საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ქადაგება სვეტიცხოვლობას (14 ოქტომბერი, 2009 წ.; სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარი)

14 ოქტომბერი
%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%95%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%aa%e1%83%ae%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90%e1%83%a1

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება სვეტიცხოვლობას

სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარი, 14 ოქტომბერი, 2009 წ.

„ახალი ტრაქტატით გამოვხატავთ ჩვენს ერთობას“

თქვენო უნეტარესობავ, მთავარეპისკოპოსო ვამინგტონისა, მიტროპოლიტო ამერიკისა და
სრულიად კანადისა, მეუფე იონა, ყოვლადსამღვდელონო მიტროპოლიტნო, მთავარეპისკოპოსნო
და ეპისკოპოსნო,
ჩვენო სულიერო შვილებო!

ჩვენთან არს ღმერთი!

დღეს ჩვენი დიდი ეროვნული და საეკლესიო დღესასწაულია, რომელსაც დიდი ზეიმით
აღვნიშნავთ. დღეს ვფიქრობთ ჩვენს წარსულზე, მის აწმყოსა და მომავალზე.
დარწმუნებულნი ვართ, რომ მადლი ღვთისა, რომელიც იცავდა საქართველოს ხილული და უხილავი მტრებისაგან, შინაური და უცხო ავადმოსურნეებისაგან, კვლავაც დაიცავს მას.
ამის დამადასტურებელი ნიშანი მრავალია საქართველოში. ქრისტეს შობამდე ჯერ კიდევ
6 საუკუნით ადრე საქართველოში ებრაელებმა წმინდა ელია წინასწარმეტყველის ხალენი
ჩამოაბრძანეს. საქართველო გახდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი. საქართველოში ჩამოიტანეს კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ქრისტიანობა გახდა
სახელმწიფო რელიგია ჯერ კიდევ IV საუკუნეში, V საუკუნეში კი ეკლესიამ უკვე
ავტოკეფალია მოიპოვა. მადლობა უფალს ამ დიდ წყალობათათვის.

ჩვენ ვიმყოფებით იმ წმინდა ადგილზე, სადაც დაკრძალულია კვართი უფლისა ჩვენისა იესო
ქრისტესი და ხალენი წმინდა ელია წინასწარმეტყველისა. საუკუნეთა მანძილზე ყოველ
მეფეს, პატრიარქსა და ქართველს მოუდრეკია მუხლი ამ წმინდა ტაძარში. ეს ის ტაძარია,
სადაც ისტორიულად ხდებოდა მეფეთა კურთხევა და დღემდე აკურთხებენ
კათოლიკოს-პატრიარქსა და მღვდელმთავრებს. ეს არის წმინდათაწმინდა ადგილი. ეს არის
გული საქართველოსი.

მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, თუ რამდენად ძვირფასია ჩვენთვის ჩვენი სამშობლო.
ჩვენს წინაპრებს უთქვამთ: „როგორც უფალი, სამშობლო ერთია ქვეყანაზედა“. ჩვენ ვიცავთ
ჩვენს ენას, ჩვენს მიწა-წყალს, ჩვენს კულტურას და ეს განსაკუთრებით საჭიროა დღეს, როცა მსოფლიოში არის გლობალიზაციის პროცესი. გლობალიზაცია –
ეს ჩვეულებრივი პროცესია და ამას ვერავინ შეაჩერებს.

ჩვენ ვართ სისხლი და ხორცი დავით აღმაშენებლისა და თამარისა, ჩვენ ვართ სისხლი და
ხორცი რუსთაველისა და ჩვენთა დიდთა წინაპართა. უნდა ვიცოდეთ, რამ გადაგვარჩინა.
ჩვენ გადაგვარჩინა ერთობამ, ერთსულოვნებამ. ჩვენ გვიცავდა და გვიცავს ჩვენი
სარწმუნოება და ჩვენი კულტურა, ჩვენი სულიერი და ინტელექტუალური ფასეულობანი. დღეს
ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გამოვხატოთ ჩვენი ერთობა, რომ ვართ ერთი სისხლი და ხორცი, ვართ ივერნი – ქართველნი და ჩვენ
მუდამ ერთად ვიქნებით. 200 წლის წინ მეფე ერეკლე II-ის ინიციატივით დაწერეს
„ივერიელთა ერთობის ტრაქტატი“, რომელსაც ხელი მოაწერეს თვით მეფემ, თავადებმა და
მთელმა მოსახლეობამ.

დღეს ვიწყებთ ხელმოწერას ახალი ტრაქტატის ფურცლებზე, რითაც გამოვხატავთ ჩვენს
ერთობას, ერთსულოვნებას, იმას, რომ ჩვენ ვართ ერთი სისხლი და ხორცი და მუდამ
დავიცავთ ჩვენს მიწაწყალს და საყვარელ სამშობლოს.

ამ ისტორიულ დღეს ჩვენს წირვა-ლოცვაში მონაწილეობა მიიღო ამერიკის მართლმადიდებელი
ეკლესიის მეთაურმა, მთავარეპისკოპოსმა ვაშინგტონისა, სრულიად ამერიკისა და კანადის
მიტროპოლიტმა, უნეტარესმა იონამ. მინდა ვთქვა, რომ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ
მართლმადიდებელ ეკლესიასა და ამერიკის მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიას შორის
არის ჭეშმარიტად ძმური და მეგობრული ურთიერთობები. ჩვენი წმინდა სინოდის,
სამღვდელოების, მრევლისა და პირადად ჩემი სახელით, გულითადად მივესალმები უნეტარეს
იონას და მინდა გამოვთქვა ჩემი სურვილი, რომ ჩვენი ურთიერთობა უნდა განმტკიცდეს,
ავიდეს ახალ სიმაღლეზე, როგორც ამას ჩვენი სარწმუნოება ითხოვს.

ღმერთმა დალოცოს ჩვენი პატივცემული სტუმარი და მისი თანმხლები პირები. კეთილი იყოს
თქვენი მობრძანება საქართველოში, ამინ!

დიდად მოხარული ვართ, რომ ჩვენთან იმყოფება ამერიკის ეკლესიის მეთაური. ღმერთმა
დალოცოს, გაახაროს, გააძლიეროს ამერიკის ეკლესია და მისი საჭეთმპყრობელი.

გაგაცნობთ ივერიელთა ერთობის ტექსტს.

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,
უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით
მსგავსად „ივერიელთა ერთობის ტრაქტატისა“ (1790 წ.) შეიქმნა

ღვთისმშობლის წილხვედრი სრულიად საქართველოს და
ყოველთა ივერიელთა ერთობის ახალი ტრაქტატი (2009-2010 წწ.)

დიდება და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის!

ვინაიდან ივერიის ყოველნი მკვიდრნი,
მცხოვრებნი აფხაზეთს, აჭარას, გურიას, თუშეთს, იმერეთს, კახეთს, ლაზეთს, მესხეთს,
მთიულეთს, ოდიშს, რაჭა-ლეჩხუმს, სვანეთს, ფშავ-ხევსურეთს, ქართლს, ხევსა და ჰერეთს
და ჩვენი სახელმწიფოს საზღვრებს გარეთ მყოფნი თანამოძმენი ვართ შთამომავალნი ერთი
წინაპრისა, საუკუნეთა წინ ერთ ერად ჩამოყალიბებულნი, მრავალფეროვნებით გამორჩეული
ერთი ენისა და კულტურის მქონენი, ნათესაობითა და მოყვრობით შესისხლხორცებულნი და
ასევე ამ ქვეყნის გულშემატკივარი ყოველნი შვილნი მისნი და თანამდგომნი

საქვეყნოდ
ვაცხადებთ:

კვლავაც განვამტკიცებთ ჩვენს საუკუნო ერთობას და ყოვლადძლიერი ღმერთის
სახელით აღვუთქვამთ საქართველოს ერთგულებას, ერთმანეთს კი – მტკიცე თანადგომასა და
სიყვარულს, გამოხატულს ჩვენსა აზრსა და ქმედებაში, რათა თითოეულმა ჩვენგანმა, გმირი
წინაპრების მსგავსად, დავიცვათ ჩვენი მიწა-წყალი და ტრადიციები, ჩვენი თავისუფლება და ღირსება.