საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ქადაგება ნინოობის დღესასწაულზე (1 ივნისი, 2004 წელი; სამთავროს დედათა მონასტერი)

1 ივნისი
%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%9d%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%a6%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a1

უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,
ილია II ქადაგება ნინოობის დღესასწაულზე

სამთავროს დედათა მონასტერი, 1 ივნისი, 2004 წელი

„წმიდა ნინოს შემოსვლა საქართველოში – ეს იყო გვირგვინი,
ეს იყო საოცარი წყალობა ღვთისა და განსაკუთრებული მადლი,
რომელიც მოეფინა მთელს საქართველოს!“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!

ყველას გილოცავთ ამ დიდებულ და ბედნიერ დღეს! ნინოობა არის ჩვენი უდიდესი
ეროვნული დღესასწაული. ვმადლობთ ღმერთს იმ დიდი წყალობისათვის, რომ საქართველოს
ჰყავს წმიდა ნინო, რომელიც შემოვიდა საქართველოში და მოაქცია ქართველი ერი.

უპირველს ყოვლისა, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რას ნიშნავს ქართველობა. ქართული სული
განსაკუთრებულია. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ თავს ვიქებ და თქვენც ამისკენ
მოგიწოდებთ, არამედ იმიტომ, რომ მართლაც განსაკუთრებული მადლითაა დაჯილდოებული
ქართველი ადამიანი. ამ მადლს კი, მოგეხსენებათ, გაფრთხილება სჭირდება. ჩვენი ხალხი
მოსიყვარულეა, მას არ შეუძლია დიდხანს ბოროტების ტარება გულში. ვინც თავის გულში
ბოროტებასა და ღვარძლს ატარებს, ის პირველ რიგში საკუთარ თავს ვნებს.

წმიდა იოანე ღვთისმეტყველი ამბობს: „ღმერთი სიყვარული არს“. ანუ თავისი თვისებით
დააჯილდოვა ქართველი კაცი ღმერთმა. ჩვენმა ერმა ძალიან მძიმე და რთული გზა
გამოიარა, მის წინაშე ხშირად მრავალი დიდი განსაცდელი იდგა. რა თქმა უნდა, ბევრი
შეცდომილიც ყოფილა ჩვენ შორის, მაგრამ ძირითადად ქართველმა ერმა არ უღალატა
ჭეშმარიტ მართლმადიდებელ სარწმუნოებას. თქვენ იცით, იმ დროს, როცა მწვალებლობამ
მთელი მსოფლიო მოიცვა, ჩვენი წინაპრები მართლმადიდებელ სარწმუნოებას მტკიცედ
იცავდნენ. ისტორიიდან ცნობილია ისიც, რომ სწორედ აქ იყო მოყვანილი და ხელდასხმული
იოანე გუთელი ეპისკოპოსად იმიტომ, რომ მართლმადიდებელი სარწმუნოება შეურყვნელად
მხოლოდ აქ იყო დარჩენილი.

საქართველო უფლისგან მრავალი მადლითაა დაჯილდოებული. თუნდაც გავიხსენოთ ის, რომ
600 წლით ადრე საქართველოში იქნა ჩამოტანილი ხალენი წმიდა ელია წინასწარმეტყველისა,
რაც იყო იმის მომასწავებელი, რომ დიდი მადლი უბოძა უფალმა საქარ- თველოს. წმიდა
ელია წინასწარმეტყველის ხალენი იყო წინამორბედი იმისა, რომ შემდგომ მოტანილი იქნა
კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმიდისა
ღვთისმშობელისა, აქ იქადაგეს წმიდა მოციქულებმა და წმიდა ნინომ. წმიდა ნინოს
შემოსვლა საქართველოში – ეს იყო გვირგვინი, ეს იყო საოცარი წყალობა ღვთისა, მადლი,
რომელიც მოეფინა მთელ საქართველოს. შეიძლება ითქვას, რომ წმიდა ნინო იყო და დღესაც
არის გამგრძელებელი წმიდა მოციქულთა ქადაგებისა. ნუ გვგონია, რომ წმიდა ნინომ IV
საუკუნეში დაამთავრა თავისი მოღვაწეობა. იგი დღესაც აგრძელებს საქართველოს
მოქცევას! დღეს რომ ყველა ტაძარი სავსეა მრევლით და განსაკუთრებით ახალგაზრდებით,
ეს არის დამსახურება და მადლი წმიდა ნინოსიც.

მარად უნდა გვახსოვდეს, რომ უფალმა ჩვენს ქვეყანას მოანიჭა დიდი მადლი, მაგრამ
დიდი მადლი დიდ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს. სწორედ ამ დიდი მადლისა და წყალობის
გამო, რაც ეპატიება სხვა ერებსა და ქვეყნებს, არ ეპატიება საქართველოს. ქართველ
ადამიანს არ ეპატიება ურწმუნოება, მწვალებლობა. სექტანტობა უდიდესი ცოდვაა. ესაა
ღალატი სჯულსა, ჭეშმარიტი სარწმუნოებისა. თქვენ იცით, როგორი მტკიცე რწმენა ჰქონდათ
ჩვენს წინაპრებს, რამდენი ეწამა ქრისტესთვის, რამდენმა სიკვდილი არჩია სიცოცხლეს,
ოღონდაც რწმენისთვის არ ეღალატა.

დღეს მრავალი განსაცდელის წინაშე დგას ქართველი კაცი. ბოლო პერიოდში ზოგიერთ
არაკეთილმოსურნე პიროვნებასა თუ ორგანიზაციას საქართველოში შემოაქვს ისეთი
უწმინდური იდეები, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს სარწმუნოებას, ღვთაებრივ
ჭეშმარიტებას. მაგრამ მე იმედი მაქვს წმიდა ნინოს ლოცვისა და ყოვლადწმიდა
ღვთისმშობლის მადლის. უფალი მოწყალეა და მწამს, რომ ქართველი ერი გაუძლებს ბოროტის
ამ ცდუნებას.

წმიდა წერილიდან ცნობილია და წმიდა მამებიც ამბობენ, რომ როცა მოგვიახლოვდება
მეორედ მოსვლის ჟამი, ბოროტი სული გააძლიერებს ბრძოლას. ქართველმა ერმა უნდა
გაუძლოს ამ დაუნდობელ ბრძოლას. აუცილებლად დიდი რწმენა და სიბრძნე უნდა გამოიჩინოს
ჩვენმა ერმა, რომ შეუმცდარად გავარჩიოთ, სად არის ჭეშმარიტება და სად არის სიყალბე.

დღეს მინდა გავიხსენო ჩვენი წინაპრები, რომლებიც მოღვაწეობდნენ აქ, ამ წმიდა
მონასტერში. უპირველეს ყოვლისა, ეს იყო იღუმენია ნინო (ამილახვარი). ცნობილია მისი
დიდი სიკეთე და სულიერება. ასევე უნდა გავიხსენოთ ისეთი დიდი იღუმენია, როგორიც იყო
დედა ნინო (ბარათაშვილი). მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ სულიერებასთან
ერთად გარკვეული საქმეც შემოეტანა მონასტერში. და ამ მიზნით საფეიქრო დაზგები დადგა
და დედები დაასაქმა. არ შემიძლია არ გავიხსენო ისეთი იღუმენია ანისია
(კოჭლამაზაშვილი), დედა ქეთევანი, იღუმენია ანა, დედა ზოილე – ჩემი ნათლია. დედა
ზოილე (დვალიშვილი) საოცრად კარგი, განათლებული და წიგნიერი პიროვნება იყო.
მახსოვს, განსაკუთრებით აკაკი წერეთელი უყვარდა და ზეპირად იცოდა კიდეც ძალიან
ბევრი რამ. მახსენდება, როცა ბავშვი ვიყავი, მასთან ერთად ვესწრებოდი საერთო
ლოცვას. ამის შემდეგ იგი სენაკში განმარტოვდებოდა ხოლმე და პირად ლოცვებს
კითხულობდა, მაგრამ ამის შესახებ მე არ მიმხელდა. ასე მეტყოდა ხოლმე: ახლა დავწვეთ,
დავისვენოთო, თითქოს თავადაც იძინებდა. ბევრჯერ გამღვიძებია და მინახავს, როგორ
ლოცულობდა დედა ზოილე მუხლმოდრეკილი.

არ შემიძლია ასევე არ გავიხსენო ისეთი დიდი მონაზონი, როგორიც იყო დედა სიდონია.
მარხვაში მას ცალკე პატარა სენაკი ჰქონდა, სადაც ფიცრებით გაკეთებული ტახტი ედგა,
ლოგინის გარეშე, ბალიშის ნაცვლად კი ქვა ჰქონდა დადებული. იმ ქვაზე დებდა თავს და
ისე ისვენებდა, როცა ლოცვას დაასრულებდა.

ამ წმიდა მონასტერში იყო ასევე ისეთი დიდი მონაზონი, როგორიც იყო დედა პარასკევა
(უგრეხელიძე). ის იყო თითქმის 70 წელს მიტანებული და ეშინოდა მონაზვნად აღკვეცისა,
ასე ამბობდა: მე რა ღირსი ვარ მონაზვნობისაო. მთელი სიცოცხლე აქ გაატარა. ბოლოს
უწმიდესმა და უნეტარესმა ეფრემ II უბრძანა, აღიკვეცეო და ასე გახდა მონაზონი;
უწოდეს დედა სალომე. ის გამოირჩეოდა იმით, რომ გაჭირვებულებს ეხმარებოდა. მცირე
პენსია ჰქონდა და ამ საშუალებითაც სხვებს ეწეოდა.

დედებს ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა მიხეილ მამულაშვილთან. ბატონი მიხეილი
პატარაობაში ობოლი დარჩა. დედებმა გაზარდეს. იყო ასეთი მონაზონი ევპრაქსია, (მას
დიდ ევპრაქსიას ეძახდნენ, რადგან სხვა ევპრაქსიაც იყო). და აი, სწორედ მისი
გაზრდილი იყო მიხეილ მამულაშვილი. მგონი, მამულაშვილის სახლში ამ მონაზვნის სურათიც
კი ჰკიდია. შემდეგ მიხეილ მამულაშვილი ცნობილი გახდა, როგორც დიდი მებაღე და როცა
კომუნისტებმა ეს მონასტერი დახურეს, მიხეილმა შეიფარა დედები თავის სახლში.

აი, ასეთი გზა გამოიარა ამ წმიდა მონასტერმა. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ დღეს
შევასრულეთ წირვა-ლოცვა ამ განახლებულ ტაძარში. მინდა, განსაკუთრებით დიდი მადლობა
ვუთხრა შიომღვიმის მონასტრის წინამძღვარს, მამა მიქაელს, რომელმაც ყველაფერი
გააკეთა, რომ ეს დიდებული ტაძარი ასეთი სახით ყოფილიყო აღდგენილი.

ასევე მინდა განსაკუთრებით დავლოცო იღუმენია ქეთევანი, რომელიც დიდ შრომასა და
მოღვაწეობას ეწევა. დედა ქეთევანი თავდაპირველად საპატრიარქოში მოვიდა, როგორც
ფილოლოგი. იგი მუშაობდა ხელნაწერთა ინსტიტუტში. და შემდეგ ღმერთმა მოიყვანა იგი აქ
და დაადგინა წინამძღვრად და იღუმენიად ამ წმიდა მონასტრისა. წმიდა ნინოს შეწევნითა
და მადლით, აქ მოღვაწეობს მრავალი მონაზონი და ყველანი ლოცულობენ საქართველოს
მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის.

კიდევ ერთხელ გილოცავთ თქვენ და თქვენთან ერთად მთელ საქართველოს ამ დიდებულ
დღესასწაულს და შევთხოვთ უფალს, რომ წმიდა ნინოს ლოცვით მშვიდობა, სიხარული და
სიყვარული სუფევდეს საქართველოში.

წმიდა ნინოს ლოცვით, ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად
საქართველო!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №20(278),
2004 წ.