საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ქადაგება სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე (14 ოქტომბერი, 2010 წ.; სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარი)

14 ოქტომბერი
%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%95%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%aa%e1%83%ae%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98-10

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე

სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარი,
14 ოქტომბერი, 2010 წ.

„სვეტიცხოველი არის დიდი და მძლავრი კელაპტარი,

რომელიც დაანთეს წმინდა ნინომ, მირიანმა და ნანამ!“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

გიხაროდეს, სრულიად საქართველო!

გიხაროდეს, წმინდაო დედაო ნინო, წმინდანო მირიან და ნანა!

გიხაროდეს დიდო კათოლიკოს-პატრიარქო საქართველოს ეკლესიისა, მელქისედეკ პირველო!

დღეს არის ზეიმი სრულიად საქართველოსი, დღეს არის ზეიმი ჩვენი სულიერებისა, ჩვენი
მართლმადიდებელი სარწმუნოებისა! გულითადად მივესალმებით მსოფლიო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესიების დელეგაციებს: კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის,
იერუსალიმის, რუსეთის, სერბეთის, რუმინეთის, ბულგარეთის, კვიპროსის, ელადის,
ალბანეთის, პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკიისა და ამერიკის ეკლესიების
წარმომადგენლებს.

მინდა აღვნიშნო, რომ ასეთი ზეიმი არ ახსოვს საქართველოს და ჩვენს ეკლესიას. დღეს
მთელი მსოფლიო ჩვენთან არის და ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის!

ბედნიერნი ვართ იმით, რომ საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა!
ვხარობთ და ვმადლობთ უფალს, რომ ჩვენს ქვეყანაში დაბრძანებულია მრავალი სიწმინდე.
ამ წმინდა ტაძარში დაფლულია ხალენი წმინდა ილია წინასწარმეტყველისა, რომელიც
ჩამოტანილი იყო ებრაელთა მიერ ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე 600 წლით ადრე. ჩვენ
ვმადლობთ უფალს, რომ ჩვენმა წმინდა მიწამ მიიღო კვართი უფლისა ჩვენისა იესო
ქრისტესი, რაც არის ურიცხვი წყალობა ღვთისა! და არა ჩვენი დამსახურება, სიყვარული
და მადლი ღვთისა, რომელიც უხვად, ვითარცა მდინარე, გარდამოდიოდა ჩვენს ქვეყანაზე
წარსულში და გვწამს, რომ ასევე გარდამოვა მომავალშიც.

სვეტიცხოველი არის დიდი და მძლავრი კელაპტარი, რომელიც დაანთეს წმინდა ნინომ, მირიანმა და ნანამ, რომელიც დაანთო
ბიზანტიის დიდმა იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა! მან ახლადგაქრისტიანებულ
საქართველოში ძღვნად გამოგზავნა ორი სამსჭვალი, რომლითაც განგმირული იყო ხელნი
უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. და დღეს, წირვის დროს, ამ სამსჭვალთაგან ერთ-ერთი
დაბრძანებული იყო ტრაპეზზე.

ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ საქართველო არის სამოციქულო ეკლესია, დაარსებული წმინდა
მოციქულების – წმინდა ანდრია პირველწოდებულისა და წმინდა სვიმეონ კანანელის მიერ.
სვიმეონ კანანელი დაკრძალულია საქართველოში, აფხაზეთში ახალ ათონზე. წმინდა ანდრია
პირველწოდებული ჩვენს ქვეყანაში შავი ზღვის სანაპიროთი შემოვიდა და ერთი ჯვარი
მცხეთაში, მთაზე დადგა, მეორე – გრემში და მესამე – სტეფანწმინდაში, ყაზბეგის
რაიონში. ეს არის დიდი წყალობა და მადლი ღვთისა! ჩვენმა ხალხმა მიიღო ქრისტეს
სარწმუნოება მთელი გულით, გონებითა და მთელი თავისი არსებით. და მინდა ვთქვა, რომ
ჩვენმა სარწმუნოებამ გადაარჩინა ჩვენი ეკლესია და ქართველი ერი. სარწმუნოება არის
ის უდიდესი ძალა, რომელიც იცავს ჩვენს ერს და მინდა დავლოცო ჩვენი ერი, ჩვენი
ახალგაზრდობა, რომელიც მთელი გულით იღებს ქრისტეს მადლსა და სარწმუნოებას. ვმადლობ და ვადიდებ
უფალს მისი დიდი წყალობისათვის! დიდება და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის!

მოგეხსენებათ, საქართველოს აქვს მეტად რთული გეოპოლიტიკური მდებარეობა. ძალიან
ძნელია დიდი ქვეყნების გვერდით ცხოვრება. ისტორიულად მრავალ ქვეყანას მოუსურვებია
საქართველოს დაპყრობა, მაგრამ ჩვენი ხალხი იცავდა საკუთარ მიწას, ეროვნებას,
სარწმუნოებას, კულტურას, დამწერლობასა და სარწმუნოებას. და უნდა გავუფრთხილდეთ ამ
ფასეულობებს, რადგან ვერაფერი შეგვიცვლის მათ. ეს არის მარადიული საუნჯენი, რაც
კარგად უნდა გავაცნობიეროთ. ჩვენ ვცხოვრობთ მეტად რთულ დროში, რასაც გლობალიზაციის
პერიოდს უწოდებენ. შეუძლებელია შევაჩეროთ ეს პროცესი. გლობალიზაციას გააჩნია
სუბიექტი და ობიექტი. სუბიექტი მუდამ ცდილობს, იქონიოს გავლენა ობიექტზე, ე.ი. დიდი
ქვეყნები მუდამ ცდილობენ, იქონიონ გავლენა მცირე ქვეყნებზე. მაგრამ ეს იმას არ
ნიშნავს, რომ საკუთარ თავში უნდა ჩავიკეტოთ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ყველაფერი, მათი
ისტორია, კულტურა და უნდა მივიღოთ ის, რაც ჩვენთვის სასარგებლოა. მიმაჩნია, რომ
ბევრი რამ არის ისეთი, რაც სხვებისგან უნდა მივიღოთ, თუმცა ჩვენც გვაქვს ბევრი რამ
ისეთი, რაც სხვამ უნდა მიიღოს და ჩვენგან შეისწავლოს. მრავალი
ქვეყანა მაქვს მოვლილი და მინდა ვთქვა, რომ ასეთი დახვეწილა კუტურა, ასეთი
ხელოვნება, ასეთი ხატწერა არსად მინახავს. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ
დახვეწილია ქართველი ერის გული და ყოველი ერი ქმნის საკუთარ ავტოპორტრეტს. თქვენ
გახსოვთ, როცა ჩვენ წმინდა სამების ეს ბრწყინვალე ტაძარი ავაშენეთ, რომელიც
აკვირვებს მთელ მსოფლიოს, მაშინ ვთქვი, რომ ქართველმა ერმა შექმნა თავისი
ავტოპორტრეტი. ეს მოხდა იმ დროს, როდესაც ქართველ ერს უკიდურესად უჭირდა. ამიტომ
მჯერა, რომ მშვიდობიან დროს ჩვენ უკეთესს შევქმნით.

მინდა ასევე ვთქვა, რომ ჩვენ წინაშე კვლავ დგას მრავალი პრობლემა. ჩვენ არ უნდა
გვქონდეს კატეგორიული აზროვნება, არ უნდა ვიფიქროთ, რომ მხოლოდ ჩვენი აზრია სწორი
და სხვისი – არა. უნდა ვიცნობდეთ საკუთარ თავს. ძველ რომაელებს უთქვამთ: nosce te
ipsum – შეიცან თავი შენი; ამის მაგივრად კი ჩვენ ვიწყებთ სხვების „შეცნობას“. ამ
დროს ყველაზე მძიმე ღვაწლი სწორედ საკუთარ თავში ჩაღრმავება და საკუთარ თავზე
დაკვირვებაა. ყოველ ადამიანს გააჩნია სამი სახე: პირველი – როგორიც ვართ სხვა
ადამიანის თვალში, მეორე – რაც გვგონია, რომ ვართ და მესამე – რასაც სინამდვილეში
წარმოვადგენთ. ყველაზე ძნელი მისაღწევია საკუთარი თავის შემეცნება, დანახვა იმისა,
თუ ვინ ვართ, ვინ ვიყავით და საითკენ მივდივართ მომავალში.

იმედი მაქვს, რომ მადლი უფლისა გაამთლიანებს საქართველოს! გამთლიანდება ჩვენი
ქვეყანა, დაგვიბრუნდება აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი! აფხაზები და ოსები ჩვენთან
ერთად ბედნიერი იქნებიან. შევთხოვთ უფალს, რომ დამთავრდეს ეს განსაცდელი და ღმერთმა
მოიღოს თავისი წყალობა!

ყოველ შემთხვევას აქვს თავისი მეორე სახელი – ბედი. ჩანს, რომ ვერ ვიყავით სათანადო
სიმაღლეზე და ამიტომ დატრიალდა ეს ტრაგედია ჩვენს თავს. გაიხარე, აფხაზეთო,
გაიხარე, ცხინვალო! მადლი უფლისა გარდამოდის მთელ საქართველოზე და ჩვენ ყოველთა
ზედა! არასდროს გვიფიქრია, რომ თქვენ საქართველოს სხეულს მოწყვეტილი ნაწილი ხართ!
თქვენ ხართ ჩვენი სისხლი და ხორცი და ჩვენ მუდამ ერთად ვიქნებით! უნდა გვახსოვდეს,
რომ ეშმაკი ჰყოფს და ღმერთი აერთიანებს! გიხაროდეს, სრულიად საქართველო! წყალობა
უფლისა ჩვენ ზედა! მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და
მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყავნ თქვენ ყოველთა თანა საქართველოსა და მთელ
მსოფლიოზე, ამინ!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №34, 2010 წ.