საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ქადაგება მარიამობის დღესასწაულზე (28 აგვისტო, 2010 წ.)

28 აგვისტო
%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%a6%e1%83%94-5

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება მარიამობის დღესასწაულზე

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 28 აგვისტო, 2010 წ.

„სიონი თბილია, როგორც დედის გული და ისეთი
ტკბილი, როგორც დედის უბე…“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს – მარიამობას! განსაკუთრებით ვულოცავ
იმათ, ვინც ატარებს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელს – მარიამებს!

ბედნიერი ვარ, რომ დღეს ვიმყოფებით ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის
საპატრიარქო ტაძარში. სიონი სულ სხვაა! სიონი თბილია, როგორც დედის გული და ისეთი
ტკბილი, როგორც დედის უბე! ჩვენ მუდამ ვგრძნობთ ამას. როცა აღვასრულებთ
წირვა-ლოცვას ამ წმინდა ტაძარში.

დღეს თითქოს სამგლოვიარო დღე უნდა ყოფილიყო, რადგან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის
გარდაცვალებას ვიხსენებთ, – მიძინებას. მაგრამ
ჩვენ ვხარობთ! ვხარობთ იმიტომ, რომ ღვთისმშობელმა დედამ დაგვიტოვა ნუგეშად
სიტყვები: მე თქვენთან ვარ ყოველთა დღეთა… ისევე, როგორც უფალი, დედა
ღვთისმშობელიც ჩვენთანაა და ჩვენ თაყვანს ვცემთ მას და ვმადლობთ!

ყველას არ ესმის ის ძალა და ის მადლი, რომელიც გარდამოდის საქართველოზე; მავანმა არ
იცის, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი განსაკუთრებით იფარავს ჩვენს ქვეყანას და
საქართველო არის მისი წილხვედრი. ეს რომ იცოდნენ, ჩვენი თანამემამულენი, ჩვენი
სახელმწიფოს მოსახლეობის ნაწილი არ წავიდოდა უცხოეთში. ჩვენ აქ უნდა ვიპოვოთ
საკუთარი ადგილი, ეს არის ჩვენი კურთხეული და დალოცვილი მიწა!

ჩვენ დავითიანნი ვართ! „დავითი“ ნიშნავს ღვთისაგან შეყვარებულს. ჩვენ ვუყვარვართ
უფალს, მიუხედავად მრავალი სისუსტეებისა. მადლის კეთებაც ვიცით, ცოდვაშიც
ვვარდებით, მაგრამ მერე ისევ ვდგებით და კვლავ გზას განვარძობთ და ისევ სიკეთეს
ვაკეთებთ. ამიტომ გამოითქვა მოწოდება ერისადმი: „ქართველნო, ერთად ღვთისაკენ!“ ჩვენ
ერთად უნდა ვიყოთ და ბედნიერება უცხოეთში კი არ უნდა ვეძიოთ, არამედ ჩვენივე
სამშობლოში. გახსოვდეთ, ჩვენ ბედნიერი ვიქნებით მხოლოდ საქართველოში! აქ არის ჩვენი
ფესვები, აქ არის ჩვენი წინაპრების ძვლები და იმედი მაქვს, რომ უცხოეთში წასული
ქართველი ხალხი კვლავ დაბრუნდება.

ჩვენ გვქონდა შეხვედრა დემოგრაფიული დარგის სპეციალისტებთან და ისინი ამბობენ, რომ
უცხოეთში წასული ქართველების გადაგვარება უკვე მეორე თაობიდან იწყება! ხშირ
შემთხვევაში უკვე მეორე თაობა ვეღარ ლაპარაკობს ქართულად. გახსოვდეთ, ქართული ენა –
ესაა ჩვენი ოქროს ზღუდე და მას სათუთად უწდა გავუფრთხილდეთ!

მინდა ვთქვა, რომ არც ერთი ერი, არც ერთი ქვეყანა ისე არ სცემს თაყვანს
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, როგორც საქართველო. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის
მიძინების შემდეგ, როცა მოციქულები ტრაპეზზე იკრიბებოდნენ, ორ სავარძელს თავისუფალს
ტოვებდნენ ერთს მაცხოვრისთვის და მეორეს – ღვთისმშობლისთვის. მოციქულებს სწამდათ, რომ მაცხოვარი და დედა ღვთისმშობელი უხილავად მათთან
იყვნენ. არც ერთ ერში არ არის დამკვიდრებული წესი, რომელიც ახასიათებს ქართულ
სუფრას. ქართველები ბოლო სადღეგრძელოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სადიდებლად
შესვამენ ხოლმე. პირველი სადღეგრძელო კი არის სადიდებელი ღვთისა – მამისა და ძისა
და წმინდისა სულისა! ეს ტრადიცია მტკიცედ უნდა გვახსოვდეს. აი, ამ საოცარ ზღუდეში,
ამ მფარველობის ქვეშ ვიმყოფებით! ამიტომ ნუ შეგეშინდებათ! იქონიეთ იმედი!

არსებობს ასეთი ხატი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, რომელსაც ეწოდება: „მე ვარ თქვენ
თანა და ვერვინ შემძლებელ არს წინააღდგომად თქვენდა“. ყველამ უნდა იცოდეს, დიდმა თუ
პატარამ, რომ ღვთისმშობელი დაიცავს ჩვენ ერს და არავის აპატიებს მის შევიწროებას!
ისტორიულად ჩვენ ამაში მრავალგზის დავრწმუნდით.

დღევანდელი დღის ტროპარში ვკითხულობთ: „შობასა ქალწულება დაიმარხე და მიცვალებასა
სოფელი არა დაუტევე…“ ეს იმას ნიშნავს, რომ დედა ღვთისამ არც გარდაცვალების მერე
დატოვა ქვეყანა და განსაკუთრებით თავისი წილხვედი საქართველო!

მინდა გაგახსენოთ ასევე შობის ხატის იკონოგრაფია. უძველესი დროიდან, ხშირ
შემთხვევაში, შობის ხატი ასე გამოისახებოდა: ბაგაში წევს მაცხოვარი ჩვენი იესო
ქრისტე და იქვე ახლოს ზის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, მაგრამ შვილს კი არ უყურებს,
არამედ მობრუნებული სხვაგან იცქირება. რას ნიშნავს ეს? განა შეიძლება, რომ დედა არ
უყურებდეს თავის ახალშობილ ჩვილს? ასე იმიტომაა გამოსახული, რომ ძველმა ხატმწერებმა
ამით გადმოგვცეს ქალწულება ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა, – „შობასა ქალწულება
დაიმარხე“… ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა შვა უფალი ჩვენი იესო ქრისტე, მაგრამ ის
დარჩა მარად ქალწულად, რომელმაც მიცვალებასა სოფელი არა დაუტევა! და ჩვენ ვმადლობთ
უფალს ამ დიდი წყალობისათვის!

მინდა გითხრათ, რომ ჩვენი წარმოდგენებით ხშირად
ვარდებით უკიდურესობებში, – ან ძალიან ვაქებთ საკუთარ თავს, ან ძალიან ვაძაგებთ.
ყოველ ადამიანს და ასევე ერს გააჩნია სამი სახე: ერთი, როგორ წარმოგვიდგენია
საკუთარი თავი, როგორ ვხედავთ ჩვენს თავს, მეორე – როგორ გვხედავს უცხო ადამიანი
თუ ერი და მესამე – რა ვართ სინამდვილეში. აი, ეს არის სამი განსხვავებული სახე
ადამიანისა. ყოველი ჩვენგანი უნდა ეცადოს, მიუახლოვდეს მესამე სახეს, ანუ იმას, რაც
ვართ სინამდვილეში. ადამიანი ბოლომდე
ვერ მიწვდება ამას, მაგრამ უნდა სცადოს, მიუახლოვდეს და შეიტყოს სინამდვილეში რა
ვართ და საით მივდივართ…

მინდა მოგცეთ ძალიან საჭირო დავალება და ეს ყველამ უნდა შეასრულოს. ყოველმა
ჩვენგანმა უფალს უნდა შეავედროს თავისი მშობლები, მამა-პაპანი და წინაპრები. ეს უნდა
იყოს ლოცვა უფლისადმი. უნდა დავიწყოთ ასე: სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა
სულისათა! და ჩვენგან უნდა წავიდეთ მაღლა, წარსულისკენ – ე.ი. ჯერ შევავედროთ
მშობლები, შემდეგ მამა-პაპანი და მერე, თუ ვიცით, იმათი წინაპრები და ა.შ.
ამგვარად ჩვენი ლოცვა უნდა მივიდეს ადამთან და ევასთან, რადგან ყველანი მათგან
მოვდივართ. ეს იქნება დიდი ძალისა და მადლის მომცემი ჩვენი ერისა და თითოეული
ჩვენგანისთვის. ვისაც ეხერხება, შეიძლება დაწეროს ლექსად, შეიძლება დაწეროთ
უბრალოდ, თქვენი სიტყვებით, დაახლოებით ასე: „უფალო, წმინდა სამება, გევედრებით,
შეიწყალე ჩემი მშობლები, ჩემი წინაპრები…“ და უნდა ეცადოთ, რომ ვისი სახელები და
გვარებიც გახსოვთ, ახსენოთ, რომ იცოდეთ, როგორი ადამიანია და როდის ცხოვრობდა.

ამ კურთხევის შესასრულებლად თქვენ გეძლევათ ორი კვირა. შეიძლება გამოგივიდეთ
5 ფურცლამდე. ჩვენ შევაგროვებთ თქვენს მოსახსენებლებს და ეს იქნება რაღაც უნიკალური
ერთი დიდი მოსახსენებელი. ჯერ მსოფლიოში არ გაკეთებულა სხვა ამგვარი. უფალმა
შთაგვაგონა, რომ ჩვენ ვალდებული ვართ, როგორც დავითიანნი, – ღვთისაგან
შეყვარებულნი. მუდამ გვახსოვდეს, რომ უფალი გვწაყლობს, წყალობს ჩვენს სამშობლოს
ისევე, როგორც სწყალობდა დავით წინასწარმეტყველს. შეცდომებიც ჰქონდა დავით მეფსალმუნეს, მაგრამ უფალს მაინც უყვარდა
იგი და ანიჭებდა დიდ მადლს, რადგან ხედავდა მის დაბადებასაც და ბოლო ჟამსაც
ისე, როგორც ადამიანი უყურებს აწმყოს.

მაშასადამე, დაიმახსოვრეთ, რომ საქართველოში ყველას ეძლევა ლოცვა-კურთხევა, –
შევავედროთ უფალს ჩვენი მშობლები და წინაპრები. ამ მოსახსენებელ ლოცვაში უნდა
გამოვთქვათ ჩვენი სიყვარული, უპირველეს ყოვლისა, უფლისადმი, წმინდა სამებისადმი,
უნდა დავწეროთ იმის შესახებ, თუ როგორ გვეხმარება ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ჩვენ
პირადად და ეხმარებოდა საქართველოს. ვიმეორებ, ეს ლოცვა უნდა ავიდეს ადამთან და
ევასთან. ამით თქვენ მიიღებთ დიდ მადლს და დიდ წყალობას ღვთისაგან.

საერთოდ, უნდა იცოდეთ, რომ არსებობს სულთა კავშირი წასულებსა და ამქვეყნად
მცხოვრებთა შორის. როცა ადამიანი გარდაცვალების პირასაა, ხშირად მას ეგებებიან
მისი წინაპრები, მისი მშობლები და შესაძლოა – წმინდანებიც კი. ეს არ არის
ჰალუცინაცია, ეს არის სინამდვილე, მას აქვს ხილვა. სულები ხვდებიან ერთმანეთს.
ძალიან ძნელია განშორება სულისა და ხორცის. ადამიანი დაბადებულია უკვდავად და
ცოდვამ მოიტანა სიკვდილი. ასე რომ, იმედი მაქვს, ორ კვირაში თქვენ მოასწრებთ ამის
დაწერას. გთხოვთ, ერთი პირი მე გამომიგზავნეთ და ასლი თქვენთვის დაიტოვეთ. ეს
მოსახსენებელი ლოცვა ყოველდღე თუ არა, კვირაში სამჯერ მაინც წაიკითხეთ. ჩვენც
ვეცდებით, მოვიხსენოთ თქვენი წინაპრები.

დალოცვილი და გახარებული იყავით. ღმერთმა დალოცოს ჩვენი წინაპრები! მათი ლოცვით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვით,
ღმერთმა დაგვიცვას და დაგვიფაროს ხილული და უხილავი მტრებისაგან! ღმერთმა დალოცოს
ჩვენი ახალგაზრდობა, ღმერთმა დალოცოს უცხოეთში წასული ქართველობა და მშვიდობით
დააბუნოს შინ. ღმერთმა დალოცოს ჩვენი მეცნიერები, ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი
პრეზიდენტი, ჩვენი მთავრობა. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ჯარისკაცები, რომლებიც
იმყოფებიან როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში და ღმერთმა გაგვაერთიანოს ყველანი! ღმერთმა მოგვცეს ძალა
და მადლი! უფალმა ყველაზე დიდი ჯილდო მოგვცა
ჩვენ ქართველებს – სიყვარული და ჩვენ ვმადლობთ
უფალს ამ დიდი წყალობისათვის! სიყვარული ღმერთმა გვიბოძა, რადგან ვართ
დავითიანნი! ჩვენი სახელი,
სახელი საქართველოსი
არის დავითი, – საქართველოზე შეყვარებულნი.

დღეს შედგა ორი ხელდასხმა: ერთი – მღვდლისა
და მეორე – დიაკონისა. მე
მინდა წარმოგიდგინოთ ახლად ნაკურთხნი. მღვდელმონაზონი გიორგი არის
აფხაზეთიდან. მან გამოიარა მთელი ის უბედურება,
რომელიც დაატყდა თავს
ჩვენს ქვეყანას და გამოიარა უდიდესი ვაჟკაცობით, დიდი რწმენითა და დიდი სიყვარულით.
სიყვარული მას, უპირველეს ყოვლისა, მტრებისა აქვს და იგი არ ფიქრობს სამაგიეროს
მიზღვევაზე. ამიტომ დღეს მღვდლად ხელდასხმასთან ერთად იგი ჯილდოვდება ოქროს ჯვრით
და იღუმენის წოდებით.

ღმერთმა დალოცოს, გაახაროს, გააძლიეროს, დიდი მადლი მისცეს იღუმენ გიორგის და
ყველანი ერთად ღმერთმა მალე დაგვაბრუნოს აფხაზეთში!

მინდა ასევე წარმოგიდგინოთ დღეს ნაკურთხი დიაკონი. იგი გასულ ხუთშაბათს აღიკვეცა
ბერად და დღეს უკვე ნაკურთხია დიაკვნად. იგი გახლავთ გულ-სისხლძარღვთა ქირურგი;
მუშაობდა მოსკოვში სახელოვან ბოკერიასთან ერთად. თქვენ იცით, ლევან ბოკერია არის
მსოფლიოში ცნობილი ქირურგი და მამა გრიგოლი მისი მოწაფე გახლავთ. აღკვეცაში ჩვენ
მას გრიგოლ ხანძთელის სახელი ვუწოდეთ. მამამისიც გულ-სისხლძარღვთა ქირურგია და
იმედი მაქვს, რომ სასულიერო მოღვაწეობასთან ერთად მამა გრიგოლი გააგრძელებს ხალხის
დახმარებას და ეს დიდ შედეგს გამოიღებს. ღმერთმა დალოცოს იეროდიაკონი გრიგოლი,
ამინ!

დალოცვილი და გახარებული იყავით თქვენ და სრულიად საქართველო, ამინ!

ჩვენთან არს ღმერთი! 

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №28, 2010 წ.