საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ქადაგება სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე (13 ივლისი, 2007 წელი; ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი)

13 ივლისი
%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%95%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%aa%e1%83%ae%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98-6

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 13 ივლისი, 2007 წელი

„ეს სულიწმინდის მადლის თვისებაა,
– იგი მრავლდება და მადლმოსილი ადამიანი თავად ხდება ამ მადლის გამცემი!“

სახელითა მამისათა და ძისთა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ყველას გილოცავთ სვეტიცხოვლობას – თორმეტი მოციქულის დღესასწაულს. მათი ლოცვით
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, ღმერთმა დალოცოს, გაამთლიანოს და გაახაროს
სრულიად საქართველო!

ჩვენი ცხოვრება ისევე, როგორც ჩვენი ერის ცხოვრება ღვთის ხელშია და ხშირად ჩვენ
არ გვესმის, თუ რატომ ხდება ესა თუ ის მოვლენა, რა ხდება ჩვენს თავს, ჩვენს
ქვეყანაში და ზოგადად მსოფლიოში. ადამიანის გონება ბოლომდე ვერასდროს მიწვდება
ღვთის განგებას. ერთი პოეტი ამბობს, რომ ყოველ შემთხვევას აქვს მეორე სახელი –
ბედი, იგივე ღვთის განგება. შემთხვევა და შემთხვევითობა მართლაც არ არსებობს,
არსებობს, ყოველივე ღვთსაგანაა მოვლენილი. განგებას ღვთისას ჩვენ ბედს ვუწოდებთ.

აღტაცებაში მოდის გონება, როცა განიხილავს ადამიანის ბუნებას. ყველაზე დიდი
საიდუმლო ღვთის ქმნილებათა შორის არის თავად ადამიანი. საოცარია, როგორაა აწყობილი
მისი სულიერი და ფიზიკური სამყარო, როგორაა შეერთებული მისი სული ხორცთან!
საინტერესოა, რა ხდება გარდაცვალების დროს? რატომ და როგორ ტოვებს სული
სხეულს და როგორ ხდება, რომ როგორც კი სული დატოვებს სხეულს, ადამიანი კვდება. და
ვინ არის თვითონ ადამიანი? ნამდვილი სასწაულია, რომ არ არსებობს ორი ერთნაირი
ადამიანი, თუნდაც ტყუპები ან და-ძმანი, – ისინი აუცილებლად განსხვავებულები არიან გარეგნული ნიშნებით, ხასიათით. უფალი
ყველაფერს ქმნის მხოლობით რიცხვში; ყველაფერს და არა მარტო ადამიანს. ავიღოთ,
თუნდაც ფოთოლი. მთელ მსოფლიოში რომ შეაგროვოთ, თქვენ ვერ იპოვით ორ ერთნაირს. ეს
არის ღვთის უზენაესი განგებულება, რომ ყველაფერი იქმნება მხოლობით რიცხვში. არ
არსებობს ასევე ორი ერთნაირი ხასიათის მქონე ადამიანი, ყოველივე განსხვავდება
ერთმანეთისაგან.

დღეს, როცა ჩვენ თორმეტი მოციქულის ხსენებას ვდღესასწაულობთ, ვფიქრობთ იმის შესახებ,
თუ როგორ გამოარჩია უფალმა ეს 12 მოციქული და როგორ
მოხვდა მათ შორის იუდა ისკარიოტელი. ნუთუ ვინმეს ჰგონია, რომ უფალმა არ იცოდა ვინ
იყო იუდა და რა არჩევანს გააკეთებდა იგი ან ვერ ჭვრეტდა მის მომავალს? მაგრამ ასეთი
იყო განგება ღვთისა. ყოველივე ადამიანის თავისუფალ ნებაზე, მის არჩევანზეა
დამოკიდებული და ამიტომ უფალი ძალიან ცდილობდა, რომ გადაერჩინა იუდა ამ უმძიმესი
ბედისაგან, საშინელი
ხვედრისაგან – უფლის
გამცემლობისგან.

სახარებაში წერია, რომ უფალმა მისცა მოციქულებს სნეულთა კურნებისა და მკვდრების აღდგენის მადლი და მათ
შორის იუდა ისკარიოტელსაც. იუდასაც ჰქონდა მიმადლებული საოცარი ძალა, მას შეეძლო
აღედგინა მკვდარნი, განეკურნა კეთროვანნი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მან მაინც ვერ
შეიცნო უფალი და იგი მაინც გამცემელი გახდა.

მისი მაგალითი კიდევ ერთხელ გვაფიქრებს
ჩვენ იმაზე, რომ ადამიანს აქვს ღვთისგან ბოძებული უდიდესი საჩუქარი – თავისუფალი
ნება და ადამიანი მუდმივად გამოიცდება ღვთისგან, ყოველი ადამიანი მუდმივად დგას
არჩევანის წინაშე. ამ პროცესში უნდა შედგეს დაახლოება ღვთისა და ადამიანის ნებისა
და ძალისხმევისა. და თუ შედგება მათი დაახლოება და მითუმეტეს შეერთება, – ეს
იქნება დიდი ბედნიერება. ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც თავისი პირადი თავისუფალი არჩევანით მიყვება
ღვთის ნებას და მის გარშემო მყოფი ადამიანებიც ბედნიერია. ასეთი ადამიანი ღებულობს
მაცხოვნებელ მადლს და თუ ეს ადამიანი ცხონდება, მის გარშემოც – ათასობით
ცხონდებიან. ამგვარი ადამიანის გარშემო ყოველთვის მრავალი ადამიანია, იგი
ემსგავსება თაფლს, რომელსაც თავს დასტრიალებენ ფუტკრები. ასეთი ადამიანი ხალხს
იზიდავს; შეიძლება არც კი დაელაპარაკონ მას, მაგრამ მადლმოსილ ადამიანთან სიახლოვე
უკვე საკმარისია იმისათვის, რომ მიიღონ მადლი სულისა წმინდისა. ეს სულიწმინდის
მადლის თვისებაა – იგი მრავლდება და მადლმოსილი ადამიანი თავად ხდება ამ მადლის გამცემი.
ღვთისაგან მიღებულ მადლს იგი სხვა ადამიანებს გადასცემს, ეს მადლი უხვად იღვრება
მის გარშემო. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის ადამიანი განიძარცვება ამ
მადლისაგან, როდესაც გასცემს. არა,
ის მუდამ სავსეა და ღმერთი მასშია და ის მუდამ ღმერთთანაა.

სწორედ ასეთ ადამიანებს ირჩევს უფალი საქადაგებლად. IV საუკუნეში, როდესაც ქრისტიანობა
სახელმწიფო რელიგია გახდა, გადაწყვიგეს, აეშენებინათ თორმეტი მოციქულის
სახელობის ტაძარი. თითქოს უცნაურია, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში
პირველი ტაძარი შენდება მოციქულების სახელზე. რატომ მოხდა ასე? ხომ შეიძლებოდა,
რომ აეშენებინათ მაცხოვრის ან ღვთისმშობლის სახელობისა? მაგრამ არა, აშენდა
მოციქულების სახელზე. ამასთან, ძალიან საგულისხმოა, როგორი კავშირია ქრისტიანულ
სამყაროში – ჭეშმარიტად, სულთა კავშირი: მცხეთაში შენდება 12 მოციქულის სახელობის
ტაძარი და კონსტანტინეპოლშიც იმავე დროს, ასევე შენდება 12 მოციქულის სახელობის
ტაძარი. ეს არის ნიშანი, რომ საქართველომ უნდა იქადაგოს, უნდა თესოს სიკეთე, უნდა
თესოს ჭეშმარიტება, უნდა
გააგრძელოს ის გზა, რომელიც გაკვალეს წმინდა მოციქულებმა. საქართველომ უნდა
იტვირთოს მოციქულებრივი ღვაწლი. დღეს ჩვენ შევთხოვთ წმინდა მოციქულებს, რომ
შუამავალნი იყვნენ წინაშე ღვთისა, რომ, მიუხედავად მრავალი სძნელისა და მრავალი
გაჭირვებისა, საქართველო „დგას ჭეშმარიტ გზაზე და არ გადაუხვიოს საუფლო გზას და,
რომ უფალი სუფევდეს ჩვენთან და ჩვენ ვიყოთ უფალთან.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. ჩვენ ვიმყოფებით სვეტიცხოვლის ამ
დიდებულ ტაძარში, სადაც უხვად გვჩუქნის უფალი მადლს სულისა წმინდისა და ვილოცოთ,
რომ ყველანი მადლით სავსენი გავიდეთ ამ წმინდა ტაძრიდან.

დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა! 

ღმერთმა დაგლოცოთ.

ღმერთმა ყველანი დაგვაჯილდოვოს თავისი სიყვარულით და მშვიდობით.

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №25,
2007 წ.