საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ქადაგება ნიკოლოზობის დღესასწაულზე (19 დეკემბერი, 2010 წ.)

19 დეკემბერი
%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%96%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%a6-6

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება ნიკოლოზობის დღესასწაულზე

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 19 დეკემბერი, 2010 წ.

„თუ სხვა ადამიანი იტყვის ისეთ რამეს, რაც ჩემს
მოსაზრებებს სჯობს,
საკამათო უკვე აღარაფერი უნდა იყოს და მმისი შეხედულება უნდა გავიზიარო!“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს – ნიკოლოზობას! სწრაფად შემწე და სასწაულთმოქმედი წმინდა ნიკოლოზი ყოფილიყოს თქვენი, საქართველოსა და მთელი მსოფლიოს
მფარველი! წმინდანის ტროპარში წერია, რომ ის არის კანონი სარწმუნოებისა და ხატი
სიმშვიდისა. როგორ გვაკლია დღეს სიმშვიდე და რარიგად საჭიროა იგი ჩვენთვის! თუ
ადამიანს შინაგანი სიმშვიდე არ გააჩნია, მშვიდობა ვერ იქნება. წმინდა ნიკოლოზის
ერთ-ერთ ლოცვაში ნათქვამია: როგორიც არის სახელი შენი, ისეთია ცხოვრება შენი.
სახელი ნიკოლოზი ნიშნავს გამარჯვებულს, კეთილის გამარჯვებას ბოროტსა ზედა.

წმინდა ნიკოლოზი იმით იყო გამოირჩეული, რომ მოწყალების საქმეს ფარულად იქმოდა,
რათა არავის დაენახა და არ ეთქვა, რომ ნიკოლოზი მოწყალეა.

უპირველეს ყოვლისა, ადამიანმა უნდა სძლიოს საკუთარ ვნებებს, ამპარტავნებას,
ქედმაღლობას და ყოველ იმ მანკიერებას, რაც მას ახასიათებს. თუ ადამიანი ამას
შეძლებს და საკუთარ თავზე გაიმარჯვებს, – ის სძლევს მთელს მსოფლიოს და ყველგან
გამარჯვებული იქნება. ასეთი ცხოვრებით მოიპოვა წმინდა ნიკოლოზმა „სიმდაბლითა
სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე“.

შევთხოვთ მას, რომ სიმშვიდე და ერთსულოვნება მოანიჭოს საქართველოს. ერთსულოვნება
არ ნიშნავს თავისუფლების შეზღუდვას, თუმცა ადამიანმა უნდა იცოდეს, რა არის უფრო
მნიშვნელოვანი. მთავარია, ჩვენი ერის კეთილდღეობა და
სიმშვიდე და არა პირადი ამბიციები და ამპარტავნება!

მახსენდება, დაახლოებით ერთი წლის წინ საქართველოში იმყოფებოდა შვეიცარიის
პარლამენტის თავმჯდომარე, ერთი ქალბატონი და ის ამბობდა, რომ მათ პარლამენტში
ოპოზიცია არ ჰყავთ. მე
ვკითხე: მაშ, პარლამენტის
სხდომები როგორ მიმდინარეობს-მეთქი? და ასე მითხრა: ყველანი ჩვენი ქვეყნის
კეთილდღეობისთვის ვშრომობთ; ყოველ ჩვენგანს აქვს
საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება, მაგრამ კეთილი და უკეთესი რაც არის,
იმას ვეთანხმებით ერთობლივად. ამიტომ არავითარი
ბრძოლა, წინააღმდეგობა
და პოლემიკა არ გვაქვსო.
ჩვენც უნდა ვისწავლოთ
მოსმენა, ჩვენც უნდა ვისწავლოთ სხვისი კეთილი აზრის გაზიარება. თუ სხვა
ადამიანი იტყვის ისეთ რამეს, რაც ჩემს მოსაზრებებს
სჯობს, საკამათო უკვე აღარაფერი უნდა იყოს და მმისი შეხედულება უნდა გავიზიარო! ეს
არ ნიშნავს მეორე ადამიანის დამცირებას. ჩვენ კი, ჯიუტად, მხოლოდ ჩვენსას
ვამტკიცებთ და სხვის მოსმენაც არ გვსურს. ერთმა ფილოსოფოსმა თქვა: თანამედროვე
კაცობრიობას ფილოსოფოსები აღარ ჰყავს, მხოლოდ კრიტიკოსები დარჩნენო. ყოველი
ადამიანი კრიტიკულადაა განწყობილი სხვის მიმართ, ცდილობს სხვის გამოსწორებას,
საკუთარ ნაკლს კი ვერ ხედავს; და ამას იქმს მარტოოდენ მოყვასის დასამცირებლად და
არა იმიტომ, რომ ამხილოს და გამოასწოროს იგი.

წმინდა ნიკოლოზი ისეთი სასწაულთმოქმედია, რომ მუსულმანები და სხვა რელიგიების
წარმომადგენლები ევედრებიან მას და იგი მათაც უსრულებს თხოვნას. წმინდანის ცხოვრებაში ასეთი რამ არის აღწერილი: წმინდა
ნიკოლოზი
ჯერ კანონიზირებული არ იყო, მაგრამ ხალხი უკვე თაყვანს სცემდა; ერთმა უბრალო
ადამიანმა მისი ხატი შეუკვეთა და მსოფლიო საპატრიარქოს საკათედრო ტაძარში შეიტანა. პატრიარქმა დაინახა იგი და განრისხდა: როგორ, ის ხომ ჯერ კანონიზირებული არ
არის? და იმ კაცს ეს ხატი უკანვე გაატანეს. ამ ამბიდან მოკლე ხანში პატრიარქი გემით მოგზაურობდა. გემმა ჩაძირვა დაიწყო და პატრიარქი იღუპებოდა. ამ დროს მან იხილა ზღვაზე, როგორც ხმელეთზე მავალი წმინდა ნიკოლოზი, რომელმაც ხელი ჩაჰკიდა და
ამოიყვანა. პატრიარქმა უარი თქვა მისი ხატის ეკლესიაში დაბრძანებაზე, წმინდა ნიკოლოზმა კი გადაარჩინა. საპატრიარქოში მობრუნებისთანავე
პატრიარქმა მორჩილებს მოუხმო და დაავალა,
ხატი დაუყოვნებლად დაებრუნებინათ ეკლესიაში.

წმინდა ნიკოლოზი შეგეწიოთ თქვენ და სრულიად საქართველოს! წმინდა ნიკოლოზმა მოგცეთ
დიდი და
მტკიცე მართლმადიდებელი სარწმუნოება, სიყვარული შეუორგულებელი, მტკიცე სასოება, იმედი ღვთისა, იმედი
ადამიანისა და იმედი მომავლისა! წმინდა ნიკოლოზის
ლოცვით ყველაფერი კარგად იქნება და საქართველო აუცილებლად გაბრწყინდება!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №43, 2010 წ.