საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ქადაგება სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე (14 ოქტომბერი, 2007 წელი; სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარი)

14 ოქტომბერი
%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%95%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%aa%e1%83%ae%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98-7

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე

სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარი, 14 ოქტომბერი, 2007 წელი

„გთხოვთ, თქვენო
ყოვლადუწმინდესობავ, დალოცოთ საქართველო და მისი საზღვრები და ქრთველი ხალხი!“

ყოვლადუწმინდესო ბართლომეოს I, მთავარეპისკოპოსო კონსტანტინეპოლისა და ახლისა
რომისა და მსოფლიო პატრიარქო, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, თქვენო
უნეტარესობავ, მთავარეპისკოპოსო კვიპროსისა ქრიზოსტომოს, თქვენო უწმინდესობავ,
ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტო ქრისტეფორე, ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და
დანო!

უპირველეს ყოვლისა, გულითადად მოგესალმებით საქართველოს უძველესი სამოციქულო
ეკლესიის სახელით, რომელსაც ჰყავს მრავალი ათასობით წმინდა მოწამე, ღირსი მამა და
მღვდელმოწამე.

მახსენდება მისი უნეტარესობის, ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპისა და
პატრიარქის, უნეტარესი ნიკოლოზის ვიზიტი საქართველოში. ეს ვიზიტი შედგა ჯერ კიდევ
კომუნისტური რეჟიმის პერიოდში, როდესაც ჩვნი ქვეყანა საბჭოთა კავშირის
შემადგენლობაში შედიოდა. ჩვენ იგი დარიალის ხეობაში ჩავიყვანეთ, სადაც საზღვარი
საქართველოსა და რუსეთს შორის გადის
და ვთხოვე, – დაელოცა საქართველოს საზღვრები, რათა უფალს განემტკიცებინა
საქართველო. მან დალოცა ჩვენი ქვეყანა და ბრძანა, რომ საქართველოს ჰყავს იმდენი
წმინდა მოწამე, იმდენი მღვდელმთავარი და ღირსი მამა, ეს ზეციური მხედრიონი არ
დაუშვებს, რომ დაირღვეს საზღვრები საქართველოსი.

და აი, დღეს გთხოვთ, თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, დალოცეთ საქართველო, მისი
საზღვრები და ქართველი ხალხი.

ჩვენი წინაპრები ასე ლოცავდნენ: „იხარეთ ორთავ სოფელსა შინა“. ეს იმას ნრმნავს, რომ
ჩვენი ერი ერთია, ჩვენშია ძალა და სული და გენები ჩვენი დიდი მეფეებისა – ვახტანგ
გორგასლის, დავით აღმაშენებლის, თამარის, არჩილის, ლუარსაბის და სხვების. მათი
ლოცვა შეგვეწიოს ჩვენ და
საქართველო აუცილებლად დაძლევს იმ სიძნელეებს, რომელიც დგას დღეს ჩვენ წინაშე.

მისი ყოვლადუწმინდესობის ყურადღება განსაკუთრებულად მინდა იმ პრობლემებზე მივაქციო,
რომელიც დღეს საქართველოს წინაშე მწვავედ დგას – ეს არის აფხაზეთი და ცხინვალის
რეგიონი. აფხაზეთის ტრაგედია – ესაა ღია ჭრილობა საქართველოს სხეულზე და ნურავის
ეგონება, რომ დრო გავა და იარებიც მოშუშდება. საქართველო განიკურნება მხოლოდ იმ
შემთხვევაში, თუ აფხაზეთი კვლავ იქნება მის შემადგენლობაში. ქართველი ხალხი
არასდროს შეურიგდება იმას, რომ საქართველოს ჩამოაშორონ აფხაზეთი და ცხინვალის
რეგიონი. არაერთხელ მითქვამს, რომ თუ გარეშე ძალების მხრიდან ამგვარი მცდელობა
იქნება, – ის სიძულვილი და მტრობა, რომელსაც ისინი სთესენ, – უკვე ხალხში გადავა და ეს არ უნდა
დავუშვათ.

მინდა გითხრათ, რომ ეს 30 წელი, რომელიც საქართველომ განვლო, მეტად მნიშვნელოვანია
ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველოს ეკლესია მუდამ უჩვენებდა გზას ქართველ ერს.
მართლმადიდებელი სარწმუნოება მუდამ იყო და იქნება ჩვენი ერისა და ჩვენი სულიერების
განმამტკიცებელი, შემაერთებელი, შემდუღებელი. ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ იმისათვის,
რომ ეს ერთობა არ იყოს დარღვეული. ამ 30 წლის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა,
მაგრამ მე არ შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჩემი გაკეთებულია. მახსენდება სიტყვები
წმინდისა მეფისა დავით წინასწარმეტყველისა: „უფალი მეფობს“. როდესაც მეფე დავითს
ხალხი აქებდა და ამბობდა, რომ მან გაამთლიანა ისრაელი, – მეფემ გააჩუმა ისინი და
უთხრა: „უფალი მეფობს!“ უფალი მეფობს, უფალი ქმნის, უფალი ამთლიანებს, ხოლო ბოროტი
ძალა ანაწევრებს.

იმედი მაქვს, რომ ურთიერთობა საქართველოსა და სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის მომავალში კიდევ უფრო
განმტკიცდება და ჩვენ მივიღებთ ახალ სულიერ ძალას.

მინდა მადლობა მოვახსენო მის ყოვლადუწმინდესობას ჩამობრძანებისათვის. თქვენს ვიზიტს
საქართველოში მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს. თქვენმა ვიზიტმა და თქვენმა პიროვნებამ
მოგვანიჭა დიდი სულიერი ძალა შემდგომი მოღვაწეობისათვის.

ასევე მადლობას მოვახსენებ კვიპროსის მთავარეპისკოპოსს, უნეტარეს ქრიზოსტომოსს,
ჩეხეთისა და სლოვაკთს მიტროპოლიტს, უწმინდეს ქრისტეფორეს, უკრაინის მიტროპოლიტს,
უწმინდეს ვლადიმერს და სხვა ეკლესიების დელეგატებს. თქვენი ლოცვა აღევლინა დღეს
მიწიდან ზეცას. დღეს ჩვენ შევასრულეთ საღმრთო ლიტურგია იმ ტაძარში, სადაც არის
დაკრძალული კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და ხალენი წმინდა ელია
წინასწარმეტყველისა. აქ არის დაკრძალული მრავალი წმინდა მეფე და პატრიარქი – კათოლიკოსი ანტონ
I, მეფე ერეკლეII და უკანასკნელი მეფე გიორგი XII. ეს არის უდიდესი და
უწმინდესი ადგილი, სადაც ძველად ხდებოდა კურთხევა მეფეთა და პატრიარქთა. ჩვენი
წინაპრების ლოცვა-კურთხევა შეგეწიოთ თქვენ და მთელ საქართველოს. კეთილი იყოს თქვენი
მობრძანება და ძლიერი იყოს თქვენი ლოცვა. ისპოლა ეტი დესპოტა!

ნიშნად დიდი პატივისცემისა და სიყვარულისა, თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, მანდა,
გადმოგცეთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც ვისურვებდი, რომ იყოს მფარველი
პირადად თქვენი და კონსტანტინეპოლის ეკლესიისა.

ღმერთმა დაგლოცოთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას ამ დიდებულ დღესასწაულს –
სვეტიცხოვლობას. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა
და ზიარება სულისა წმინდისა იყავნ თქვენ ყოველთა თანა და მსოფლიოსა ზედა, ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №31,
2007 წ.