საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ქადაგება საჯარო ნათლობაზე (19 იანვარი, 2008 წ.)

19 იანვარი
%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%af%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%9d-%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%97%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90%e1%83%96

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება საჯარო ნათლობაზე

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 19 იანვარი, 2008 წ.

„დღეს ჩვენს სიხარულს საზღვარი არ
აქვს, რადგან უფალმა ინება და გვიბოძა ეს დიდი ზეიმი“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ყველას გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს – ნათლისღებას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
დღეს ორმაგი ზეიმი გვაქვს – ამ ბრწყინვალე დღესასწაულზე ვნათლავთ ბავშვებს,
რომლებიც გახდებიან კათოლიკოს-პატრიარქის ნათლულები. ეს არის უდიდესი მოვლენა
საქართველოს ეკლესიის ისტორიაში და ამასთან, – პირველი შემთხვევა.

„დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი“. წმინდა მამები ამბობენ, რომ
ნათლობა – ეს არის მეორე შობა, ეს არის განთავისუფლება პირველქმნილი ცოდვისაგან (ადამისა და ევას შეცოდებისგან) და ასევე
პირადი ცოდვებისაგან, ეს არის დასაბამი ქრისტესმიერი სიყვარულით, რწმენითა და
სასოებით ახალი ცხოვრებისა.

ყველა ქრისტიანს უნდა ახსოვდეს, თუ რა მოვალეობა აკისრია მშობელს, ნათლიას,
ნათლულს. უპირველეს ყოვლისა, მონათლული მართლმადიდებელი ქრისტიანი უნდა
გამოირჩეოდეს თავისი მტკიცე რწმენითა და თავდადებული სიყვარულით. ადამიანმა თავისი
ცხოვრებით უნდა შექმნას სულიერი ჯვარი – ეს არის სწრაფვა ღვთისაკენ და სწრაფვა
ადამიანებისაკენ. ეს არის უდიდესი ღვაწლი.

შევთხოვ უფალს, რომ ჩემი ნათლულები, რომლებსაც დღეს ვნათლავთ და ვლოცავთ, აღზარდოს
უფალმა განსაკუთრებულ თავდადებულ მამულიშვილებად. ღმერთმა მისცეს მათ დღეგრძელობა
და ჯანმრთელობა, განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა თვისისა. ღმერთმა
მისცეს მათ უნარი სიკეთის კეთებისა, მისცეს – მშვიდობა, სიხარული და სიყვარული.

ნათლისღება – ეს არის უდიდესი საიდუმლო. იგი განსაკუთრებულია დღევანდელ დღეს,
როდესაც აღესრულება საჯარო ნათლობა და ხუთასზე მეტი ახალშობილი პატრიარქის ნათლული
ხდება.

ძალიან დიდი ძალა აქვს სარწმუნოებას. რაოდენ საჭიროა ქვეყანასა ზედა მშვიდობა და
კაცთა შორის სათნოება! რამდენად საჭიროა, რომ ადამიანმა თესოს სიკეთე! მაშინ იგი
ათმაგად და ასმაგად დაუბრუნდება მას. თქვენ უნდა გამოირჩეოდეთ სიკეთით. დავლოცავ
ყოველ თქვენგანს, ჩვენს შვილებს, ჩემს ნათლულებს.

თქვენ მუდამ გექნებათ ჩემთან კავშირი. დღეს ჩვენს სიხარულს არ აქვს საზღვარი,
რადგან უფალმა ინება და გვიბოძა ეს დიდი ზეიმი.

ღმერთმა დალოცოს ახლად ნათელღებულნი და ღმერთმა ინებოს მათი სიკეთე, ჯანმრთელობა და
მრავალჟამიერი სიცოცხლე!

ყველას გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს და განსაკუთრებით ვულოცავ მშობლებს. თქვენ უნდა
ასწავლოთ ბავშვებს მამისა და დედის პატივისცემა და სიყვარული. მცნებაში ნათქვამია:
„პატივ ეც მამასა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო
ქვეყანასა ზედა“. ადამიანი რომ ბედნიერი იყოს დედამიწაზე, განსაკუთრებული პატივი
უნდა სცეს მშობლებს და უფროს ადამიანებს. ამ შემთხვევაში კეთილად წარიმართება მისი
ცხოვრება და იგი დღეგრძელი და დალოცვილი იქნება.

ღმერთო, დალოცე ახლად ნათელღებულნი!

გარდამოიხილე ზეცით, ღმერთო, და მოხედე ვენახსა ამას და განამტკიცე ესე, რომელ
დაასხა მარჯვენემან შენმან. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №2, 2008 წ.