საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ქადაგება ლაზარეს შაბათს (23 აპრილი, 2005 წ.; ლაზარეს აღდგინების სახელობის ტაძარი კინოსტუდიის ეზოში)

23 აპრილი
%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%96%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%a1-%e1%83%a8%e1%83%90%e1%83%91%e1%83%90%e1%83%97%e1%83%a1-23

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II
ქადაგება ლაზარეს შაბათს

ლაზარეს აღდგინების სახელობის ტაძარი კინოსტუდიის ეზოში, 23 აპრილი, 2005 წ.

„ძალიან მაფიქრებს ის ჩვენი თანამემამულენი, ჩვენი ახალგაზრდები,

რომლებიც
მატერიალური შეჭირვების გამო უცხოეთში გავიდნენ.
შევთხოვთ უფალს, მშვიდობით
დააბრუნოს ისინი სამშობლოში“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღეს – ლაზარეს შაბათს! ეს არის უდიდესი სასწაული,
რომელიც ქმნა უფალმა თავისი ჯვარცმის წინ! ლაზარეს შაბათი – ეს არის კიდევ ერთი
საოცარი გამოვლინება იმისა, თუ რამდენად დიდია და მოწყალე უფალი!

თქვენ იცით, ლაზარე იყო „მეგობარი ღვთისა“. უყვარდა უფალს ლაზარე და მისი დები.
და როცა უთხრეს, რომ ლაზარე მოკვდა, მაცხოვარი ატირდა. ხომ იცოდა იესომ, რომ
აღადგენდა ლაზარეს, მაშ, რატომღა ტიროდა იგი? ტიროდა იმიტომ, რომ მოახლოებული იყო
ჟამი მისი ვნებისა; ტიროდა იმიტომ, რომ ზოგი ცხონდებოდა და ზოგი – ვერა. ტიროდა
იმიტომ, რომ ჭვრეტდა, რომ რამდენიმე დღის შემდეგ მთელი იერუსალიმი გამოვიდოდა მის
შესახევედრად და სულ 3-4 დღის შემდეგ კი იგივე ხალხი იყვირებდა: „ჯვარს აცუ, ჯვარს
აცუ ეგე“. ასეთია დაცემული ადამიანის ბუნება. უფალი ტიროდა და ტირის კაცობრიობის
ცხონებისათვის.

როცა უფალმა 12 მოციქულს მოუწოდა, მათ მისცა ძალა სასწაულთმოქმედებისა და უთხრა:
„მკვდართა აღადგინებდით, კეთროვანთა განწმენდით, ეშმაკთა განასხამდით…“ და მათ
შორის ამასვე ეუბნება იუდა ისკარიოტელს. ე.ი. იუდა ისკარიოტელიც იყო
სასწაულთმოქმედი. მასაც ჰქონდა მიცემული ეს ძალა და მიუხედავად ამისა, იგი მაინც
გახდა გამცემი უფლისა, იგი მაინც დაეცა. სახარებაში წერია, რომ იუდა ისკარიოტელი
იყო მპარავი, ე.ი. მისი გული იყო ხარბი და სიმდიდრისკენ მიდრეკილი. რა მოწყალეა
უფალი! ხომ იცოდა, რომ იუდა მპარავი იყო, მაგრამ სწორედ მას ჩააბარა ყულაბა. ამ
ქმედებაში სჩანს სულგრძელება უფლისა!

კინოსტუდია, რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს ეს ტაძარი, დიდი შემოქმედებითი
ცენტრი იყო და არის დღესაც. მაგრამ ამ ცენტრს ჰქონდა ერთი ნაკლი: არ გააჩნდა
სულიერება.

მახსენდება ის წლები, როცა ბატონობდა კომუნისტური იდეოლოგია. ფარულად ჯერ კიდევ
მაინც იდევნებოდა ეკლესია, იმ დროს ბატონი რეზო აქ შეხვედრებს აწყობდა. გვიწვევდა
ჩვენ, ჩვენ ვსაუბრობდით… ბატონი რეზო ჩხეიძე შინაგანად მორწმუნე ადამიანი იყო,
მაგრამ ამას მაინცადამაინც არ ავლენდა და ეს გასაგებიც იყო. ერთხელ ვუთხარი ბატონ
რეზოს: მახსოვს, როცა თქვენ მაღალ კვარცხლბეკზე იდექით და მაღლიდან გვიყურებდით და
ჩვენც დაბლიდან გიცქერდით. მერე ბატონი რეზო დაბლა ჩამოვიდა და ჩვენ უფრო
დავუახლოვდით ერთმანეთს. და იმ დროს კვარცხლბეკიდან დაშვებულმა ბატონმა რეზომ
მოინდომა, რომ აქ წმიდა ლაზარეს სახელობის ეკლესია აშენებულიყო. ასე დადგა დრო,
როცა აღადგინა უფალმა ეს ხალხი და უპირველეს ყოვლისა, თვითონ ბატონი რეზო.
მადლობა უფალს, რომ ერი მოიქცა უფლისაკენ. ერმა იგრძნო, რომ ერთადერთი გზა
გადარჩენისა, არის ის, რომლითაც უვლია ჩვენს წინაპრებს. და ჩვენც ამ გზით უნდა
ვიაროთ, ამ გზით უნდა გავიდეთ სამშვიდობოს, ამ გზით უნდა გაბრწყინდეს და გადარჩეს
საქართველო!

ძალიან მაფიქრებს ის ჩვენი თანამემამულენი, ჩვენი ახალგაზრდები, რომლებიც
მატერიალური შეჭირვების გამო უცხოეთში გავიდნენ. შევთხოვთ უფალს, მშვიდობით
დააბრუნოს ისინი სამშობლოში. იმიტომ, რომ თუ ადამიანი მოწყდა თავის ფესვებს,
გადაგვარდება და მისი ოჯახიც გადაგვარების გზაზე დადგება. იმედი მაქვს, რომ უფალი
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ლოცვით, წმიდა ლაზარეს ლოცვით მოაქცევს და გაამთლიანებს
საქართველოს. და მე მინდა დღეს შევთხოვო უფალს, რომ როგორც უფალმა 4 დღის მკვდარი
ლაზარე აღადგინა, ასე აღადგინოს ჩვენი ხალხი, ჩვენი ენა, მთელი საქართველო! ხომ
წერია იოანე-ზოსიმეს სიტყვებში: და სახარებასა ამას ენასა ლაზარე ჰქვიან!

ჩვენთან არს ღმერთი!

დღეს ბედნიერი დღეა მთელი საქართველოსთვის. ლაზარე არის სიმბოლო საქართველოსი.
და მე მინდა ეს დღე აღინიშნოს, მითუმეტეს რომ არის ამ ტაძრის დღესასწაული.
წინამძღვარი ამ ტაძრისა, დეკანოზი გიორგი დღეს დაჯილდოებულია მიტრის ტარების
უფლებით.

აქ აგრეთვე მსახურობს მღვდელი დავითი, რომელიც არ არის დიდი ხანი, რაც სასულიერო
პირია, მაგრამ ერთგულად ემსახურება საქართველოს ეკლესიას. დღეს იგი დაჯილდოებულია
ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში.

დაბოლოს, მთავარი, – ბატონი რეზო, ერისა და ეკლესიის წინაშე დიდი
დამსახურებისათვის დაჯილდოებულია ოქროს ჯვრის ტარების უფლებით.

დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამა ზეციერმა და ღმერთა ბედნიერი ბზობა და
აღდგომა გაგითენოთ თქვენ და საქართველოს!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №17(324),
2005 წ.