საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ქადაგება საქართველოს სხვადასხვა რაიონიდან ჩამოყვანილი მშობლების მზრუნველობას მოკლებული ბავშვების დალოცვისას (29 სექტემბერი, 2001 წ.; წმიდა სამების მშენებარე ტაძარი)

29 სექტემბერი
%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%ae%e1%83%95

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება საქართველოს სხვადასხვა რაიონიდან ჩამოყვანილი
მშობლების მზრუნველობას მოკლებული ბავშვების დალოცვისას

წმიდა სამების მშენებარე ტაძარი, 29 სექტემბერი, 2001 წ.

ძვირფასო მასწავლებლებო და ბავშვებო, ჩვენო შვილებო, მოხარულნი ვართ, რომ
ჩამობრძანდით თბილისში და ახლა საქართველოს ყველაზე დიდ ტაძარში, წმიდა სამების
სახელობის მშენებარე ეკლესიაში იმყოფებით. ეს ტაძარი ქრისტიანობის 2000 წლისთავთან
დაკავშირებით იგება და მას მთელი საქართველო აშენებს.

თქვენ იცით, რომ საქართველოში ქრისტიანობა პირველი საუკუნიდან შემოვიდა, ხოლო IV
საუკუნეში უკვე სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. ღვთის განგებით, ჩვენს ქვეყანაში
პირველ საუკუნეშივე ჩამოიტანეს კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და საქართველო
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი გახდა. ასეთი დიდი მადლი და წყალობა მიანიჭა
უფალმა საქართველოს. ამიტომაც უნდა ვიყოთ მართლმადიდებელი ქრისტიანები და მარად
გვახსოვდეს, რამ გადაარჩინა ჩვენი სამშობლო. იგი იხსნა ღმერთმა, მართლმადიდებელმა
სარწმუნოებამ. ამგვარი გზით უნდა ვიაროთ ჩვენც.

თქვენ იცით, რომ ამ ბოლო წლებში უცხოეთიდან საქართველოში სხვადასხვა სექტა
შემოდის. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ეს არის განსაცდელი, ეს არის ხაფანგი
ბოროტი სულისა. ჩვენ ვიყავით, ვართ და ვიქნებით მართლმადიდებელი ქრისტიანები.
ღმერთმა ინებოს, რომ ძალიან მალე შედგეს ამ წმიდა ტაძრის კურთხევა და თქვენც
დაესწროთ მას.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ! ხშირად ჩამოდით თბილისში. თქვენ
იცით, რომ ეს ტაძარი არის წმიდა სამების სახელობის. ერთად შეკრული ხელის პირველი
სამი თითი წარმოადგენს წმიდა სამების სიმბოლოს. ახლა ყველამ ერთად გადავიწეროთ
პირჯვარი და ჩემთან ერთად გაიმეორეთ სიტყვები: „სახელითა მამისათა, და ძისათა, და
წმიდისა სულისათა. ამინ. სახელითა მამისათა, და ძისათა, და წმიდისა სულისათა. ამინ.
სახელითა მამისათა, და ძისათა, და წმიდისა სულისათა. ამინ“. ამჯერად რასაც ვიტყვი,
ისიც გაიმეორეთ: „უფალო, დიდება შენდა! გადაარჩინე საქართველო! უფალო, დიდება
შენდა! გადაარჩინე საქართველო! უფალო, დიდება შენდა! გადაარჩინე საქართველო! ამინ“.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ. თქვენთან ერთად ღმერთმა დალოცოს მთელი საქართველო!

ბავშვებო, მე გაძლევთ დავალებას: დილას, როცა ადგებით და პირს დაიბანთ,
აუცილებლად ილოცეთ. პირველი ლოცვა კი ასე თქვით: „უფალო, დიდება შენდა! გადაარჩინე
საქართველო!“ ჯერ საქართველოსთვის ილოცეთ, მერე თქვენი თავისთვის, მშობლებისა და
ახლობლებისთვის.

იხარეთ ორსავე სოფელსა შინა!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №40, 2001 წ.