც არის უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი. სულო
წმინდაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის და აცხოვნენ, სახიერო, სული ჩვენნი –
შევთხოვთ უფალს და ვევედრებით, რომ მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ნაკლი გაგვაჩნია,
ყოველმა ჩვენგანმა სული წმინდის ძალით უნდა ვიტვირთოთ და ბოლომდე მივიტანოთ ჩვენი
ჯვარი.

დღეს ორმაგი დღესასწაული გვაქვს, რადგან დღეს ჩვენი დიდებული ტაძრის –
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ლავრის დღესასწაულია. ყოვლადწმინდა სამებამ
თვითონ აირჩია ეს ადგილი და დადგა აქ თავისი ტახტი. ჩვენ გვრძნობთ ამას და ვმადლობთ
უფალს ამისთვის.

თაყვანსა ვცემთ ყოვლადწმინდა სამებას და შევთხოვთ უფალს, რომ განკურნოს
უძლურებანი ჩვენნი, განკურნოს ჩვენი ამპარტავნება და გვიხსნას ყოვლისაგან ბიწისა,
აღხოცოს ცოდვანი ჩვენნი, განწმინდოს ვნებებისაგან გული ჩვენი და გაგვათავისუფლოს
ხილული და უხილავი მტრებისაგან.

დღეს სულიწმინდა შემოდის ყოველი ადამიანის გულში და ადამიანი უნდა გახდეს ტაძარი
სულისა წმინდისა. მაგრამ ამისთვის ადამიანს უნდა ესმოდეს, რომ არ შეიძლება ცოდვა და
მადლი ერთად მოთავსდეს და აუცილებლად უნდა გაუჩნდეს განწმენდის სურვილი. ჩვენ
შევთხოვთ უფალს, რომ, მიუხედავად ჩვენი ცოდვებისა, შემოვიდეს და დაემკვიდროს ჩვენში
და განგვწმიდოს ყოვლისაგან ბიწისა. იმედი მაქვს, რომ მადლი სულისა წმინდისა დღეს
უხვად მოეფინება მთელ საქართველოსა და მსოფლიოს!

დღეს განსაკუთრებული დღეა იმითაც, რომ ჩვენი თანამწირველნი ბრძანდებოდნენ ათონის
წმინდა მთის მამები. მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, მსოფლიო პატრიარქის ბართლომეოსის
ლოცვა-კურთხევით, ათონის მთის წმინდა კინოტმა გამოაგზავნა დელეგაცია, რომელმაც
ჩამოაბრძანა უდიდესი საჩუქარი საქართველოსთვის – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის
სასწაულთმოქმედი ხატის ასლი, რომელსაც ეწოდება „ღირს არსი“. ეს ხატი კიდევ ერთი
მოწმობაა დედა ღვთისმშობლის მფარველობისა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დედამ ერთხელ
და სამუდამოდ გადააფარა საქართველოს თავისი კალთა და ვერავითარი ხილული თუ უხილავი
მტერი ვერაფერს დააკლებს ჩვენს ქვეყანასა და ჩვენს ეკლესიას! ვმედლობთ მის
ყოვლადუწმინდესობას, პატრიარქ ბართლომეოსს, ვმადლობთ წმინდა კინოტს და ვმადლობთ
მაღალღირს მამებს, რომლებიც ჩამობრძანდნენ ჩვენთან სტუმრად. მათთან ერთად ბრძანდება
ერთი პროფესორი, რომელიც ცნობილია თავისი დიდი მოღვაწეობით არა მარტო საბერძნეთში,
არამედ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

მადლობის ნიშნად, მინდა მის ყოვლადუწმინდესობას, მსოფლიო პატრიარქს გავუგზავნო
საქართველოდან ძვირფასი უნიკალური ხატი – ბიჭვინთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის
სასწაულთმოქმედი ხატის ასლი. ხატი არის მოოქროვილი ვერცხლის პერანგით და შემკულია
ძვირფასი თვალ-მარგალიტებით. მინდა ვთხოვო ჩვენს სტუმრებს, რომ ეს ხატი ჩვენი
სახელით მიართვან მის ყოვლადუწმინდესობას.

ასევე მინდა საჩუქარი მივუძღვნა წმინდა კინოტს. მოგეხსენებათ, რომ კინოტი არის
ათონის მთის მონასტრების საბჭო, როგორიც ჩვენთან წმინდა სინოდია, იმავე ფუნქციებს
ასრულებს წმინდა მთაზე. გვინდა, წმინდა კინოტს ძღვნად მივართვათ, ჩვენი ეკლესიის
სახელით, წმინდა ელია წინასწარმეტყველის ქართული ხატი.

დიდ მადლობას ვწირავ, უპირველეს ყოვლისა, უფალს, რადგან უფლის ნებით ხდება
ყველაფერი და მადლობას ვწირავ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ დედას, რომელმაც ინება
ჩვენს ქვეყანაში თავისი ხატის ჩამობრძანება. როგორც ეკლესიის ისტორიიდან იცით, ამ
ხატის წინაშე მთავარანგელოზმა გაბრიელმა იგალობა „ღირს არსი“ და ამიტომ ეწოდა მას
ეს სახელი. ახლა ყველამ ერთად ვიგალობოთ ეს საგალობელი.

დღეს ხანგრძლივი მსახურება იყო და მართალია, დაიღალეთ, მაგრამ ბედნიერია ის
ადამიანი, რომელიც ლოცვით იღლდება. ამ მოთმინებით უფალმა მადლი მოგანიჭოთ და
შეეცადეთ, შეინარჩუნოთ და განამრავლოთ იგი!

დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა თქვენ და სრულიად საქართველო!

წმინდა სამებამ გაამთლიანოს სრულიად საქართველო, ამინ!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №19,
2007 წ.