საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ქადაგება სულთმოფენობის დღესასწაულზე

11 ივნისი
%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%97%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-2

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება სულთმოფენობის დღესასწაულზე

ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 11 ივნისი 2006 წელი

„ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისათვის, რომ სულიწმიდა
გარდამოვიდეს ჩვენზე და დაემკვიდროს ჩვენ შორის!“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

მართალია, დღეს გრძელი ღვთისმსახურება შესრულდა, მაგრამ ჩვენ ყველანი ბედნიერნი
ვართ, რომ ლოცვით დავიღალეთ და მადლით აღვივსეთ.

ყველას გილოცავთ სულიწმიდის დღეს. სულიწმიდა, რომელიც „ყოველგან არს და
ყოველსავე აღავსებს მადლითა თვისითა“, დღეს განსაკუთრებით შემოვიდა ჩვენს სულიერ
სამყაროში, ჩვენს გულში, ჩვენს გონებაში და ღმერთმა ინებოს, რომ დიდხანს
შევინარჩუნოთ მისი მადლი.

გუშინ ცისკრის სახარებაში მოვისმინეთ, რომ ორჯერ ეუბნება მაცხოვარი მოციქულებს:
„მშვიდობა თქვენთანა“, მერე კიდევ ერთხელ მიმართავს და ამის შემდეგ შეჰბერავს მათ
და ეტყვის: მიიღეთ სული წმიდა!

მოციქულები მზად იყვნენ სულიწმიდის მისაღებად. მაგრამ მზად ვართ თუ არა ჩვენ
ამისათვის? ადამიანი რომ იყოს მზად სულიწმიდის მადლის მისაღებად, უპირველეს
ყოვლისა, უნდა მოიწესრიგოს თავისი შინაგანი სულიერი სამყარო. მის გულში უნდა
დაისადგუროს მშვიდობამ. იქ არ უნდა იყოს არც შური, არც შურისძიება, არც ღვარძლი,
არც განკითხვა, მხოლოდ _ დიდება და მადლობა უფლისა და, აგრეთვე, „განცდაი თვისთა
ცოდვათა“. ამ შემთხვევაში ადამიანი მზად არის სულიწმიდის მისაღებად.

ვფიქრობ, რომ ის განსაცდელი, რომელიც ჩვენმა ერმა გამოიარა, იმაზე მეტყველებს,
რომ საქართველოს ელოდება დიდი მადლი სულისა წმიდისა და ჩვენი ერი უნდა მოემზადოს
მის მისაღებად. თითოეული ჩვენგანი მზად უნდა იყოს, რომ სულიწმიდა გარდამოვიდეს
ჩვენზე და დაემკვიდროს ჩვენს შორის!

კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას ამ დიდებულ დღესასწაულს! თქვენ დღეს სავსენი
ბრძანდებით მადლითა სულისა წმიდითა და ვინც მიიღო მადლი სულისა წმიდისა, მან
აუცილებლად უნდა გაუზიაროს იგი სხვასაც. თქვენ მიხვალთ თქვენს ახლობლებთან, თქვენს
სახლში, თქვენს ნათესავებში, ნახავთ თქვენს ნაცნობებს და იმათაც გაუზიარეთ ეს
მადლი!

დღეს წმიდა სამებისა და ტაძრის დღესასწაულია და ამ დღესასწაულზე ეპისკოპოსი
ზუგდიდისა და ცაიშისა აღყვანილია მთავარეპისკოპოსის ხარისხში.

ღმერთმა მოგცეთ დიდი მადლი და დიდი სიხარული!

ჩვენთან არს ღმერთი!

მადლი სულისა წმიდისა გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს!

დალოცვილი და გახარებული იყავით თქვენ და საქართველო!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №23(376),
2006 წ.