საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ქადაგება საღამოს ლოცვაზე (16 ნოემბერი, 2001 წ.)

16 ნოემბერი
%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a1-%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%aa%e1%83%95%e1%83%90%e1%83%96%e1%83%94

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება საღამოს ლოცვაზე

სიონის საკათედრო ტაძარი, 16 ნოემბერი, 2001 წ.

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

უძველესი დროიდან, ჯერ კიდევ 6 საუკუნით ადრე ქრისტეს შობამდე, ნაბუქოდონოსორის
მიერ ისრაელის დარბევის ჟამს, ებრაელი ერის ერთმა ნაწილმა თავი საქართველოს
შეაფარა. მათ მაშინ თან ჩამოიტანეს უდიდესი სიწმიდე, დიდი სულიერი საუნჯე – ხალენი
წმიდა ილია წინასწარმეტყველისა, რომელიც დიდ სვეტიცხოველშია დაკრძალული.

პირველ საუკუნეში, ისევ ისრაელის შვილებმა, საქართველოში ჩამოაბრძანეს კვართი
უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. და აი, დღეს, ისევ ებრაელთა ერის წარმომადგენელმა,
ბატონმა ბადრი პატარკაციშვილმა საქართველოში ჩამოაბრძანა ხატი ყოვლადწმიდისა
ღვთისმშობლისა და ფრესკა იერუსალიმის ჯვრის მონსტრისა, რომლებიც იტალიაში, ერთ-ერთ
კერძო კოლექციაში ინახებოდა.

ჩვენი ეკლესიის, ქართველი ერის სახელით, დიდ მადლობას ვწირავთ ბატონ ბადრის ამ
დიდი წყალობისა და დიდი ისტორიული საქმისათვის, რაც ამავე დროს, სიმბოლოა ჩვენი
უძველესი ერების ურთიერთკავშირისა. ასევე მადლობას მოვახსენებთ ბატონ ვაჟა
ლორთქიფანიძეს და ყოველ მათგანს, ვინც მონაწილეობა მიიღო და თავისი წვლილი შეიტანა
ამ საღვთო საქმის აღსრულებაში. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამა ზეციერმა!

მინდა მოგახსენოთ, რმო წმიდა სამების მშენებარე საკათედრო ტაძრისათვის დაიწერა
ხატი ყოვლადწმიდისა სამებისა. დღეს საპატრიარქო რეზიდენციაში შედგა  მისი
კურთხევა, საიდანაც ხვალ, დილის 9 საათზე, ფეხით წამოვაბრძანებთ სიონის საკათედრო
ტაძარში. აქ დროებით იქნება დაბრძანებული, შემდეგ გადასვენდება სვეტიცხოველში და
როცა დასრულდება წმიდა სამების ტაძრის მშენებლობა, იქ დაბრძანდება. ეს იქნება
მთავარი ხატი ამ საკათედრო ტაძრისა. ასე რომ, დილით, 9 საათზე, თქვენ შეგიძლიათ
მობრძანდეთ საპატრიარქო რეზიდენციაში, რათა ხელით გადმოვაბრძანოთ ეს ხატი სიონის
საკათედრო ტაძარში.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ. ღმერთმა დალოცოს, გაახაროს და გაამთლიანოს
სრულიად საქართველო, ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №47, 2001 წ.