საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ქადაგება საახალწლო პარაკლისზე (14 იანვარი, 2006 წ.; სიონის საპატრიარქო ტაძარი)

14 იანვარი
%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%ac%e1%83%9a%e1%83%9d-%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%99

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება საახალწლო პარაკლისზე

სიონის საპატრიარქო ტაძარი, 14 იანვარი, 2006 წ.

„ჩვენი უპირველესი საზრუნავი და ლოცვა უნდა იყოს
სამშობლოსათვის, სამშობლოს გამთლიანებისათვის“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

გილოცავთ ახალ წელს!

ბედნიერება, სიხარული, სიყვარული სუფევდეს თქვენთან და მთელ საქართველოში, მთელ
მსოფლიოში!

ახალ წელს ჩვენ ვუსურვებთ ერთმანეთს ბედნიერებას, მაგრამ არ ვფიქრობთ იმაზე, თუ
რა არის ბედნიერება. იბადება ახალი იდეები, ახალი აზრები, ახალი იმედი, სულ რაღაცას
ველოდებით; თუმცა, ველოდებით სხვებისაგან და არ ვფიქრობთ იმის შესახებ, თუ რა უნდა
ვაკეთოთ ჩვენ.

იყო ერთი ასეთი დიდი პიროვნება, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯონ
კენედი. თქვენ გახსოვთ, იგი მოკლეს. როცა ის ამერიკის პრეზიდენტად აირჩიეს, მან
წარმოთქვა ისტორიული სიტყვები: „თქვენ ნუ იფიქრებთ იმაზე, თუ რა უნდა გაგიკეთოთ
ამერიკამ, არამედ იფიქრეთ იმაზე, თუ რა უნდა გაუკეთოს თითოეულმა თქვენთაგანმა
ამერიკას.“ ეს სიტყვები მეტად მნიშვნელოვანია. ჩვენ ყველანი იმაზე ვფიქრობთ, თუ რა
უნდა გააკეთოს ჩვენთვის მთავრობამ, ან ჩვენმა ახლობლებმა, ან მეგობრებმა, ან
მშობლებმა ან შვილებმა, მაგრამ რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ საქართველოსათვის, – ამაზე
თითქმის არ ვფიქრობთ.

რა არის ბედნიერება? მახსენდება ჩემი მსახურების წლები აფხაზეთში. ჩვენ გვყავდა
ერთი მონაზონი, რომელიც უდაბნოში, გამოქვაბულში ცხოვრობდა. როცა ვეკითხებოდი:
„როგორ ბრძანდებით?“ იგი მპასუხობდა: „მეფესავით ვარო.“ მას თითქმის არაფერი
ჰქონდა, სულ მარხულობდა და მოღვაწეობდა და ამისი პირობებიც კი არ ჰქონდა.
მიუხედავად ამისა საოცარი შინაგანი სიმშვიდე და კმაყოფილება ჰქონდა, – მეფესავით
ვარო, გულწრფელად ამბობდა. მე ვფიქრობ, ბედნიერება არ არის დამოკიდებული არც მხოლოდ
ფულზე, არც სახლებზე, არც მანქანებზე … ბედნიერი ადამიანი ის არის, ვინც სწორად
ცხოვრობს და თავისი ცხოვრებით კმაყოფილია; ბედნიერი ადამიანი ის არის, ვინც სხვა
ადამიანებს სიხარულს და სიყვარულს ანიჭებს. ალბათ, საკუთარ თავზე გამოგიცდიათ, როცა
რაიმეს გავცემთ, თითქოს რაღაც გვაკლდება, მაგრამ ადამიანის გულში ისეთი სიხარული
შემოდის, რომ აღემატება იმას, რასაც გასცემ. ეს არის წინათგრძნობა იმ სიხარულისა,
რომელსაც გიმზადებს შენ უფალი სასუფეველში.

ადამიანის გული არის ასპარეზი სიკეთისა და ბოროტების ბრძოლისა. და თქვენ, ალბათ,
გამოგიცდიათ საკუთარ თავზე, – მიდიხართ ქუჩაში და ზის გაჭირვებული ადამიანი და
თხოულობს, შესაძლოა, ცოტა ნასვამიც იყოს და თქვენს გულში იწყება ბრძოლა: მივცე თუ
არ მივცე. ერთი ხმა ამბობს: მიეცი, – მეორე კი გეუბნება: ნუ მისცემ, იმიტომ რომ
ისევ დალევს. მაგრამ შენ რომ არ მისცე, ის რა, სმას თავს დაანებებს? ის ხომ მაინც
დალევს თუ ამის მიდრეკილება აქვს.

შესაძლოა, ასეთი ბრძოლაც გქონდეთ, როცა ჩაუვლით მათხოვარს და არც კი შეხედავთ.
მაგრამ მერე დაბრუნდებით უკან და მოწყალებას მისცემთ. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენში
სიკეთე იმარჯვებს. თქვენი ანგელოზი მფარველი, რომელიც უხილავად თან დაგყვებათ, –
გეხმარებათ ამ უხილავ ბრძოლაში.

ჩვენ დღეს ძალიან ხშირად ვლაპარაკობთ გაჭირვებაზე. მაგრამ არსებულა კი ისეთი
დრო, როცა გაჭირვება არ ყოფილა? მახსენდება ჩემი მშობლების მონაყოლი. ზოგჯერ ოჯახს
პური ჰქონია და ყველი არა. მაგრამ თავმოყვარენი იყვნენ და არ სურდათ, რომ მეზობლებს
მათი გაჭირვება შეეტყოთ, ამიტომ პურთან ბროლის ქვებს აწყობდნენ რომ სხვებს მათი
გაჭირვება არ ეგრძნოთ.

ოჯახები ერთოთახიან ბინაში ცხოვრობდნენ და 7-8-10 შვილს ზრდიდნენ. და მათგან
დიდი მეცნიერები, დიდი პიროვნებები, თავმდაბალი, მშრომელი ადამიანები გამოდიოდნენ.
ამიტომ ნუ ვიფიქრებთ, რომ წარსულში იყო მხოლოდ კარგი და ახლა ცუდია. თავისი
დადებითი და უარყოფითი მხარეები მუდამ გააჩნია ყველა დროს, ყოველ წელიწადს და ჩვენ
ვიფიქროთ იმაზე, თუ რა უნდა ვაკეთოთ.

ჩვენ ქართველები, უკვე 2000 წელია, ქრისტიანები ვართ და უნდა გვახსოვდეს, რომ
რასაც სხვებს აპატიებს უფალი, ჩვენ არ გვაპატიებს, იმიტომ რომ დიდი მადლი მოგვცა.
ხოლო ვისაც უფალი მადლს ანიჭებს, მას ბევრიც მოეკითხება
– იქნება ეს ერი თუ ცალკეული ადამიანი. მთავარია, იმედი არ დავკარგოთ. სიძნელეებს
არ შევუშინდეთ. დედაჩემი გვარიგებდა, სიღარიბეს არ შეეჩვიოთო, სიღარიბემ შეჩვევა
იცისო. საჭიროა შრომა, საჭიროა ფიქრი, მოქმედება. ერთი საქმე თუ არ გამოგდის, მეორე
საქმე წამოიწყე, მერე მესამე და ა. შ. ბოლოს აუცილებლად გაგიმართლებს. ახლა
გავრცელებულია ისეთი საშინელი სენი, როგორიცაა ქათმის გრიპი და შესაძლოა,
ადამიანები დაიხოცონ. ამანაც არ უნდა შეგვაშინოს.

მივენდოთ უფალს და მტკიცე რწმენით შევხვდეთ ხვალინდელ დღეს.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. ღმერთმა მშვიდობა, სიხარული მოგცეთ. ჩვენ უნდა
გვახსოვდეს, რომ რაც უფრო მეტს გავცემთ სიყვარულს, მით უფრო მეტს გვიბოძებს უფალი
სიხარულს! ღმერთმა დალოცოს, გაახაროს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად
საქართველო!

ჩვენი უპირველესი საზრუნავი და ლოცვა უნდა იყოს სამშობლოსათვის, სამშობლოს
გამთლიანებისათვის. აი, ასეთი ლოცვა-კურთხევა გეძლევათ დღეს თქვენ ამ ახალ წელს.

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №4(357),
2006 წ.