საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ქადაგება ნიკოლოზობის დღესასწაულზე (19 დეკემბერი, 2005 წ.; ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი)

19 დეკემბერი
%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%96%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%a6%e1%83%94

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება ნიკოლოზობის დღესასწაულზე

ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 19 დეკემბერი, 2005 წ.

„მე ისეთი სიმდიდრე შევიძინე, რომ სხვა აღარაფერი დამჭირდება!“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

დღეს არის ხსენება წმიდათა შორის საკვირველმოქმედის, მსწრაფლშემწე წმიდა
ნიკოლოზისა. იგი ღვთისაგან რჩეული იყო ჯერ კიდევ ყრმობაში და მთელი მისი ცხოვრებაც
სასწაულებითაა აღსავსე. ეს სასწაულები არ წყდება დღესაც. ყოველი ადამიანი, რომელიც
მიმართავს მას ლოცვით, იმედით, რწმენითა და სიყვარულით, – აუცილებლად ღებულობს
დახმარებას.

წმიდა ნიკოლოზი მოღვაწეობდა IV საუკუნეში. მან მიიღო მონაწილეობა I მსოფლიო
კრებაში.

მინდა ზოგიერთი ადგილი შეგახსენოთ მისი ცხოვრებიდან. წმიდა ნიკოლოზის ბიძა იყო
მღვდელმთავარი, მასაც ნიკოლოზი ერქვა. სწორედ მან დაასხა ხელი მღვდლად წმიდა
ნიკოლოზს და უთხრა: „ბედნიერია ის სამწყსო, სადაც შენ იქნები მოძღვარი“. მართლაც,
ბედნიერნი ვართ ჩვენ, იმიტომ რომ წმიდა ნიკოლოზი ავირჩიეთ მფარველად ჩვენი
ეკლესიისა და ერისა.

მისი ცხოვრებიდან ცნობილია, როცა მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსს ირჩევდნენ,
საეპისკოპოსო კანდიდატურაზე ვერ შეთანხმდნენ. მირონ-ლუკია დიდი ოლქი იყო; ხალხი
გაყოფილი იყო ორ ნაწილად და ეპისკოპოსი ვერ აირჩიეს. ერთ-ერთ მღვდელმთავარს ასეთი
ჩვენება ჰქონდა: მოძღვარი, რომელიც პირველი შევიდოდა ტაძარში, მისი სახელი იქნებოდა
ნიკოლოზი და ის უნდა ეკურთხებინათ მთავარეპისკოპოსად. ამ გამოცხადების შესახებ
სხვამ არავინ იცოდა. ეს მღვდელმთავარი დარჩა ტაძარში და ელოდებოდა, ვინ შემოვიდოდა
პირველი. ამ დროს ტაძარში სალოცავად წმიდა ნიკოლოზი მივიდა. მან, ცხადია, არაფერი
იცოდა. მღვდელმთავარმა ჰკითხა: „ვინ ხარ შენ?“ წმიდა ნიკოლოზმა მდაბლად მიუგო: „მე
ვარ ცოდვილი მოძღვარი ნიკოლოზი.“ მღვდელმთავარმა კი შესძახა: „შენ ყოფილხარ ჩვენი
მთავარეპისკოპოსი!“

წმიდა ნიკოლოზის მთელი ცხოვრება იყო ქველმოქმედება, მოწყალების გაცემა. იგი
მოწყალებას ისე გასცემდა, რომ არავის გაეგო. მან კარგად იცოდა, ვის უჭირდა. ღამე
ადგებოდა, ქისებში ოქროს ფულს ან სხვა შესაწირავს ჩაყრიდა და გაჭირვებული ადამიანის
ფანჯარასთან ან კარებთან მიჰქონდა.

მინდა, გიამბოთ წმიდა ნიკოლოზის ერთი სასწაული, რომელიც უკრაინაში XIX თუ XX
საუკუნეში მოხდა. ერთმა ოჯახმა გადაწყვიტა, წმიდა ნიკოლოზის ტაძარში ღამისთევით
ლოცვაზე წასულიყო. ისინი სოფელში ცხოვრობდნენ და ტაძრისკენ მიმავალნი, ნავით
მდინარეზე უნდა გადასულიყვნენ. ღამე ცოლ-ქმარი, ძუძუმწოვარი ბავშვით ნავში
ჩასხდნენ. შუა მდინარეში დედას უეცრად ბავშვი ხელიდან გაუსხლტა და მდინარეში
ჩაუვარდა. ეს იყო თავზარდამცემი ამბავი! ისინი წმიდა ნიკოლოზთან ტაძარში სალოცავად
მიდიოდნენ და გზად ღმერთმა ასეთი განსაცდელი, ასეთი დიდი მწუხარება შეამთხვია!
მთელი ღამე იტრიალეს იმ ადგილზე, სადაც ბავშვი დაკარგეს. რა თქმა უნდა, ცოცხალი
აღარ ეგულებოდათ და გვამს დაეძებდნენ. მაგრამ რას იპოვიდნენ?! გამოიტირეს თავისი
შვილი და დაიწყეს ფიქრი: რა ვქნათ, უკან, სახლში გავბრუნდეთ, თუ გზა განვაგრძოთ და
ტაძარში წავიდეთო. იმდენად დიდი იყო მათი რწმენა, რომ მათ გადაწყვიტეს, მიუხედავად
ასეთი მძიმე განსაცდელისა, – მაინც ტაძარში მისულიყვნენ. როცა ტაძარს მიუახლოვდნენ,
ირიჟრაჟა, – ჯერ არავინ იყო მისული და კარები ჩაკეტილი დახვდათ. დარაჯს დაუძახეს და
ტაძრის კარი გააღებინეს. ტაძრიდან პატარა ბავშვის ტირილის ხმა შემოესმათ და როცა
შევიდნენ, დაინახეს: წმიდა ნიკოლოზის ხატის წინ მათი შვილი სველ სამოსში იწვა. ეს
იყო უდიდესი სასწაული!

წმიდა ნიკოლოზი მართლაც საოცარი სასწაულთმოქმედია და ალბათ, საკუთარ თავზეც
არაერთხელ გამოგიცდიათ წმიდა ნიკოლოზის შემწეობა.

დღეს მინდა, გითხრათ იმის შესახებ, თუ როგორ ღებულობს ადამიანი მადლს,
შემწეობას. მადლის მოსაპოვებლად მრავალი საშუალება არსებობს. მაგალითად, თქვენ რომ
მობრძანდებით და აღსარებას ამბობთ, ეს არის სულიერი განწმენდა, ეს არის მეორედ
შობა. წმიდა მამები ამბობენ: აღსარება რომ არ ყოფილიყო, ვერცერთი ადამიანი ვერ
ცხონდებოდაო. მადლს განსაკუთრებით ვღებულობთ წმიდა ზიარებით და სხვა საეკლესიო
საიდუმლოთა შესრულებისას, ასევე – ლოცვით, მარხვით, მოღვაწეობით, კეთილი საქმეებით.
მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ამისათვის საჭიროა რწმენა. ამასთან, ნებისმიერი რწმენა
კი არა, არამედ ჭეშმარიტი სარწმუნოება, სარწმუნოება სამოციქულო, მართლმადიდებელი!

ჩვენ რომ ვამბობთ, ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოება, არ უნდა ვიფიქროთ,
თითქოს რადგან ჩვენ მართლმადიდებლები ვართ, ამიტომ გვგონია, რომ ეს არის ჭეშმარიტი
გზა ღვთისაკენ. მართლმადიდებლობა – ეს არის განუყოფელი, მთლიანი ეკლესიის
სარწმუნოება და ტრადიცია. თავიდან იყო მხოლოდ ერთი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო
ეკლესია!

სიტყვა „კათოლიკე“ – კათოლიკურს კი არ ნიშნავს, არამედ – „მსოფლიოს“. აქედან
მომდინარეობს ეკლესიის მეთაურის კათოლიკოს-პატრიარქის ტიტული. „კათოლიკოს“ – ე.ი.
საყოველთაო. და სადაც არ უნდა იყოს ქართველი ადამიანი, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა
ცხოვრობდეს, სულიერად ის უნდა იყოს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მფარველობისა
და ლოცვის ქვეშ.

რადგან მართლმადიდებლობა ინახავს განუყოფელი ეკლესიის ტრადიციას, მისდამი
ინტერესიც ყოველთვის იყო და არის.

ამით შეიძლება, ავხსნათ ის ფაქტი, რომ დღეს ძალიან ბევრი ადამიანი კათოლიკური
და, მითუმეტეს, პროტესტანტული დენომინაციებიდან, – მართლმადიდებლობაზე გადმოდის.
სხვადასხვა ადამიანები ეძებენ ჭეშმარიტებას და მხოლოდ მართლმადიდებლობაში პოულობენ.
ასეთი შემთხვევა ძალიან ბევრია.

მინდა გითხრათ ასევე მოძღვრის მოვალეობის შესახებ. მოძღვარი არის სულიწმიდის
მადლის გამტარებელი. მასზე არის გადმოსული მადლი ყოვლადწმიდისა სამებისა. და ღვთის
მადლი მას ეძლევა იმისათვის, რომ იგი მრევლს, მორწმუნე ხალხს გადასცეს. ზოგიერთი
ჩვენი მორწმუნე სწორედ ვერ აფასებს მოძღვრის მოვალეობას და ასე მსჯელობს: მე მივალ
ან არ მივალ ამა თუ იმ ეკლესიაში, იმიტომ რომ იქ ჩემი მოძღვარი არ არის ან პირიქით,
– მივალ იქ, იმიტომ რომ იქ ჩემი მოძღვარია. ეს არ არის სწორი დამოკიდებულება. ჩვენ
მოძღვართან, პატრიარქთან თუ მღვდელმთავართან კი არ მივდივართ, არამედ უფალთან
მივდივართ! მოძღვარი თავისი ავტორიტეტით, თავისი პიროვნებით არ უნდა ფარავდეს
ღმერთს! მოძღვარი უნდა დადგეს ჩრდილში და ღვთისაკენ გზა უნდა უჩვენოს.

მინდა მოვიყვანო მაგალითი ერთი ინდოელის ცხოვრებიდან. იყო ერთი პიროვნება
შეძლებული ოჯახიდან. იგი ინდუისტური რელიგიის მიმდევარი იყო. მაგრამ თავისი
სარწმუნოება მას არ აკმაყოფილებდა და ამიტომ ჭეშმარიტებას ეძებდა. ამ ძიების გზაზე
მან ბევრი რამ შეისწავლა: წაიკითხა ყურანი – უნდოდა გაეგო, რა არის ისლამი,
წაიკითხა ბიბლია – უნდოდა გაეგო, რა არის ქრისტიანობა. მაგრამ როცა ბიბლია
წაიკითხა, ვერაფერი გაიგო და წმიდა წერილი დაწვა. ბოლოს სასოწარკვეთილებაში
ჩავარდა. რადგან ჭეშმარიტება ვერ ჰპოვა, იფიქრა, არ არსებულა იგი ამქვეყანადო და
გადაწყვიტა, თავი მოეკლა. იქვე მახლობლად მატარებლის სადგური იყო. მან იცოდა, რომელ
საათზე ჩამოივლიდა იქ მატარებელი და ღამეს ელოდა, რათა ლიანდაგზე გაწოლილიყო. როცა
ის თავის მოსაკლავად უნდა წასულიყო, ოთახში რაღაც ნათება დაინახა. იფიქრა, ალბათ,
რომელიმე მოსამსახურემ ნათურა აანთოო. (მის ოჯახს ხომ მრავალი მოსამსახურე ჰყავდა)
მაგრამ ნათებამ იმატა და მის ოთახში უფალი ჩვენი იესო ქრისტე შევიდა! მაცხოვრის
პირველი სიტყვები იყო: „რატომ მდევნი მე?“ ინდოელი შეცბა: „ვინ ხარ?“ მაცხოვარმა
მშვიდად მიუგო: „მე ვარ იესო ქრისტე, რომელსაც შენ დევნი!“ გახსოვთ, სწორედ ამ
სიტყვებით მიმართავს უფალი სავლეს და შემდეგ სავლე გადაიქცა პავლედ. აი, ასეთი
საოცარი ჩვენება ჰქონდა ამ პიროვნებას! იგი სასწრაფოდ წამოვარდა ლოგინიდან, მივარდა
თავის მამას, გააღვიძა იგი და უთხრა: „დღეიდან მე ქრისტიანი ვარ!“ მამას გაუკვირდა:
„რატომ? შენ ხომ ბიბლია დაწვი?“ შვილმა უთხრა: „უფალი იყო დღეს ჩემთან!“ მამას
ეწყინა, რადგან ეგონა, რომ მისი ვაჟი ფსიქიურად ჯანსაღად აღარ არის და ლაპარაკი
დაუწყო: „შვილო, ჩვენი წინაპრები, მე თვითონ, ჩვენ ყველანი ინდუისტები ვართ და ნუ
უღალატებ მამა-პაპის რწმენას, ნუ შეიცვლი რელიგიას. მაგრამ თუ მაინც შენსას არ
დაიშლი, იცოდე, ეს დიდი სიმდიდრე სხვებს დარჩებათ, მე უარს ვიტყვი შენს მამობაზე,
შენ აღარ იქნები ჩემი შვილი!“ და შვილმა საოცარი სიტყვები უთხრა მამას: „მე ისეთი
სიმდიდრე შევიძინე, რომ სხვა აღარაფერი დამჭირდება!“

ამ საუბრის შემდეგ ვაჟმა გადაწყვიტა, წასულიყო სახლიდან. მამამისმა მოსამსახურეს
უბრძანა: „საჭმელი აჭამეთ და ისე გაისტუმრეთ, ხოლო საჭმელში საწამლავი ჩაუყარეთ, ეგ
არ უნდა იყოს ცოცხალი.“ და მართლაც, სადილში საწამლავი ჩაუყარეს. ვაჟმა სადილი
მიირთვა და სახლიდან წავიდა. გზაში ცუდად გახდა. ეს ისეთი საწამლავი იყო, რომ იგი
ვერ გადარჩებოდა, აუცილებლად უნდა მომკვდარიყო. ვაჟი ლოცულობდა: „უფალო, იესო
ქრისტეო, მე ჯერ არაფერი გამიკეთებია კეთილი და ჯერ ნუ წამიყვან. მაპატიე ჩემი
ცოდვები. მე მინდა გემსახურო შენ!“ უფალმა შეიწყალა და ის გადარჩა.

ის სულ ამბობდა: „მე ვარ იესო ქრისტეს მიმდევარი, მისი მოწაფე!“

ეს ვაჟი შემდეგ ქადაგებდა ქრისტეს რწმენას არა მხოლოდ ინდოეთში, ასევე
ევროპაშიც. ერთხელ მას ჰკითხეს: „შენ, გისმენს მთელი ინდოეთი, მთელი მსოფლიო და
ნუთუ ამის გამო ამპარტავნების და სიამაყის გრძნობა არ გეუფლება?“მან გაიკვირვა და
უთხრა: „არა, რადგან ამას ყველაფერს უფალი აკეთებს.“ და საოცარი მაგალითი მოუყვანა:
„გახსოვთ, როცა იესო ქრისტე ზეიმით შედიოდა იერუსალიმში? ის იჯდა ჯორზე და ხალხი
მას ტანსაცმელს უშლიდა და ვირი ზედ მიაბიჯებდა. ამის გამო ვირს ხომ არ დაეუფლებოდა
ამპარტავნება? ეს ვირს კი არ უფენდნენ ტანსაცმელს, ის ვინც იჯდა იმ ვირზე, იმას
უშლიდნენ სამოსს და ბაიას ტოტებს, პატივს იესო ქრისტეს მიაგებდნენ! ასევე ვარ მე, –
უფალი, რომელიც ჩემთან არის და რომელიც ამ სასწაულებს იქმს, აი, იმას სცემენ
თაყვანს მორწმუნე ადამიანები და არა მე.“

როცა ჩვენ ღვთისმსხაურების შემდეგ გამოვდივართ, თქვენ დგებით და ღებულობთ
ლოცვა-კურთხევას; და თქვენ გრძნობთ იმ მადლს, იმ ძალას, რომელიც თქვენზე გადმოდის.
ღვთის მადლით, სასწაულებიც სრულდება. მაგრამ ეს ჩემგან კი არ არის, – ამას თქვენ
უფალი გაძლევთ. სასულიერო პირი უბრალოდ მადლის გამტარებელია და სხვა არაფერი, – ის
არის მდაბალი და უღირსი მონა ღვთისა.

დღეს არის დიდი და მოწყალე წმიდანის დღესასწაული. წმიდა ნიკოლოზის დღესასწაული
და ჩვენთან ტრადიციად იქცა, რომ წმიდა ნიკოლოზის დღესასწაულზე ჩვენ ვლოცავთ
მეცნიერებს; ჩვენ ვლოცავთ იმ ადამიანებს, რომლებიც მოღვაწეობენ ეკოლოგიაში, ჩვენ
ვლოცავთ მთელ საქართველოს. უფრო სწორედ, ჩვენ კი არ ვლოცავთ, – წმიდა ნიკოლოზის
მეოხებით, უფალი ლოცავს!

ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ პერიოდში. მაგრამ ღვთის მადლით, ღვთის ძალით,
აუცილებლად გავალთ სამშვიდობოზე! ნათელი ქრისტესი აუცილებლად გაგვიძღვება წინ და
მიგვიყვანს უფალთან!

ღმერთმა დაგლოცოთ. კიდევ ერთხელ მინდა, დავლოცო ჩვენი მეცნიერები, ეკოლოგიის
მეცნიერებათა აკადემია, ჩვენი ეროვნული აკადემია, რომელსაც ასევე სჭირდება წმიდა
ნიკოლოზის დახმარება, ჩვენი უნივერსიტეტები. დიდია მათი დამსახურება ერის წინაშე და
ამის დაჩრდილვას ვერავინ შეძლებს.

მინდა დღეს დავლოცო მოძღვარი, მღვდელი იოსები, რომელსაც აქვს დამთავრებული
სამხატვრო აკადემია. როგორც იცით, წელს თბილისის სასულიერო აკადემიასთან გაიხსნა
ხატწერისა და რესტავრაციის ფაკულტეტი და მამა იოსები ამ ფაკულტეტის დეკანი გახლავთ.
დღეს მინდა, აღვნიშნო მისი მოღვაწეობა, მისი თავდაბლობა, მისი საქმიანობა ღვთისა და
ერის წინაშე და დავაჯილდოვო იგი ოქროს ჯვრით და დეკანოზის ხარისხით.

დღეს, ასევე, განსაკუთრებით მინდა, დავლოცო ჩვენი მომღერლები და მგალობლები.
საერთოდ, მინდა ვთქვა, რომ ქართული სიმღერა და გალობა არის ჩვენი ერის შინაგანი
სამყაროს, მისი თვისებების გამოვლინება. საოცარია, ქართული ხალხური სიმღერა და
საეკლესიო საგალობელი! მსოფლიოში არ არსებობს ისეთი გალობა, როგორიც ქართულია.
ქართული პოლიფონია – ეს არის უდიდესი საუნჯე!

მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობისამებრ, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ არ
დაიკარგოს ჩვენი უძველესი და ულამაზესი ხალხური სიმღერები და საეკლესიო
საგალობლები, რომლებიც აკეთილშობილებს ადამიანის გულს, მის გრძნობებს და ჩვენი
გონება ზეცად აჰყავს. ღმერთმა დალოცოს ჩვენი მომღერლები, ჩვენი მგალობლები და
სრულიად საქართველო!

წმიდა ნიკოლოზმა დალოცოს თქვენი ოჯახები, თქვენი შვილები. წმიდა ნიკოლოზმა
გაამთლიანოს საქართველო, ჩვენი ეკლესია, ჩვენი ერი!

წმიდა ნიკოლოზი თქვენ იცით, არის მფარველი ჩვენი ეკლესიისა და ჩვენი ერისა. და
ჩვენ მისგან აუცილებლად ვიხილავთ სასწაულს.

დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა და ბედნიერი შობა-ახალწელიწადი
გაგითენოთ!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №45(353),
2005 წ.