საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ქადაგება ნიკოლოზობის დღესასწაულზე (22 მაისი, 2001 წ.; ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი)

22 მაისი
%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%96%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%a6-5

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება ნიკოლოზობის დღესასწაულზე

ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი, 22 მაისი, 2001 წ.

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ქრისტე აღსდგა!

ღმერთმა ინებოს თქვენი და საქართველოს მშვიდობა და სიცოცხლე!

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია სამი დიდი წმიდანის – წმიდა ნიკოლოზის, წმიდა
ისაია წინასწარმეტყველისა და ღირსისაი მამისა ჩვენისა შიო მღვიმელის ხსენებას
დღესასწაულობს. ღვთის წინაშე სამივენი უდიდესი მოღვაწენი არიან. მათ ღვთისაგან
განსაკუთრებული მადლი ებოძათ, რაც დიდი რწმენით, გამორჩეული თავმდაბლობითა და
მორჩილებით მიიღეს.

ჩვენ ყოველდღე ვლოცულობთ, ვამბობთ „მამაო ჩვენოს“ და წარმოვთქვამთ შემდეგ
სიტყვებს: „იყავნ ნება შენი“ – თუმცა სამწუხაროა ის, რომ ამ ქვეყნად ჩვენს ნებაზე
ვცხოვრობთ და მხოლოდ საკუთარ სურვილებს აღვასრულებთ. ღმერთმა ადამიანს თავისუფალი
არჩევანის საშუალება მისცა, მაგრამ იგი უნდა ემორჩილებოდეს, უერთდებოდეს ღვთის
ნებას, სწორედ ამ შემთხვევაში მიიღებს იგი დიდ მადლს.

წმიდა ისაია წინასწარმეტყველი ქრისტეს შობამდე 700 წლითა დრე ცხოვრობდა. მას
ერთხელ ასეთი ჩვენება ჰქონდა: დაინახა ზეციური სამყარო, დიდი ბრწყინვალე ტაძარი,
რომელშიც მამა ღმერთი სუფევდა. ასევე იხილა სერაბიმთა დასი (სერაბიმნი –
ექვსფრთიანი უმაღლესი უხორცო ძალნი არიან, პატირარქს რომ აქვს ხოლმე გამოსახული
თავსაბურავზე), რომლებიც ასე გალობდნენ: „წმიდაო, წმიდაო, წმიდაო უფალო საბაოთ,
სავსე არიან ცანი და ქვეყანა დიდებითა შენითა“. როცა ისაია წინასწარმეტყველმა ეს
დაინახა, შეეშინდა: მე ცოდვილმა როგორ ვიხილე უფალიო. შემდეგ, როგოეც ისაია
წინასწარმეტყველის წიგნში წერია, ღვთის ბრძანებით, მასთან ერთ-ერთი სერაბიმი მივიდა
და ღვთის საკუთხევლიდან ანთებული ნაკვერჩხალი მიადო ბაგეზე და უთხრა: „ამიერიდან
შენ წმიდა ხარო“. ამ დროს გაისმა მამა ზეციერის ხმა: „ვინ გავაგზავნო მე ისრაელის
მოსაქცევად ჩვენი სახელით?“ მიაქციეთ ყურადღება, უფალი ამბობს: „ჩვენი სახელით,
„ჩვენგან“, და არა „ჩემგან“, იმიტომ, რომ გულისხმობს წმიდა სამებას. იმას კი არ
ეუბნება მამა ზეციერი: წადი ისრაელში, მოაქციე და უქადაგეო, არამედ თითქოს
თავისთვის ამბობს: „ვინ გავაგზავნოთ ისრაელში მათ მოსაქევადო?“ ამ დროს ისაია
წინასწარმეტყველი იტყვის: „აი, მე ვარ, მე გამაგზავნე. ამგვარად მოხდა გამორჩევა
ისაია წინასწარმეტყველისა. ასე დაუმორჩილა მან თავისი ნება უფლის ნებას. ასევე
ჩვენ, მართლმადიდებელი ეკლესიის წევრებმა, ჩვენი ნება უნდა დავუმორჩილოთ და
დავუკავშიროთ მამა ღმერთს, წმიდა სამების ნებას.

სწორედ მორჩილების სათნოებით გაბრწყინდა წმიდა დიდი მღვდელმთავარი ნიკოლოზი.
წმიდა ნიკოლოზი საოცრად დიდი წმიდანია და განსაკუთრებული მოწყალებით გამოირჩევა.
მას უწოდებენ: „სასწაულთმოქმედ და მსწარფლშემწე მღვდელმთავარს“. თუკი ვინმე
რწმენითა და სიყვარულით მიმართავს მას, იგი მუდამ ღებულობს შემწეობას. წმიდანმა
მრავალი სასწაული მოახდინა და დღესაც აღასრულებს. უკრაინაში ასეთი შემთხვევა მოხდა:
ნიკოლოზობას, ღამით, ერთი ოჯახი ტაძარში სალოცავად მიდიოდა. გზად მდინარე უნდა
გადაევლოთ. ცოლ-ქმარი, რომელთაც თან ჩვილი ბავშვი ახლდათ, ნავში ჩასხდნენ. როცა
ისინი შუა მდინარეში შევიდნენ, უეცრად დედას ბავშვი ხელიდან გაუსხლტა, ვეღარ
დაიჭირა და წყალში გადაუვარდა. ისინი თითმის მთელი ღამე ეძებდნენ ჩვილს, მაგრამ
ვერსად იპოვეს. რა თქმა უნდა, იცოდნენ, რომ იგი ცოცხალი ვეღარ გადარჩებოდა, მხოლოდ
გვამის მოძებნასღა ცდილობდნენ. როცა მიხვდნენ, რო ვერ იპოვიდნენ, სახლში კი არ
დაბრუნდნენ, ტაძარში წავიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მათ შვილი დაკარგეს, იმდენად
დიდი რწმენა და სიყვარული ჰქონდათ უფლისადმი, წირვაზე წაუსვლელნი მაინც არ დარჩნენ.
წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძართან გარიჟრაჟზე მივიდნენ, იმ დროს, როცა იქ ჯერ არც
მღვდელი მოსულიყო და არც მრევლნი. დარაჯს სთოვეს, მათთვის ტაძრის კარი გაეღო.
როდესაც შიგ შევიდნენ, ჩვილის ტირილი შემოესმათ და იხილეს, რომ მათი შვილი ტაძარში,
წმიდა ნიკოლოზის ხატის წინ, სველი სამოსით იწვა. აი, ასეთი დიდი სასწაული აღესრულა
წმიდა ნიკოლოზის მიერ, რაც ისტორიულ ფაქტადაა აღიარებული.

შეგვეწიოს წმიდა ნიკოლოზი თავისი დიდი წყალობით, დიდი სიყვარულით!

გეწეოდეთ წმიდათა შორის უდიდესი მადლით გამორჩეული ღირსი მამა შიო მღვიმელი.
როგორც იცით, მან შიომღვიმის მონატერი დააარსა. როცა მისმა მოძღვარმა იოანე
ზედაზნელმა გადაწვყიტა, მოენახულებინა მოწაფე, რათა შეეტყო, თუ როგორ მოღვაწეობდა
იგი მონასტერში, მას ასეთი სასწაული იხილა: წმიდა შიოს ხელის გულზე ნაკვერჩხალი
ენთო, ზემოდან საკმეველი დაედო და ასე აკმევდა. ხატზეც ამგვარადაა გამოასახული.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულებს. დღეს მოხსენიებულ წმიდათა მადლი და
ლოცვა-კურთხევა გეწეოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს, ამინ.

მათი ლოცვით ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო,
ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №21, 2001 წ.