საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ქადაგება სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე (13 ივლისი, 2006 წ.; სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარი)

13 ივლისი
%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%95%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%aa%e1%83%ae%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98-4

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე

სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარი, 13 ივლისი, 2006 წ.

„საქართველო ძლიერია! საქართველო
უძლეველია!“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ფსალმუნში წერია: „დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი“.
მართლაც, საოცარი და მიუწვდომელია საქმენი უფლისანი ადამიანის გონებისათვის, მისი
სულიერი სამყაროსათვის. ბევრი რამ არის ისეთი, რასაც ადამიანი გონებით ვერ წვდება,
მაგრამ რწმენით ღებულობს! ანუ ის, რასაც ვერ იტევს გონება, ადამიანს რწმენით
ენიჭება!

დღეს არის 12 მოციქულის დღესასწაული. სვეტიცხოვლის წმინდა ტაძარს საფუძველი
პირველად IV საუკუნის დასაწყისში ჩაეყარა. მეფე მირიანის, დედოფალ ნანასა და წმინდა
ნინოს ლოცვით აშენდა ეს უძველესი ტაძარი. დღეს ჩვენ ვფიქრობთ იმის შესახებ, თუ
რატომ უწოდეს საქართველოში პირველ ტაძარს 12 მოციქულის სახელი და საერთოდ, რა ძალა
აქვს მოციქულთა დასს? ვინ არიან ისინი? საოცარია, რომ უფალმა მოციქულებად უბრალო
მესათხევლენი აირჩია და ამით თავისი ძალა გამოავლინა! უფალს შეეძლო აერჩია ცნობილი,
სახელგანთქმული ადამიანები, მეფენი, დიდებულნი, მაგრამ მაშინ ყველა იტყოდა, რომ
მოციქულები დიდად განათლებულნი არიან და მათმა განათლებამ მოიზიდა მთელი
კაცობრიობაო. წმინდა მამები ასე განმარტავენ: უბრალო ადამიანებში გამოვლინდა დიდება
და სიბრძნე ღვთისა!

თქვენ გახსოვთ, რომ ერთ მოციქულთაგანს იოანე ღვთისმეტყველი ეწოდა. იგი თავის
სახარებას იწყებს სიტყვებით: „პირველითგან იყო სიტყვა“. ჯერ კიდევ ბერძნულ
ფილოსოფიაში არსებობდა სწავლება ლოგოსის შესახებ, სწორედ ეს გამოიყენა ამ უბრალო
მესათხევლემ და უფალს „სიტყვა“ უწოდა, რადგან უფლის საშუალებით მამაზეციერმა
კაცობრიობას თავისი ნება გადმოსცა.

უფალი ეუბნება პეტრე მოციქულს: „შენ ხარ კლდე და კლდესა ამას ზედა აღვაშენო
ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“. ეს სიტყვები ეხება არა
მარტო პეტრე მოციქულს, არამედ ყოველ მოციქულს. სწორედ მათზე დაფუძნდა ეკლესია,
რომელსაც ვერ მოერევა ბჭენი ჯოჯოხეთისანი. ეს იმას ნიშნავს, რომ ეკლესია მუდამ იყო
და იქნება სიმართლისათვის, ჭეშმარიტებისათვის მებრძოლი და ამ ბრძოლაში ბჭენი
ჯოჯოხეთისანი ვერ სძლევენ მას.

გაიხსენეთ, რამდენი განსაცდელი განვლო ეკლესიამ. პირველი სამი საუკუნის
განმავლობაში ებრაელთაგან ქრისტიანების მუდმივი დევნა მიმდინარეობდა. ისინი
დევნიდნენ ქრისტიანებს და მიაჩნდათ, რომ უსჯულოებას ებრძოდნენ, რადგან, მისი აზრით,
ქრისტიანებმა მოსეს სჯული დაარღვიეს, არასწორ გზაზე დადგნენ. თვით იმპერატორებიც კი
დევნიდნენ და ებრძოდნენ ქრისტიანებს. იმპერატორ ნერონს ჰქონდა დიდი ბაღი, ღამით იქ
სვეტებზე ცოცხალ ადამიანებს ჩირაღდნებად ანთებდნენ და იგი ამ ყოველივეს ყურებით
ტკბებოდა. თუმცა, ამითაც ვერ დაკმაყოფილდა; ბოლოს მან რომს წაუკიდა ცეცხლი და ეს
ქრისტიანებს დააბრალა.

არის ერთი გაქრისტიანებული ებრაელი პოეტი სიმეონ ნათსონი. მან 16 წლის ასაკში
დაწერა შესანიშნავი პოემა: „ქრისტიანი ქალი“. ის აღწერს ქრისტიანი ქალის წამებას და
პოემას შემდეგი სიტყვებით იწყებს: სძინავს ამაყ რომს, მხოლოდ ერთ ფანჯარაში ჩანს
შუქი. იქ ცხოვრობს მოსამართლე ალბინი, რომელმაც ერთ ქრისტიან ქალს სიკვდილი მიუსაჯა
რომის კოლიზეუმში. ხვალ ვეფხვმა უნდა დაგლიჯოს იგი. მოსამართლეს კი იმიტომ არ
სძინავს, რომ იცის, მისი განაჩენი უსამართლოა და სინდისის ქენჯნა აწუხებს. გათენდა
მეორე დღე, მთელი რომი შეიკრიბა კოლიზეუმში და ელოდა წამების დაწყებას. მოვიდა
იმპერატორი. მის თანმხლებ პირებს შორის იყო მოსამართლეც. და აი, ქრისტიანი ქალი,
შემოხეული ტანსაცმლით სცენაზე გამოიყვანეს. მას ხელში ჯვარი უჭირავს – მისთვის
ყველაზე დიდი საუნჯე. ქალმა იქ მყოფ ხალხს მიმართა: „რომაელებო, ჩემი უკანასკნელი
ლოცვა თქვენ გეკუთვნით!“ და დაიწყო ლოცვა, რომ მადლი სულისა წმიდისა გარდამოვიდეს
რომაელებზე და დაემკვიდროს მათში. ამ დროს გამოჰყავთ მშიერი ვეფხვი, რომელიც
ნელ-ნელა გარშემო უვლის თავის მსხვერპლს. უეცრად მოსამართლე ადგილიდან წამოვარდა და
გადახდა სცენაზე იქ, სადაც ეს მოწამე ქალი იდგა და დაიყვირა: „რომაელებო, მეც
ქრისტიანი ვარ!“ მერე მიუბრუნდა ქალს და უთხრა: „მეც შენთან ერთად მოვკვდები!“

აი, ასე ვრცელდებოდა და მტკიცდებოდა ქრისტიანული ეკლესია. ჩვენ უნდა გვახსოვდეს,
რომ ეკლესია არის ის ხელთუქმნელი ძალა, რომელიც უძლეველისა და მას ვერავითარი
ბოროტება ვერ სძლევს!

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იყო, არის და იქნება ის სულიერი საუნჯე,
რომელსაც წლებისა და საუკუნეების მანძილზე იცავდა და ინარჩუნებდა ქართველი ერი.
ყველაზე დიდი საუნჯე ქართველი ადამიანისათვის იყო და დარჩება ჩვენი ეკლესია, ჩვენი
სარწმუნოება. ეკლესია მუდამ ამთლიანებდა ქართველ ერს. თუ სადმე ხდებოდა დაყოფა და
დაპირისპირება, იქ აუცილებლად ეკლესია დგებოდა შუაში და ერთმანეთთან არიგებდა მტრად
მოკიდებულებს. გამთლიანების ეს მისია დღემდე შეინარჩუნა ეკლესიამ და ასე იქნება
მომავალშიც.

სვეტიცხოვლის დიდებული ტაძარი წმინდა 12 მოციქულის სახელზეა აშენებული – ანუ იმ
მოციქულთა სახელზე, რომლებზეც უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ თავისი ეკლესია დააფუძნა.
სწორედ ამით აიხსნება ის, თუ რატომ უწოდეს, წმინდა ნინოს ლოცვა-კურთხევით, მეფე
მირიანმა და დედოფალმა ნანამ, მოციქულთა სახელი პირველ ტაძარს.

საოცარია, რომ ზუსტად იმ დროს დაფუძნდა ეკლესია კონსტანტინეპოლში და ტაძარი იქაც
12 მოციქულის სახელზე აიგო.

საქართველო ძლიერია! საქართველო უძლეველია! საქართველო აუცილებლად გაუძლებს იმ
განსაცდელს, რომელიც არის დღეს და იქნება მომავალში, რადგან ჩვენ მართლმადიდებელი
ქრისტიანები ვართ და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დედამ გადააფარა თავისი კალთა
სრულიად საქართველოს და ყოველთა ქართველთა! აი, ამიტომ არ უნდა შეგვეშინდეს. არ
უნდა შედრკეს ქართველი ერი!

თქვენ იცით, წმინდა გიორგი არის სიმბოლო ჩვენი ქვეყნისა. როცა დიოკლიტიანე
წმინდა გიორგის აწამებდა და იგი სისხლისგან იცლებოდა, თითქოს ყველამ მიატოვა
ქმინდანი, მაგრამ ამ დროს მას მოესმა უფლის ხმა: „გიორგი, ნუ გეშინია, მე შენთან
ვარ“. და აი, ეს ხმა მუდამ ესმის საქართველოს – ეს ხმა და უფლის ძალა გადაარჩენს
ჩვენს ქვეყანას!

ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. ეს ტაძარი არის უდიდესი სიწმინდე!
შემთხვევით არ არის, რომ აქ ბრძანდება კვართი უფლისა და ხალენი წმინდა ელია
წინასწარმეტყვლისა. აქ ულოცია და ცრემლი უღვრია მრავალ ქართველ მეფესა და დედოფალს,
პატრიარქს, აქ არის დავანებული დიდი ძალა და მადლი უფლისა – უძლურთა მკურნალი და
ნაკლულევანთა აღმავსებელი. და უფლის ეს ძალა და მადლი გფარავდეთ თქვენ და სრულიად
საქართველოს!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №28,
2006 წ.