საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ქადაგება ნინოობის დღესასწაულზე (1 ივნისი, 2009 წ.; ბოდბის დედათა მონასტერი)

1 ივნისი
%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%9d%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%a6%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%90-5

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება ნინოობის დღესასწაულზე

ბოდბის დედათა მონასტერი, 1 ივნისი, 2009 წ.

„წმინდა ნინო გახდა გამაგრძელებელი წმინდა მოციქულთა ქადაგებისა;
იგი დღესაც ქადაგებს
ჭეშმარიტ სარწმუნოებას და ჩვენ ვმადლობთ მას ამ დიდი წყალობისათვის!“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს – წმინდა ნინოს ხსენების დღეს და შევთხოვ
უფალს, რომ წმინდა ნინოს ლოცვით ღმერთმა გვაკმაროს განსაცდელი და დალოცოს,
გაამთლიანოს და გაახაროს სრულიად საქართველო!

წმინდა წერილში უფალი ბრძანებს: „და აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა“. წმინდა ნინო
უფალმა აღამაღლა იმისათვის, რომ მოექცია ჩვენი ერი ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე და
ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის!

წმინდა ნინო არის განსაკუთრებული წმინდანი. ეს განსაკუთრებული შემთხვევაა, როცა
ეკლესია მოქცეულია წმინდანი ქალის მიერ! მის ტროპარში ვკითხულობთ: „სიტყვისა ღვთისა
მსახურთა თანა მოსაგრეო და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა
განმანათლებელო და სულისა წმინდისა ქნარო, დედაო ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა
შეწყალებად სულთა ჩვენთათვის“.

წმინდა ნინო გახდა გამაგრძელებელი წმინდა მოციქულთა ქადაგებისა; იგი დღესაც ქადაგებს
ჭეშმარიტ სარწმუნოებას და ჩვენ ვმადლობთ მას ამ დიდი წყალობისათვის!

ბედნიერი ვართ, რომ ვიმყოფებით დღეს ამ წმინდა მონასტერში, სადაც დაკრძალული ბრძანდება წმინდა ნინო. მახსენდება ის წლები, როცა
ჯერ კიდევ დახურული იყო ეს წმინდა მონასტერი და აქ მხოლოდ რამდენიმე რუსი მონაზონი
ცხოვრობდა. ეს ჩემს ბავშვობაში იყო. მე და მამაჩემი აქ სალოცავად ჩამოვედით.
დედებმა ტაძარში ღამე ფარულად შემოგვიყვანეს, რომ არავის დაენახა. აქ იყო მიწის
სასუქის საწყობი. ამიტომაა ეს ფრესკები ასე დაზიანებული, მათზე ქიმიური სასუქის
ზეგავლენა მოხდა. მადლობა უფალს, რომ დღეს თავისუფლად აღვავლენთ ამ წმინდა ტაძარში
ღვთისმსახურებას და წმინდა ნინოს ლოცვით უფალი ისმენს ჩვენს ვედრებას. კიდევ ერთხელ
გილოცავთ ყველას ნინოობის დღესასწაულს განსაკუთრებით ვულოცავთ ბოდბელ
მთავარეპისკოპოს დავითს, დედა-იღუმენია თეოდორას და დედებს, რომელთაც ამდენი
იზრუნეს ამ წმინდა სავანის გასამშვენებლად! მათთან ერთად მინდა დავლოცო ის
ადამიანებიც, რომლებიც შეეწეოდნენ და ამშვენებენ ამ წმინდა ტაძარს.

ღმერთმა დაგლოცოთ! ღმერთმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ! წმინდა ნინოს მადლი და ლოცვა
შეგეწიოთ თქვენ და სრულიად საქართველოს, ამინ!

ახლა შედგება მონასტრის სატრაპეზოს
საზეიმო გახსნა. მომავალში, როცა თქვენ აქ ჩამობრძანდებით ხოლმე, თავისუფლად
შეხვალთ და მიირთმევთ მონასტრის საჭმელს. ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №18, 2009 წ.