საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ქადაგება პეტრე-პავლობის დღესასწაულზე (12 ივლისი, 2001 წ.)

12 ივლისი
%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%9e%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%94-%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-5

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება პეტრე-პავლობის დღესასწაულზე

სიონის საკათედრო ტაძარი, 12 ივლისი, 2001 წ.

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ამ ქვეყანაზე ყველაფერი იცვლება: იცვლება თავად ადამიანი, მისი სულიერი და
ფიზიკური სამყარო, ზნეობა. ჯერ კიდევ ძველ რომაელებს უთქვამთ: „Tempore mutantur,
entnos mutamur in ilis“, რაც ნიშნავს: „დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან
ერთად“. მაინც, რაზეა დამოკიდებული ეს ცვალებადობა? თქვენ იცით, რომ ადამიანი
შექმნილია ხატად და მსგავსად ღვთისა და იგი უსათუოდ უნდა წარემართებოდეს
სრულყოფილებისაკენ. უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „იყავით სრულ, ვითარცა მამაი
თქვენი ზეცათაი სრულ არს“. ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანის სრულყოფა დაუსრულებელია.
ზუსტად ზეციერი მამის მსგავსი ადამიანი ვერასდროს გახდება, მაგრამ უფლის ეს
სიტყვები არის მინიშნება იმისა, რომ ადამიანი უნდა დაადგეს სრულყოფისკენ მიმავალ
გზას. ეს გზა ძალიან რთული, მძიმე და ვიწროა, მაგრამ ერთადერთია გადარჩენისთვის,
სამაგიეროდ, ვნებების და ცოდვის გზა, რომელიც დამღუპველია, პირიქით, ფართოა.
არასწორ არჩევანს კი ადამიანი ჯოჯოხეთში მიჰყავს.

უფლისაკენ მიმავალი ადამიანის შეხედულება ცოდვის მიმართ თანდათან იცვლება.
მაგალითისთვის თუნდაც წმიდა მარიამ მეგვიპტელისა და ღირსი დედა თეოდორას ცხოვრებათა
დასახალებაც კმარა. ისინი ცოდვაში ჩავარდნენ, მაგრამ იმდენად ძლიერი იყო მათში
სინანული, რომ ანგელოზურ ცხოვრებას მიაღწიეს. ეს ადამიანები ხედავდნენ, რომ ცოდვაში
იმყოფებოდნენ და ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რათა განსაცდელიდან გამოსულიყვნენ.
ღირსი მამა ეფრემ ასური ამბობს: „ჰე, უფალო, მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა და
არა განკითხვად ძმისა ჩემისა“. ალბათ ყველაზე მთავარია, რომ ადამიანს ჰქონდეს
საკუთარი ცოდვების განცდის უნარი, მაგრამ ადამიანს ვერასდროს ექნება მსგავსი
განცდა, თუკი ვერ დაინახა იგი. ძალიან ხშირია შემთხევა, როცა ადამიანი ცოდვაში
ვარდება და ამ მდგომარეობაში ყოფნა მას ბუნებრივ მოვლენად მიაჩნია: „მერე რა?
სხვებიც ასე ცხოვრობენ“ – აცხადებენ მსგავსნი. მაგრამ სხვა თუ იღუპება, შენ არ უნდა
დაიღუპო. ერთხელ მოხვედი ამქვეყნად და უნდა გახსოვდეს, რომ ეს ცხოვრება გამოცდაა.
თქვენ გახსოვთ ქართული ხალხური სიმღერა – „გადი-გამოდი გუთანო“, იქ არის
შესანიშნავი შეძახილი: „ბიჭებო, გავედით ბოლოს!“ ყოველი ადამიანი ბოლოს უნდა
გავიდეს, შუაში არ უნდა დარჩეს. ის ჯვარი, რომელიც უფალმა მოგვცა, ბოლომდე უნდა
მივიტანოთ, სამარის კარამდე, სინანულით, სიმშვიდით, თავმდაბლობით, მორჩილებით. აი,
ეს უნდა იყოს ყოველი ადამიანის მიზანი, მიუხედავად იმისა, რომ ამქვეყნიური ცხოვრება
ძალიან რთულია და მძიმე. ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში ამბობს მართალი იობი: „ყოველი
ადამიანის ცხოვრება გამოცდაა“. გაიხსენეთ, რამდენი ტანჯვა გამოიარა მან და მაინც
მადლობდა უფალს, იმედი ჰქონდა ღვთის დიდი მოწყალებისა, რის გამოც უფალმა დაუბრუნა
მას ყველაფერი, რაც წაიღო მისგან.

დღეს დიდი დღესასწაულია – მოციქულთა თავთა – პეტრესა და პავლეს ხსენება. ეს
საოცარი მოციქულები უდიდესი რწმენითა და სიყვარლით იყვნენ აღვსილნი, თუმცა
ჩვეულებრივი ადამიანების მსგავსი უძლურებებიც ჰქონდათ. თქვენ გახსოვთ, როცა უფალი
იესო ქრისტე მღვდელმთავრებთან ანასთან და კაიაფასთან შეიყვანეს, ამ დროს პეტრე
მოციქულს ვიღაც მსახურმა ჰკითხა: „შენც ხომ მისი მოწაფე ხარ?“ პეტრემ უარი
განაცხადა მაცხოვრის ნაცნობობაზეც კი, ამის შემდეგ მან კიდევ ორჯერ უარჰყო მხსნელი.
მიუხედავად იმისა, რომ მას მტკიცე რწმენა და ძლიერი სიყვარული ჰქონდა, მაინც
შეშინდა, რითაც თავისი ადამიანური სისუსტე გამოავლინა. სახარებაში წერია, რომ
მესამე უარყოფის შემდეგ, როდესაც იგი მარტო დარჩა, მწარედ ატირდა, რადგან გაახსენდა
მაცხოვრის სიტყვები: „ვიდრე ქათმის ხმობამდე სამ გზის უარმყო მე“. პეტრე მოციქულის
ცხოვრებაში აღნიშნულია, რომ ყოველ დილით, როცა იგი მამლის ყივილს გაიგონებდა,
მოაგონდებოდა თავისი საშინელი ცოდვა და მწარედ ტიროდა, ყოველდღე ინანიებდა ამ
ცოდვას.

თქვენ გახსოვთ, როცა მენელსაცხებლე დედებს ანგელოზები გამოეცხადნენ, მათ ასეთი
სიტყვები უთხრეს: „წადით, უთხარით მოციქულებს, მოწაფეებს და პეტრეს“, აქედან
გამომდინარე, ჩანს, რომ მას შემდეგ, რაც პეტრემ უარჰყო უფალი, მის მოციქულად უკვე
აღარ ითვლება. ეს წოდება შემდეგ უბრუნდება პეტრეს, კერძოდ მაშინ, როცა უფალი
შეხვდება მას და ეტყვის: „სვიმონ იონასო, გიყვარ მეა?“ სამჯერ მიმართავს ამ კითხვით
მაცხოვარი პეტრეს და ასეთ პასუხს ურთავს: „დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი“. „აძოვენ
კრავნი ჩემნი!“ ამ დროს ხდება პეტრეს კვლავ შეერთება მოიცუქულთა დასთან. უწინ, როცა
პეტრემ აღიარა უფალი – „შენ ხარ ქრისტე – ძე ღვთისა ცხოველისა“, მაცხოვარი
პასუხობს: „შენ ხარ კლდე და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი
ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“. აი, ასეთი მოციქული შეშინდა, მაგრამ ისევ
სინანულით დაიბრუნა მან მოციქულის წოდება.

შემდგომში პეტრე მოციქული საქადაგებლად რომში ჩავიდა, სადაც ქრისტიანების
სასტიკი დევნა იყო გაჩაღებული. ქრისტიანები პეტრეს, როგორც მთავარი მოციქულისა და
მათი მეთაურის გამო განსაკუთრებით შიშობდნენ, რომ არ შეეპყროთ. ამიტომ სთხოვეს,
რომიდან წასულიყო. პეტრემ დაუჯერა მოწაფეებს და გარიჟრაჟზე რომიდან გავიდა. როცა
ქალაქიდან გადიოდა, დაინახა, რომ ქალაქში ვიღაც შემოდის, მიუახლოვდა მას და იხილა
უფალი ჩვენი იესო ქრისტე ჯვრით მხრებზე. თქვენ იცით, უფალი იმ დროს უკვე ზეცად იყო
ამაღლებული. პეტრემ რომში მიმავალ უფალს ჰკითხა: „ვიდრე ხვალ?“ – ე.ი. „სად
მიდიხარ?“ მაცხოვარმა უპასუხა: „მივდივარ რომში, რათა მეორედ ვეცვა ჯვარს“ და
გაქრა. ეს იყო ნიშანი იმისა, რომ პეტრე მოციქული რომში უნდა დაბრუნებულიყო, სადაც
მისი ჯვარცმა მოხდებოდა. ეს მართლაც ასე აღსრულდა. შეიპყრეს პეტრე მოციქული და როცა
მისი ჯვარცმა გადაწყდა, იგი სულიერად უკვე იმდენად ძლიერი იყო, იმდენად დიდი
გახლდათ მისი რწმენა და სიყვარული, რომ ეს ცხოვრება მისთვის უკვე აღარაფერს
ნიშნავდა და თავის მტანჯველებს განუცხადა: „მე არა ვარ ღირსი, რომ ისე მაცვათ
ჯვარს, როგორც უფალი, ამიტომ თავდაღმა გამაკარითო“. მართლაც, შეუსრულეს მისი ბოლო
თხოვნა. აი, ასე აღესრულა იგი.

სულიერად საოცრად ძლიერი იყო პავლე მოციქულიც. ისიც რომში ეწამა. პავლე მოციქული
რომის მოქალაქე გახლდათ, რაც მაღალ წოდებად ითვლებოდა და შთამომავლობით
გადაეცემოდა. რადგან ჯვარცმა რომის მოქალაქისათვის სამარცხვინო სასჯელად ითვლებოდა
და ხელისუფლებას ამის ნება არ ჰქონდა, ამიტომ მას თავი მოჰკვეთეს.

პავლე მოციქული თავის ერთ-ერთ ეპისტოლეში აცხადებს: „დრონი ბოროტნი არიანო“. იგი
ამას თავის დრზე ამბობს. იგი ვერც წარმოიდგენდა ჩვენს დროს, ვერც იფიქრებდა, რომ
ასეთი ჟამი დადგებოდა. სწორედ ჩვენს დროზე შეიძლება ითქვას, რომ დრონი მართლაც
ბოროტნი არიან. რა რთული და რა მძიმე პერიოდია ახლა. მდინარე თერგი თუ გინახავთ,
მას ქვები მოაქვს და მასში ჩამდგარ კაცს ფეხებს ამტვრევს. სწორედ ასეთია ეს
ცხოვრებაც და ადამიანმაც სულ წინ უნდა იაროს, დიდების საპირისპიროდ, რათა გახდეს
მკვიდრი სასუფევლისა.

ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწულს! უპირველეს ყოვლისა, შევთხოვ უფალს, რომ
განამტკიცოს ჩვენში ჭეშმარიტი სარწმუნოება და სიყვარული. უფალმა მოგვმადლოს
სასოება!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №29, 2001 წ.