საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ქადაგება პეტრეპავლობის დღესასწაულზე (12 ივლისი, 2010 წ.; ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი)

12 ივლისი
%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%9e%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება პეტრეპავლობის დღესასწაულზე

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 12 ივლისი, 2010 წ.

„…ხშირად ადამიანი დაკავებულია ისეთი წვრილმანი
საქმით,
რომელსაც მისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს –
არც ამქვეყნიურ და არც მომავალ, ზეციურ ცხოვრებაში…
ასე კარგავს ადამიანი ძვირფას დროს ამაო საქმეებში“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს – წმინდა მოციქულების – პეტრესა და
პავლეს ხსენებას, რომელთაც „ყოვლისა სოფლისა მოძღვარნი“ ეწოდებათ და არაან
მაგალითნი ადამიანის თავდადებული სარწმუნოებისა და სიყვარულისა!

ადამიანი ცვალებადია. სახარებაში ნათქვამია, რომ პეტრე მოციქული შეუშინდა უბრალო
ადამიანებს, ჩვეულებრივ მსახურებს, რომელთაც იცნეს იგი, რადგან სიკვდილის შეეშინდა.
მაგრამ შემდეგ, ღვთის მადლით, ისე შეიცვალა, რომ როცა დადგა დრო მისი ჯვარცმისა,
თქვა: მე ღირსი არ ვარ, ისე ვეცვა ჯვარს, როგორც მაცხოვარი, – მაცვით ჯვარს
თავდაყირა. წარმოიდგინეთ, როგორი ფერისცვალებაა!

ძველი რომეაელები ამბობდნენ: tempora mutantur en tus mutamur in illis – დრონი იცვლებიან და
ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად. ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც იცვლება
სიკეთისაკენ, რომელიც ხდება მაგალითი სხვა ადამიანებისთვის, რომელიც ხედავს სხვის
გაჭირვებას და შეეწევა მას.

გავიხსენოთ პავლე მოციქული: როგორი იყო იგი? პავლეს ხსენებაზე, – მაშინ მას სავლე
ერქვა, – ხალხს შიში იტანდა, იმიტომ რომ სასტიკად დევნიდა ქრისტიანებს. მაგრამ
გავიდა დრო და სავლე იქცა პავლედ, – თავდადებულ მოციქულად! ისიც სიკვდილით დასაჯეს
ქრისტეს რწმენისთვის, მაგრამ რადგან იგი რომის მოქალაქე იყო, მისი წოდებისთვის
ჯვარცმა შეუფერებლი, დამამცირებელი სასჯელი იქნებოდა და ამიტომ მას თავი მოჰკვეთეს.
თქვენ გახსოვთ, რომის მოქალაქეობა მეტად საპატიო წოდებად იყო მიჩნეული, ჯვარცმით კი
მაშინ უბრალო ხალხი ისჯებოდა ყველაზე მძიმე დანაშაულის გამო.

დღეს კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ ჩვენს წარსულზე, დღევანდელ დღესა და მომავალზე.
ხშირად ადამიანი დაკავებულია ისეთი წვრილმანი
საქმით, რომელსაც მისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს – არც ამქვეყნიურ და არც
მომავალ, ზეციურ ცხოვრებაში… ასე კარგავს ადამიანი ძვირფას დროს ამაო საქმეებში.
მაგრამ არიან ისეთნიც, რომლებიც ხედავენ, სად არის სულიერი ან ეროვნული
ფასეულობანი, – რა არის მთავარი და რა – ნაკლებად მნიშვნელოვანი. …მადლობას
ვწირავ უფალს მისი დიდი წყალობისათვის, რადგან მოგვანიჭა გარჩევა კეთილისა და
ბოროტისა!

ახლა ყველამ ერთად ვიგალობოთ ტროპარი პეტრესი და პავლესი:

„მოციქულთა თავნო და ყოვლისა სოფლისა მოძღვარნო, მაცხოვარსა ყოველთასა
ევედრენით, რათა მოსცეს სოფელსა მშვიდობა და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა“.

წმინდა მოციქულებმა პეტრემ და პავლემ დაგლოცოთ და გაგახაროთ, აგისრულოთ ყოველი
თქვენი ვედრება! მათი ლოცვით, ღმერთმა დაამშვიდოს და გაამთლიანოს სრულიად
საქართველო!

გეძლევათ კიდევ ერთი ლოცვა-კურთხევა: ვინც იცის წმინდა მოციქულთა პეტრესა და პავლეს
ეს ტროპარი, სახლშიც იგალობეთ სამგზის და ვინც ზეპირად არ იცის, ახლავე გადაიწერეთ,
რომ მერე სახლში აუცილებლად იგალობოთ და მადლი შეიტანოთ.

შეგახსენებთ, რომ ხვალ არის დიდი დღესასწაული ათთორმეტთა მოციქულთა, რომელთა
სახელზეც აგებულია ჩვენი დიდებული სვეტიცხოველი; ხვალ არის ასევე სვეტიცხოვლობა.
წირვა-ლოცვას ამ ტაძარში თავად შევასრულებ, ჩვენს მღედელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ თქვენ და სრულიად საქართველო, ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №25, 2010 წ.