საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ქადაგება პარაკლისზე (6 ნოემბერი, 2010 წ.; სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარი)

6 ნოემბერი
%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%99%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%96%e1%83%94-6-%e1%83%9c%e1%83%9d%e1%83%94

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება პარაკლისზე

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი,
6 ნოემბერი, 2010 წ.

„სული აქ იყო და იქ მხოლოდ სხეულით ვიყავი“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

„დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი!“ დიდება და მადლობა უფალს
ყველაფრისათვის! ღვთის მადლითა და თქვენი ლოცვით, მშვიდობით დავბრუნდით
გერმანიიდან, მინდა, კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ მიუხედავად იქაური სიკეთისა
საქართველოს დარი თბილი ქვეყანა, ასეთი მოსიყვარულე ხალხი, ასეთი საოცარი ბუნება,
ასეთი ურთიერთობები ადამიანებს შორის სხვაგან არსად მინახავს. და კიდევ ერთი –
ადამიანმა საკუთარი სამშობლო რომ დააფასოს, ცოტა ხნით უცხოეთში უნდა წავიდეს და
მაშინ მიხვდება მის ფასს!

გერმანიიდან გამომგზავრების წინ ჩემთან მოვიდნენ
ახალგაზრდა გოგო-ბიჭები, რომელთაგან ზოგი სწავლობს, ზოგი მუშაობს, ზოგიც
უსაქმურია. თბილი შეხვედრა გვქონდა, თითქმის ყველა ტიროდა სიხარულისგან. ერთმა
გოგონამ ასე მითხრა: „თქვენ მიყვარხართ, როგორც საქართველოო!“ რა თქმა უნდა,
გამიხარდა მისი ეს გულწრფელი სიტყვები. მათ ვკითხე: რომელს გინდათ გერმანიაში
სამუდამოდ დარჩენა-მეთქი და ერთსაც არ უთქვამს, რომ იქ დარჩენას აპირებს; ყველას
წამოსვლა უნდა, მაგრამ ლუკმა-პურისთვის, საარსებო საშუალებისთვის იმყოფებიან იქ.
მერე იქ ზოგი თხოვდება, ზოგი რაღაც საქმეს იწყებს და სამუდამოდ რჩება. აი,
მაგალითად, გუშინ ცალკე შევხვდი კიდევ ერთ ქართველ გოგონას, რომელიც ჩემთან
შვეიცარიიდან ჩამოვიდა და თან ჩამოჰყვა თავისი გერმანელი ქმარი. ასე მითხრა: მე
მამა სერაფიმეს სულიერი შვილი ვარო (არქიმანდრიტი სერაფიმე იგულისხმა, სვეტიცხოვლის
წინამძღვრის მოადგილე). ამ გოგონას მანანა ჰქვია
და მამა სერაფიმეს ალბათ ახსოვს იგი. 3 თვეა, რაც გათხოვდა და, ფაქტობრივად,
დაიკარგა საქართველოსთვის, რადგან მას ეყოლება შვილები – გერმანული გვარით,
რომლებიც გერმანულად გაიზრდებიან და ეს ადამიანიც იმ ერის ნაწილი გახდება.

მინდა ვთქვა, მართალია, დღეს საქართველოში უმრავლესობის მატერიალური მდგომარეობა
ძალიან მძიმეა, მაგრამ იმ მადლმა, რომელიც აქ
არის, ჩვენმა ურთიერთობამ,
ჩვენმა ბუნებამ, ჩვენმა მშობლებმა, ჩვენმა წინაპრებმა
უნდა გაგვაძლებინოს…
ღვთის მადლით, დადგება
დრო, როცა ჩვენც კარგად
ვიქნებით.

გერმანიაში დღეს მატერიალურად კარგად არიან, მაგრამ სულიერად – არა, იქ არ
არის ის მადლი, რომელიც
ჩვენთან იგრძნობა. ამ ქვეყანაში ყველაფერი გათვლილია
და ყველაფერი „ჩემთვის“
არის, ანუ ყოველი ადამიანი
საკუთარი თავისთვის იღვწის
და შრომობს. როგორც კი
ბავშვი იბადება, მის სახელზე
უკვე ანგარიშს ხსნიან… ერთი ოჯახის წევრებს ცალ-ცალკე
აქვთ ანგარიშები: ქმარს – ცალკე, ცოლს – ცალკე, შვილებს – ცალკე და ასე არიან
დაყოფილნი; ეს უკვე მთლიანი ოჯახი არაა… ურთიერთთანადგომა, სხვისი ტკივილის
გაზიარება გაჭირვების მიუხედავად აქ უფრო არის.

მინდა კიდევ ერთი რამ გიამბოთ. გუშინ, შინ რომ ვბრუნდებოდით, აეროპორტში ვისხედით,
დრო გვქონდა და აკაკი წერეთლის ნოველებს ვკითხულობდით. ალბათ, გახსოვთ, ერთგან
აკაკი აღწერს, თუ როგორ იკეთებდნენ მერცხლები ბუდეებს სახლის აივანზე. შემოდგომაზე
კი როდესაც მერცხლები თბილ ქვეყნებში გაფრინდებოდნენ ხოლმე, იქ სხვა ჩიტები
იბუდებდნენ. და აი, ერთ-ერთ ასეთ ბუდეში ჭივჭავი დაბუდებულა.
როცა მერცხლები მოფრინდებოდნენ, გაიმართა ბრძოლა მერცხლებსა და ჭივჭავებს შორის,
რადგან ერთი ჭივჭავი მერცხლის ბუდიდან არ გამოდიოდა. დაესივნენ მერცხლები იმ
ადგილს, მოიტანეს ტალახი და უნდოდათ ბუდის ამოქოლვა, რომელშიც ჭივჭავი იჯდა, –
ანუ სასიკვდილოდ გაიმეტეს იგი. ეს რომ ჭივჭავმა იგრძნო, გამოფრინდა და თავს უშველა.
თუმცა შემდეგ მერცხლებმა თავიანთი ბუდის გვერდით ჭივჭავისთვის ახალი ბუდე გააკეთეს
და ამით ისიც გადაარჩინეს. შემდეგ ერთად ცხოვრობდნენ მერცხლები და ჭივჭავი.

აქ მოთხრობილი ამბავი ჭკუის სასწავლებელი უნდა იყოს ჩვენთვის, რათა შეგვეძლოს,
დავინახოთ სხვა ადამიანის გაჭირვება და ვეცადოთ ჩვენი შესაძლებლობისამებრ
დავეხმაროთ მას. განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვმართებს აფხახებისა და ოსების
წინაშე. მეტი სულგრძელება უნდა გამოვიჩინოთ და ქართული სითბო ვაგრძნობინოთ მათ. ამ
ადამიანებმა უკვე იგრძნეს ის სიცივე, რომელშიც დღეს იმყოფებიან და ისევ ენატრებათ
ქართული სითბო და ქართველი კაცის გული. როგორც მერცხლებმა გაუკეთეს ამ ჭივჭავებს
ბუდე, ისე უნდა ავუშენოთ ჩვენც მათ სახლ-კარი და სითბო ვაჩვენოთ.

თუ სიყვარული გაჩნდა ადამიანებსა და ცხოველებს შორის საოცარი კავშირი მყარდება.
მახსენდება მარტყოფში მომხდარი ერთი ამბავი. მარტყოფში, იქ, სადაც დღეს დედათა
მონასტერია, ვისვენებდით. ერთხელ, უეცრად, ოთახში ორი მერცხალი შემოფრინდა. მე
საწოლში ვიწექი; ისინი ოთახს გარშემო უვლიდნენ, შიგნიდან ათვალიერებდნენ და მერე
ბუდის კეთება დაიწყეს იმ ადგილზე, სადაც ჭაღის თავი სახურავს უერთდება სწრაფად
აგებდნენ, თითქმის ნახევარი ბუდე ჰქონდათ აშენებული და მე მათ ვუთხარი: მანდ რას
აკეთებთ, მანდ დენია და შეიძლება დაგარტყათ; აი, ახლა, კუთხეში ფიცარს მიგიჭედებთ
და იქ გააკეთეთ ბუდე-მეთქი. პატარა ფიცარი ვიშოვე და კუთხეში მივაჭედე; საოცრება
მოხდა, მათ გაიგეს ჩემი ნათქვამი. ჭაღის თავთან ბუდის შენებას თავი დაანებეს და
ახლა ფიცართან დაიწყეს ბუდის კეთება.

იმ საღამოს იქვე, მახლობლად, მთაზე ავედით; ჩვენ ამ მთას წმინდა გიორგის მთა
ვუწოდეთ. რომ შებინდდა და თითქმის დაღამდა, ორი მერცხალი მოფრინდა ჩვენთან და
ჭყივილით გადაგვიფრინეს წინ. ვიკითხე, ეს ჩვენი მერცხლები ხომ არ არიან-მეთქი?
მომეჩვენა, თითქოს შეშფოთებულნი იყვნენ. რომ დავბრუნდით სახლში, დედა გალინა
დაგვხვდა და მას ვკითხე:

– დედაო, მერცხლები ხომ არ გინახავსმეთქი მან კი ასე მიპასუხა: ძლივს გავყარე
ცოცხითო!

– როგორ თუ გაყარე, რატომ გაყარემეთქი?

– არა, კი არ დამირტყამს, ისე, შევაშინეო…

და აი, იმ შეშინებულმა მერცხლებმა მთაზე მოგვძებნეს და შემოგვჩივლეს – სახლიდან
გამოგვყარესო! ის მთა კი ერთი კმ-ის
მოშორებით მაინც იყო სახლიდან, მეორე
დღეს მერცხლები დასამშვიდობებლად მოფრინდნენ, ოთახს 2-3-ჯერ შემოუფრინეს და
გაფრინდნენ; უკან უკვე აღარ დაბრუნებულან. აი, ასეთი საოცარი კავშირი არსებობს
ადამიანებსა და ბუნებას შორის, ადამიანებსა და მის წინაპრებს შორის, კავშირი
საკუთარ ფესვებთან.

და ისევ მინდა დავუბრუნდე გერმანიას… მათ მშვენიერი პირობები აქვთ საცხოვრებლად,
მაგრამ სული არ ისვენებდა. სული აქ იყო და იქ მხოლოდ სხეულით ვიყავი. მე ვგრძნობდი
თქვენს ლოცვას, თქვენს სულიერ დახმარებას და ამან გამაძლებინა ეს 3 კვირა.

ღმერთმა დაგლოცოთ! თქვენი ლოცვები შეგვეწიოს ჩვენ და სრულიად საქართველოს!

ღვთის მადლით, ჩვენ გამოვსწორდებით, ვისწავლით ლოცვას, მარხვას, სულიერ ცხოვრებას.
ეკლესიაში სიარული, რა თქმა უნდა, დიდი მადლია, მაგრამ მარტო ეს არ არის საკმარისი,
უფრო მეტს ითხოვს ჩვენგან უფალი!

ღმერთმა მოგვცეს ძალა, ღმერთმა მოგვცეს მადლი, რომ ვიფიქროთ და გამოვასწოროთ ჩვენი
შეცდომები. სხვა ადამინების გაჭირვება უნდა დავინახოთ, სხვებისთვის ვიცხოვროთ და
არა საკუთარი თავისთვის! უნდა ვიშრომოთ და ჩვენი შრომის ნაწილი გაჭირვებულ
ადამიანებს გავუზიაროთ!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №34, 2010 წ.