საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ქადაგება მარიამობის დღესასწაულზე (28 აგვისტო, 2008 წ.; სიონის საპატრიარქო ტაძარი)

28 აგვისტო
%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%a6%e1%83%94-3

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება მარიამობის დღესასწაულზე

სიონის საპატრიარქო ტაძარი, 28 აგვისტო, 2008 წ.

„ყოველდღე ილოცეთ: უფალო, დიდება
შენდა! წყალობითა შენითა დაგვიბრუნე აფხაზეთი და სამაჩაბლო!“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს –
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღეს – მარიამობას და სიონობას! ეს არის
ჩვენი უდიდესი დღესასწაული.

სიონი არის თბილისის თანატოლი. როდესაც თბილისს ჩაეყარა საფუძველი, იმ დროს
ჩაეყარა საფუძველი სიონის ტაძარსაც.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დედა ბრძანდება საქართველოს მფარველი, ბრძანდება შემწე
და მეოხი ჩვენი წინაშე ძისა თვისისა და ღვთისა ჩვენისა! დღეს განსაკუთრებით
შევთხოვთ ღვთისმშობელ დედას, დაიცვას და დაიფაროს თავისი წილხვედრი ქვეყანა
სრულიად საქართველო და გვიხსნას ხილული და უხილავი მტრებისგან! სიკეთით, რწმენით,
სიყვარულითა და სასოებით აღავსოს თითოეული ჩვენგანის გული და გონება.

ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ პერიოდში, როცა განსაცდელი მოინევს საქართველოზე.
მაგრამ ჩვენ არ უნდა შევუშინდეთ განსაცდელს! ქართველი ერი სულით ძლიერია, ძლიერია
გონებით, ძლიერია სულიერად და ფიზიკურად და ქართველ ერს ვერავითარი შინაური თუ
გარეშე მტერი ვერ გატეხს!

როდესაც წმინდა მამები ხედავდნენ, რომ განსაცდელი არ ჰქონდათ, ტიროდნენ, – ღმერთმა
დაგვივიწყდაო. და ღმერთი უგზავნიდა მათ განსაცდელსა და მწუხარებას. ამიტომ ჩვენ
უნდა
გვახსოვდეს, რომ ჩვენი მწუხარება ღვთისგან ბოძებული წყალობაა ჩვენთვის და ჩვენი
მწუხარება სიხარულით შეიცვლება.

ქართველი ადამიანი ისეთი ბუნებით არის დაჯილდებული, რომ ბოროტებას ვერ იდებს გულსა
და გონებაში. ის, ვინც
ღვარძლს გულში იბუდებს, უპირველეს ყოვლისა, თავის თავს ვნებს.
ქართველ ადამიანს ეს არ
შეუძლია, მადლობა
ღმერთს! ამიტომ შევთხოვთ უფალს, რომ ყველა ხილული თუ უხილავი
მტერი მოყვარედ გვიქციოს! ეს არის ჩვენი თხოვნა-ვედრება!

მაგრამ ამავე დროს
ჩვენ უნდა ჩავუღრმავდეთ საკუთარ თავს, ჩავხედოთ ჩვენს გულს, ჩვენს
გონებას. გავაანალიზოთ
ჩვენი ყოფა და დავინახოთ, რომ ბევრი რამ ჩვენშიც არ არის სწორი.
ღმერთმა შეგვინდოს და
შეგვიწყალოს.

ყოველდღე უნდა შევთხოვოთ უფალს, დაგვიბრუნოს აფხაზეთი და სამაჩაბლო! ამისთვის
შეიძლება ამ მოკლე ლოცვის თქმა: „უფალო, დიდება შენდა! წყალობითა შენითა დაგვიბრუნე
აფხაზეთი და სამაჩაბლო!“

ჩვენმა მორჩილებმა დაწერეს შედარებით უფრო ვრცელი ლოცვა: „ცას სწვდება გოდება
შვილთა დედისა შენისა წილხვდომილისა ქვეყნისა, უფალო, შეგვიწყალენ და დაგვიბრუნე,
ღმერთო ძლიერო, აფხაზეთი და სამაჩაბლო, ოდითგანვე სამფლობელო ქართველთა მეფეთა,
მეოხებითა ყოვლადწმინდისა ღვთისმშობელისა და ყოველთა წმინდანთა, ამინ!“

კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ვერავითარი მტერი ვერ გატეხს საქართველოს; საქართველო ძლიერია, საქართველო იყო და იქნება მთლიანი და ერთიანი!

1 სექტემბერს მთელი მსოფლიო გამოეხმაურება საქართველოს სამშვიდობო აქციას, რომლის
მხარდასაჭერადაც დადგებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველები
ცოცხალი ჯაჭვის სახით.

გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, თქვენც მიიღოთ მონაწილეობა ამ აქციაში და თან ილოცოთ.
ჩვენ უნდა გვახსოვდეს ძველი სიბრძნე: „წყალი მიდგება-მოდგება და თავს საგუბარში ჩადგებაო“. აფხაზეთი და სამაჩაბლო იყო და დარჩება
საქართველოს შემადგენლობაში!

ღმერთმა დაგლოცოთ. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დედამ გადაგაფაროთ თავისი კალთა
თქვენ და სრულიად საქართველოს! დალოცვილი და გახარებული იყავით და მშვიდობა,
სიხარული და სიყვარული სუფევდეს თქვენში, მთელს საქართველოსა და მსოფლიოზე, ამინ!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №30, 2008 წ.