საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ქადაგება მამადავითზე (4 ივნისი, 2009 წ.; მამადავითის ტაძარი)

4 ივნისი
%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%95%e1%83%98%e1%83%97%e1%83%96%e1%83%94-4-%e1%83%98%e1%83%95

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება მამადავითზე

მამადავითის ტაძარი, 4 ივნისი, 2009 წ.

„თავმდაბლობა – ეს არის ყველაზე მოკლე გზა სასუფევლისაკენ!“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

„დიდ ხარ შენ, უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი.“ უფლის საკვირველება,
უფლის დიდი წყალობა ხშირად ვლინდება ადამიანებში. ასეთი განსაკუთრებული მადლით
დაჯილდოებული ბრძანდება ღირსი მამა დავით გარეჯელი.

თქვენ იცით, ღირსი მამა დავით გარეჯელი იყო მოწაფე იოანე ზედაზნელისა. მან თავისი
ღვაწლით განსაკუთრებული მადლი მოიპოვა ღვთის წინაშე. ამას მან, უპირველეს ყოვლისა,
თავმდაბლობით მიაღწია.

თავმდაბლობა – ეს არის ყველაზე მოკლე გზა სასუფევლისაკენ. ბიბლიაში წერია. ღმერთი
ამპარტავანსა შემუსრავს, ხოლო თავმდაბალს მიანიჭებს მადლს. ღირსმა მამა დავით
გარეჯელმა თავმდაბლობით დაითმინა მრავალი ცილისწამება და განსაცდელი. ის
მოღვაწეობდა ამ წმინდა ადგილზე, სადაც ჩვენ დღეს ლოცვებს აღვავლენთ. ვფიქრობ,
მსოფლიოში ძნელად მოიპოვება ასეთი თავმდაბალი ადამიანი, როგორიც ღირსი მამა დავით
გარეჯელი იყო.

თქვენ იცით მისი ცხოვრებიდან, რომ მამა დავითმა გადაწყვიტა, იერუსალიმში წასულიყო,
მოელოცა წმინდა მიწა, თაყვანი ეცა მაცხოვრის ნაკვალევისთვის და წმინდა
ადგილებისთვის, რომელიც დაკავშირებულია უფალთან. საოცარია, მაგრამ როდესაც ადამიანი
უახლოვდება სიწმინდეს, უფრო მეტად გრძნობს თავის უღირსობას, საკუთარ ცოდვებს. მამა
დავითი ფეხით ჩავიდა იერუსალიმში, მიადგა წმინდა ქალაქს და შესვლა ვერ გაბედა,
რადგან უღირსად მიიჩნევდა თავს. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელმაც ასეთი შორი გზა
ფეხით გაიარა, რათა თაყვანი ეცა წმინდა ადგილებისთვის, მიადგა ქალაქის გალავანს და
ქალაქში არ შევიდა! იგი მივიდა იერუსალიმის კედელთან და იქ ილოცა, ევედრებოდა უფალს –
ებოძა მადლი. როდესაც ლოცვა დაასრულა, იქვე, გალავანთან, სამი ქვა აირჩია, ემთხვია
კედელს და უკან, საქართველოში გამობრუნდა.

იერუსალიმის ეკლესიის მეთაურს ჰქონდა ჩვენება, რომ საქართველოდან ჩამოვიდა ბერი,
რომელმაც იერუსალიმის მთელი მადლი წაიღო. საოცარია, ჩვენც მოვილოცებთ ხოლმე წმინდა
მიწას, ზოგიერთი ჩვენგანი იქ არაერთხელ ყოფილა. მამა დავითი კი მხოლოდ ერთხელ
ჩავიდა, ისიც მხოლოდ
წმინდა ქალაქის კედელთან და უდიდესი მადლი მოიპოვა! მას დაედევნენ ბერძნები,
წაართვეს ორი ქვა, რომლებიც თან მიჰქონდა და მხოლოდ ერთი ქვაღა დაუტოვეს, რომელიც
წმინდა მამამ საქართველოში ჩამოიტანა. ამ სიწმინდეს ჩვენ მადლის ქვას ვუწოდებთ და
იგი სიონის საპატრიარქო ტაძარში ინახება.

კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა თავმდაბლობის მნიშვნელობას, რამდენად დიდი ძალა
აქვს ამ სათნოებას. ღირსი მამა დავითი არ შევიდა წმინდა ქალაქში, მაგრამ მიიღო
ყველაზე დიდი მადლი ამ სათნოების გამო. ეს მადლი იფარავს საქართველოს, იფარავს
ხილული და უხილავი მტრებისაგან! მამა დავითის ეს მადლი ეფინება ჩვენს ქვეყანას და იგი
გადაარჩენს საქართველოს!

ღმერთმა დაგლოცოთ!

ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენ, ყველანი, თანაზიარნი ვიყოთ იმ მადლისა, რომელიც
იერუსალიმიდან ჩამოიტანა ღირსმა მამა დავით გარეჯელმა!

შეგეწიოთ თქვენ და მთელს საქართველოს მადლი ღირსისა მამისა დავითისა! ეს მადლი
გაამთლიანებს საქართველოს.

მინდა დავლოცო და მადლობა ვუთხრა იმ ადამიანებს, რომლებიც იღვწიან წმინდა მამა
დავითის ამ წმინდა სავანის აღდგენისათვის. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ ამ
სიწმინდის მადლი ეფინება მთელ საქართველოს. მინდა გადავცე მცირედი სამახსოვრო
საჩუქრები – ვერცხლის სამაჯურები, რომელზეც აწერია – „ღმერთმა დაგლოცოთ და
გაგახაროთ“, ესენია – მამუკა ახვლედიანი, ლაშა პაპაშვილი, არჩილ გეგენავა, ზურაბ
კიკნაძე, თემურ ბერიძე და ოთარ ოტიაშვილი.

მადლობას ვწირავ ამ ადამიანებს და ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო მამადავითის
ტაძრისაკენ მიმავალი გზის გაკეთებაში, მონასტრის აშენება-გამშვენებაში. ეს
ადამიანები, ამ საქმის გარდა, კიდევ სხვა
ბევრ სასიკეთო საქმესაც აკეთებენ მთელ საქართველოში. ღმერთმა დალოცოს, გაახაროს და
ღმერთმა შეიწიროს მათი შენაწირი და მათი შრომა!

მინდა მადლობა გამოვუცხადო ტაძრის წინამძღვარს, მამა იოანე კიკვიძეს, რომელიც აქაც
შრომობს და დავით გარეჯის სავანესაც წვდება მისი მოწყალე ხელი. ამის გამო იგი დღეს
ჯილდოვდება მეორე გამშვენებული ჯვრით.

დალოცვილი იყავით და ღმერთმა დააჯილდოვოს მთელი საქართველო სიყვარულით, რწმენით,
სასოებით, საქართველოს მთლიანობითა და კეთილდღეობით. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №19, 2009 წ.