საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ქადაგება მთავარანგელოზობას (21 ნოემბერი, 2001 წ.)

21 ნოემბერი
%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%97%e1%83%90%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%92%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%96-2

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება მთავარანგელოზობას

სიონის საკათედრო ტაძარი, 21 ნოემბერი, 2001 წ.

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ყველას გილოცავთ ანგელოზის დღეს. უფლის ანგელოზნი მარად ყოფილიყვნენ თქვენი და
სრულიად საქართველოს მცველნი და მფარველნი. დღეს განსაკუთრებული დღესასწაულია –
ხსენება წმიდა მთავარანგელოზ მიქაელისა, სხვათა მთავარანგელოზთა და ყოველთა
ზეციურთა ძალთა.

წმიდა წერილი იწყება სიტყვებით: „დასაბამად ქმნა ღმერთმან ცანი და ქვეყანა“.
წმიდა მამები განმარტავენ, როცა მოსე წინასწარმეტყველი ამბობს: „ცა და ქვეყანა“, ცა
ნიშნავს ზეციურ სამყაროს, რომელშიც შედიან მთავარანგელოზები, ანგელოზები, ძალნი
ცათანი, სულ 9 დასი. ამიტომ რიცხვი 9 – წმიდა რიცხვია; ყველა დასს თავისი მოვალეობა
აქვს. როგორც ვიცით, წმიდა სამებასთან ყველაზე ახლოს მდგომი ექვსფრთიანი სერაფიმნი
არიან, რომელნიც უფალს ადიდებენ. მათი მოვალეობაა დაცვა ადამიანისა. ნათლობის ჟამს
უფალი ადამიანს მიუჩენს მფარველ ანგელოზს და ბედნიერია ის, ვისაც არასდროს
განეშორება იგი, თუმცა ეს თავად ადამიანის ქცევაზეა დამოკიდებული.

მე არაერთხელ მითქვამს თქვენთვის, რომ ადამიანის სულიერ წინსვლაში მონაწილეობას
ღებულობს ორი ძალა – ღმერთი და თვით ადამიანი. ეს ორი ძალა, ორი ნებისყოფა, ორი
ენერგია ერთმანეთს უნდა დაუახლოვდეს და შეუერთდეს. წმიდა მამები ამბობენ, რომ
ამგვარ შეერთებას ეწოდება სინერგია და ასეთ შემთხვევაში ხდება სასწაული – ადამიანი
იწმიდება ცოდვებისაგან. ხდება ტაძარი სულისა წმიდისა, აღივსება უფლის მადლითა და
ცხოველსმყოფელი ძალით. ადამიანი სწორედ ამისთვის არის მოწოდებუილ, გახდეს ტაძარი
სულისა წმიდისა, ტაძარი ღვთისა. ჩვენ, ძალიან ხშირად, ჩვენი მოწოდების სიმაღლეზე არ
ვდგავართ და ცოდვებში ვვარდებით. მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ „არა არს კაცი,
რომელი სცხონდეს და არა სცოდოს“. წმიდა მამა იოანე ოქროპირი ამბობს: მთავარი ის კი
არ არის, რომ აღდგეს დაცემისაგან; ადამიანმა ძალა უნდა მოიკრიბოს, წამოდგეს,
მივიდეს აღსარებაზე, კვლავ მიიღოს წმიდა ზიარება და სასოწარკვეთილებაში არ
ჩავარდეს. ეშმაკი ძალიან ხშირად თრგუნავს ადამაინის სულს. როცა ადამიანი რომელიმე
ცოდვაში ვარდება, ბოროტი ძალა შთააგონებს მას, რომ უკვე დაღუპულია, რომ ეს
გამოუსწორებელია და აღარ შეენდობა – რაც ეშმაკისაგან მომდინარეობს. ასეთ დროს მას
ეუფლება სასოწარკვეთილება, უიმედობა და ძალიან ცუდად ამთავრებს ყოველივეს.
ადამიანმა არასდროს უნდა დაკარგოს ღვთის იმედი. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ უფლის
სიყვარული და უფლის წყალობა ყოველგვარ ცოდვას აღემატება. მთავარი ის არის, რომ
ადამიანმა მოინანიოს. როცა იგი ცოდვაში ვარედებამ არ უნდა დატკბეს ამით, არ უნდა
გაამართლოს ეს ცოდვა, არ უნდა იმართლოს თავი, არ უნდა მიიღოს და შეიტკბოს იგი,
როგორც რაღაც ზებუნებრივი მოვლენა. ხშირად, როცა ადამიანი ამბობს: „მე ისეთივე
ხორციელი ადამიანი ვარ, როგორც სხვები“ და მიიჩნევს, რომ სხვათა მსგავსად, მასაც
შეუძლია ცოდვებში ჩავარდეს – სწორად არ იქცევა. ცოდვას ადამიანი არასდროს უნდა
შეურიგდეს. უნდა ეჯავრებოდეს იგი და არ ჰკარგავდეს ღვთის იმედს.

ღმერთმა დაგლოცოთ! კიდევ ერთხელ გილოცავთ ანგელოზის დღეს! ანგელოზი მფარველი
იყოს თქვენი, თქვენი ოჯახებისა და თქვენი შვილების მფარველი. ეს დღესასწაული არის
უდიდესი დღესასწაულთა შორის. როგორც აღვნიშნეთ, ყოველ ჩვენთგანს ჰყავს მფარველი
ანგელოზი და დღეს მათი დღესასწაულიც აღინიშნება.

მრავალს დაესწარით მშვიდობით და სიხარულით!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №47, 2001 წ.