საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ქადაგება ნათლისღების დღესასწაულზე (19 იანვარი, 2006 წ.)

19 იანვარი
%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%97%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a6%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%a6-2

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება ნათლისღების დღესასწაულზე

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 19 იანვარი, 2006 წ.

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ყველას გილოცავთ ნათლისღებას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ეს არის უდიდესი
დღესასწული, უდიდესი ზეიმი ცათა და ქვეყანისა, როცა ცა და ქვეყანა ერთად ადიდებს
ყოვლადწმინდა სამებას, მამასა, ძესა და სულსა წმინდასა. ეს არის დღესასწაული,
რომელსაც ეწოდება განცხადება ყოვლადწმინდისა სამებისა, როცა ძე ღვთისა ჩადის იორდანეში, სულიწმინდა სახითა ტრედისათა
გარდამოდის მასზე და ისმის ხმა მამისა: „შენ ხარ ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო
გიყავ“. ეს დღესასწაული განსაკუთრებით ძვირფასია ჩვენთვის, რადგან ჩვენი დიდებული
ტაძარი წმინდა სამების სახელობისაა. დღეს ყოველმა ადამიანმა უნდა გახსნას თავის გული
და გონება, რომ უფალი შემოვიდეს ჩვენში და დაემკვიდროს ჩვენთან. ამ დღეს ეკურთხება
ფიზიკური და სულიერი სამყარო, რადგან – სულიწმინდა გადმოდის მთელ ქვეყანაზე და
მისი მადღოთ ივსება ყოველივე, – წყალი, ბუნება, ადამიანი, მცენარეები, ცხოველები.

მაგრამ ჩვენი ყურადღება განსაკუთრებით უნდა მივაქციოთ იმ სიწმინდეს, რომელიც თქვენ
დაგირიგდებათ, ეს არის ნაკურთხი წყალი, რომელსაც ეწოდება დიდი აიაზმა. წყლის
კურთხევა წელიწადში სრულდება მხოლოდ ორჯერ: ნათლისღების წინა საღამოს და დღეს,
ნათლისღების დღესასწაულზე. ეს არის უდიდესი საკვირველება, როცა წყლის საშუალებით,
წყლის სხურებით ადამიანი განიწმინდება ბიწისგან, ცოდვებისაგან, ბიროტებისაგან და
მასზე გადმოდის სულიწმინდა.

ძალიან ხშირი შემთხევაა, როცა ურწმუნო ადამიანები ან სკეპტიკოსები ამბობენ, რომ
თითქოს ეს არ არის სასწაული. მე
მახსენდება ის პერიოდი, როცა ხელისუფლება იყო ურწმუნო და ისინი ამბობდნენ, რომ
სამღვდელოება წყალს ვერცხლის ჯვრით აკურთხებს და ამიტომ ძლებს იგი დიდხანს და არ
ფუჭდებაო. ეს, რა თქმა ენდა, აბსურდია, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ეს იქნება
ვერცხლის ჯვარი, ოქროსი თუ ხის, მთავარია ის უდიდესი და ამოუხსნელი ძალა,
სულიწმიდის მადლისა, რომელიც ამ ჯვარშია.

მახსენდება, ჩვენს ოჯახში გვქონდა ბოთლით წყალი, რომელიც მოტანილი იყო ეკლესიიდან ჩემი
დაბადების წელს და იგი დღეს ახლადჩამოსხმულივითაა.

სამწუხაროდ, ახლაც გაიგონებთ ასეთ აზრს: შევქმნათ მეცნიერთა კომისია, რომელიც
შეისწავლის, თუ რაშია ნაკურთხი წყლის ძალა. როგორ შეიძლება, ადამიანმა ამოიცნოს
ღვთის განგება, ღვთის სასწაული; ადამიანის გონება ვერ
სწვდება და ვერც მისწვდება ამას, ჩვენი რწმენით, ჩვენი სიყვარულით უნდა მივიღოთ იგი
და მადლობა შევწიროთ უფალს.

თქვენ დღეს უნდა წაიღოთ იმდენი წყალი, რომ მთელი წელი გეყოთ, მისვლისთანავე უნდა
ასხუროთ და დაალევინოთ იგი თქვენს შვილებს. გუშინ და დღეს მთელი დღის განმავლობაში
შეიძლება სვათ ეს წყალი, ხოლო შემდეგ, დანარჩენ დღეებში მხოლოდ უზმოზე; როცა
მოგაკლდებათ, შეგიძლიათ ონკანიდან დაუმატოთ წყალი და ის წყალიც განიწმიდნება, ანუ ის
წყალიც ნაკურთხი ხდება, რომელსაც ჩვენ ამ სიწმინდეს დავუმატებთ. ამიტომ შინ
დაბრუნებისას ასხურეთ ეს წყალი თქვენს ქუჩას, ეზოს, სახლს და ეს ყველაფერი ღვთის
მადლითა და ძალით განიწმინდება ყოველისაგან ბიწისა. მთავარია, ადამიანმა რწმენით
მიიღოს ეს ყველაფერი.

სახარებაში ვკითხულობთ, რომ როცა უფალი განკურნებდა ადამიანს, ეუბნებოდა: „სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა (ანუ განგკურნა) შენ“. საჭიროა ჩვენი სარწმუნოება
და სიყვარული. იგი საკმეველივით ადის ზეცად და უფალს ესმის ყველაფერი.

ღმერთმა გადმოხედოს საქართველოს და მთელ მსოფლიოს, ღმერთმა დალოცოს მთელი
საქართველო, ღმერთმა გაამთლიანოს ჩვენი ქვეყანა, ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ, თქვენი
შვილები, ოჯახები.

ღმერთმა დალოცოს მთელი სამყარო!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №5,
2006 წ.