საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ქადაგება სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე (14 ოქტომბერი 2005 წ.; სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარი)

14 ოქტომბერი
%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%95%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%aa%e1%83%ae%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98-3

უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II
ქადაგება სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე

სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარი, 14 ოქტომბერი 2005 წ.

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!

დავით წინასწარმეტყველი ამბობს: „დიდ ხარ შენ, უფალო და საკვირველ არიან საქმენი
შენნი!“ მართლაც, ყველაფერში ჩანს სიდიადე უფლისა!

თუნდაც ჩვენს წარსულს რომ გადავხედოთ, საკვირველია, როგორ გადარჩა საქართველო!
ჩვენზე ბევრად ძლიერი ქვეყნები ყოფილან და დღეს მათი ხსენებაც კი აღარ არის, –
საქართველო ჭეშმარიტმა სარწმუნოებამ გადაარჩინა.
წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა საქართველო ქრისტიანობის გარეშე. ვინ ვიქნებოდით ჩვენ და
საერთოდ, ვიქნებოდით თუ არა, კვართი უფლისა რომ არ ჩამოებრძანებინათ საქართველოში?!
ჩვენს ქვეყანაში გაბრწყინდა ჭეშმარიტი სარწმუნოება და გამოჩნდა, რომ საქართველო
ღვთისაგან განსაკუთრებული მადლითაა დაჯილდოებული.

ქრისტეს შობამდე 600 წლით ადრე, როდესაც ნაბუქოდონოსორმა ისრაელი დაარბია,
ებრაელები საქართველოში ჩამოვიდნენ. ვფიქრობ, ეს იმას ნიშნავს, რომ ქართველებსა და
ებრაელებს შორის უკვე არსებობდა მჭიდრო კავშირი, რადგან ებრაელები უცნობ ქვეყანაში
არ ჩამოვიდოდნენ. მათ საქართველოში ჩამოიტანეს უდიდესი სიწმინდე – ხალენი წმიდა
ილია წინასწარმეტყველისა. თქვენ გახსოვთ, როცა ცეცხლოვანმა ეტლმა წმიდა ელია
წინასწარმეტყველი ცად აღიტაცა, – მან თავის მოწაფეს, ელისეს, თავისი შესამოსელი –
ხალენი ჩამოუგდო ციდან. სწორედ ეს სიწმინდე ჩამობრძანდა ჩვენს ქვეყანაში.

როგორც იცით, იგი დაფლულია სვეტიცხოვლის წმიდა ტაძარში და ამიტომაა აქ ტრაპეზი
წმიდა ილია წინასწარმეტყველის სახელობისა მცირე ეკვდერში.

ებრაელებმა საქართველოში, უპირველეს ყოვლისა, ერთი ღმერთის რწმენა ჩამოიტანეს.
ეს იყო უდიდესი სასწაული: წარმართულ ქვეყანაში შემოვიდა ერთი ღმერთის რწმენა და
წმიდა ილია წინასწარმეტყველის ხალენი.
ან რა იქნებოდა საქართველო, რომ იგი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლი წილხვედრი არ
გამხდარიყო?! ასეთი რამ ხომ შემთხვევით არ ხდება! ეს ღვთის საიდუმლო განგებაა! რა
იქნებოდა საქართველო, აქ ქრისტეს მოციქულები რომ არ ჩამოსულიყვნენ? თქვენ იცით,
საქართველოში იქადაგეს მოციქულებმა: ანდრია პირველწოდებულმა, სვიმონ კანანელმა,
ბართლომემ, თადეოზმა და მატათამ.

IV საუკუნის დასაწყისში უდიდესი სასწაული მოხდა – კაბადოკიიდან შემოვიდა ქალწული
ნინო, რათა მოექცია ქართველი ერი. რა ძალა ჰქონდა წმიდა ნინოს? რატომ წამოვიდა იგი
საქართველოში? კაბადოკიაში, თქვენ იცით, ბერძნებთან ერთად ცხოვრობდა ქართველთა
ტომი. არსებობს აზრი, რომ წმიდა გიორგი, წმიდა ნინო და წმიდა ბასილი დიდი სწორედ
ქართველთა ტომიდან იყვნენ. ნინოს ამოძრავებდა დიდი რწმენა, მან იცოდა, რომ მართალია
საქართველოში ბრძანდებოდა კვართი უფლისა, მაგრამ იგი ჯერ არ იყო ქრისტიანული
ქვეყანა. წმიდა ნინოს ლოცვით, მისი სასწაულებით პირველად მოექცა დედოფალი ნანა და
მერე მეფე მირიანი. IV ს-ში ქრისტიანობა არა მარტო სახელმწიფო რელიგია გახდა,
არამედ ვახტანგ გორგასლის მეოხებით და მისი დიდი ღვაწლით მას ავტოკეფალია მიენიჭა.
ანტიოქიის საპატრიარქო ტახტის, მისი წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით, საქართველოს
მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალური ანუ დამოუკიდებელი გახდა.

ეს ყველაფერი იმიტომ გავიხსენე, რომ კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, თუ რამ გადაარჩინა
საქართველო – სწორედ მართლმადიდებელმა სარწმუნოებამ. ქართველი ადამიანი მუდამ
იცავდა თავის რწმენას, რომელიც არ იყო რომელიმე სექტის მიერ შერყვნილი. საქართველოს
მართლმადიდებელმა ეკლესიამ შეინარჩუნა ჭეშმარიტი სარწმუნოება – უფლის მიერ
დაარსებული წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიისა. ამას იცავდა ქართველი ადამიანი
და ამას ვიცავთ ჩვენ.

მრავალ მაღალ სტუმარს, ვინც წვევია ჩვენს ქვეყანას: პატრიარქებს, იერარქებს
უთქვამთ ჩვენთვის, რომ მათ არსად უნახავთ ასეთი მოსიყვარულე და მორწმუნე ერი! ეს
იმას ნიშნავს, რომ უფალი ჩვენთანაა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ერს ბევრი შეცდომა
და შეცოდება აქვს ჩადენილი წინაშე უფლისა. (თუნდაც, ის, რომ ტოტალიტარული რეჟიმის
დროს ქართველმა ადამიანმა თავის ხელით დაანგრია მრავალი ტაძარი და მონასტერი. ეს
ცოდვა აწევს არა მარტო იმათ, რომელთაც ეს, უშუალოდ, მოიმოქმედეს, არამედ მთელ ჩვენს
ერს. და ჩვენ უნდა მოვინანიოთ იგი. ღმერთმა შეგვინდოს და შეგვიწყალოს! უნდა
გვახსოვდეს, რომ ჩვენს ცოდვას აღემატება ღვთის წყალობა და სიყვარული.

თქვენ იცით, რომ ყოველი მონასტერი იყო არა მარტო სულიერი კერა, სადაც ბერები თუ
მონოზვნები მოღვაწეობდნენ, არამედ – დიდი მეცნიერული ცენტრი, სადაც ითარგმნებოდა
წიგნები, სადაც იწერებოდა ორიგინალური ნაშრომები. ეს ახასიათებდა საქართველოს
ეკლესიას და ამ გზას აგრძელებს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი.

დღეს ჩვენ ვცხოვრობთ მეტად რთულ პერიოდში, როცა კაცობრიობამ გადადგა უდიდესი
ნაბიჯები წინ მეცნიერებაში, ტექნიკაში, მაგრამ ამავე დროს, ადამიანმა უდიდესი
ნაბიჯები გადადგა უკან – ზნეობაში;

ჩვენ ვცხოვრობთ დროში, რომელსაც ეწოდება გლობალიზაციის პერიოდი. ჩვენ ვცხოვრობთ
იმ დროს, როცა სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოში იჭრება კულტურა და მასთან ერთად
– ფსევდოკულტურა. და ჩვენ უნდა გვქონდეს ისეთი ინტელექტი, ისეთი ცოდნა და განათლება
(არა მარტო ცოდნა, არამედ განათლება – ნათელი უნდა სუფევდეს ჩვენს გულსა და
გონებაში!), რომ გავარჩიოთ, სად არის კულტურა და სად არის ფსევდოკულტურა. ამისათვის
ვართ დღეს მოწოდებულნი.

საქართველოს ეკლესია მუდამ ახლოს იყო მეცნიერებასთან და მუდამ იცავდა და ხელს
უწყობდა მის განვითარებას. თუ რა ურთიერთდამოკიდებულებაშია რწმენა და ცოდნა – ეს
უძველესი საკითხია; ჯერ კიდევ I-II საუკუნეებში მსჯელობდნენ ამის თაობაზე. ისეთი
დიდი ფილოსოფოსი და მეცნიერი, როგორიც იყო კლიმენტი ალექსანდრიელი, დაწვრილებით
განიხილავს ამ საკითხს. ის ამბობს, რომ ორივე აუცილებელია: ცოდნაც და რწმენაც და
ასეთ დასკვნას აკეთებს, რომ მხოლოდ მორწმუნე ადამიანი არის მონა ღვთისა, ხოლო –
მორწმუნე და მცოდნე, განათლებული ადამიანი არის მეგობარი უფლისა. სწორედ ამ
სრულყოფის კიბეზე უნდა ავმაღლდეთ.

საქართველოს ეკლესია მუდამ ახლოს იყო მეცნიერებასთან და მუდამ იცავდა და ხელს
უწყობდა მის განვითარებას. თუ რა ურთიერთდამოკიდებულებაშია რწმენა და ცოდნა – ეს
უძველესი საკითხია; ჯერ კიდევ I-II საუკუნეებში მსჯელობდნენ ამის თაობაზე. ისეთი
დიდი ფილოსოფოსი და მეცნიერი, როგორიც იყო კლიმენტი ალექსანდრიელი, დაწვრილებით
განიხილავს ამ საკითხს. ის ამბობს, რომ ორივე აუცილებელია: ცოდნაც და რწმენაც და
ასეთ დასკვნას აკეთებს, რომ მხოლოდ მორწმუნე ადამიანი არის მონა ღვთისა, ხოლო –
მორწმუნე და მცოდნე, განათლებული ადამიანი არის მეგობარი უფლისა. სწორედ ამ
სრულყოფის კიბეზე უნდა ავმაღლდეთ.

მაცხოვარი ამბობს: „იყავით სრულ, ვითარცა მამაი თქვენი ზეცათაი სრულ არს“.
ადამიანი ვერასოდეს გახდება ისეთი სრულყოფილი, როგორც მამაზეციერია. მაგრამ ეს არის
მითითება იმაზე, რომ ადამიანის განვითარებას, სრულყოფას არ აქვს დასასრული –
განათლებაში იქნება ეს თუ სულიერ ცხოვრებაში. ეს დაუსრულებელია. ადამიანი, რომელიც
სრულყოფის კიბეზე მაღლა ადის, ამას სასუფეველშიც აგრძელებს. ხოლო ადამიანი, რომელიც
სულიერად ეცემა ამქვეყნად, – ის აგრძელებს დაცემას იმქვეყანადაც.

დღეს ჩვენი დიდი ეროვნული და დიდი საეკლესიო დღესასწაულია. და დღეს სრულიად
საქართველოდან ჩამოსულია ხალხი წმიდა ადგილზე, დიდებულ სვეტიცხოველში. ეს არის
წმიდათა წმიდა ადგილი, ეს არის ის წმიდა ტაძარი, სადაც ქართველმა ერმა მრავალი
ლოცვა აღავლინა და სადაც მრავალი ცრემლი დაღვრილა უფლის წინაშე. და მე მოხარული
ვარ, რომ ჩვენ დღეს აქ ვართ და აღვავლენთ ლოცვებს საქართველოს მშვიდობისა,
მთლიანობისა და კეთილდღეობისათვის. ასევე მოხარულნი ვართ, რომ ჩვენთან ერთად ამ
წმიდა ტაძარში ბრძანდება მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, ბატონი თამაზ
გამყრელიძე და სხვა აკადემიკოსები. ეს იმას ნიშნავს, რომ ცოდნა და რწმენა,
ინტელექტუალური განვითარება და სულიერი წინსვლა, ისევე როგორც უწინ, საუკუნეების
მანძილზე, დღესაც – ერთადაა, რაც ასე აუცილებელია ჩვენი ერისთვის.

მე მინდა დღეს მთელი საქართველო დავლოცო, მინდა დავლოცო ჩვენი მეცნიერებათა
აკადემია, ჩვენი მეცნიერები, მორწმუნე ერი, სრულიად საქართველო! განსაკუთრებით
მინდა დავლოცო უცხოეთში მცხოვრები ქართველები. ღმერთმა მშვიდობით დააბრუნოს ყველანი
თავის სამშობლოში. და მე, განსაკუთრებით მინდა დავლოცო აფხაზეთი და სამაჩაბლო.
ხშირად მწუხარებით აღვნიშნავთ, რომ ვერ შევდივართ ამ რეგიონებში. მაგრამ ვინც იქ
არის, – აფხაზია იგი, ქართველი თუ რომელიმე სხვა ერის წარმომადგენელი, – იმათ
ჩვენზე მეტად უჭირთ. ვიმედოვნებ, მალე დადგება დრო, როცა ჩვენ ერთად ვიქნებით, მალე
დადგება დრო, როცა აშენდება ერთობლივი ძეგლი ძლიერებისა, სადაც ერთად დაიწერება
სახელები და გვარები აფხაზებისა და ქართველების, ყველასი, ვინც ამ ომში დაეცნენ.

კიდევ ერთხელ მინდა მივესალმო ბატონ თამაზ გამყრელიძეს, მეცნიერებათა აკადემიის
პრეზიდენტს და მინდა მას საჩუქრად გადავცე წმიდა ნიკოლოზის ხატი. წმიდა ნიკოლოზი
არის სასწაულთმოქმედი და მსწრაფლშემწე, სწრაფად ეხმარება ყოველ ადამიანს, რომელიც
მას ლოცვით ევედრება. ეს ხატი უნდა იყოს თქვენს კაბინეტში. ღმერთმა დაგლოცოთ.

დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა თქვენ და საქართველო!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №38(345),
2005 წ.