საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ქადაგება კოლხეთის ღვთისმშობლის ხატის პარაკლისზე (1 ნოემბერი, 2007 წელი; ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი)

1 ნოემბერი
%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%97%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a6%e1%83%95%e1%83%97%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%9b

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება კოლხეთის ღვთისმშობლის ხატის პარაკლისზე

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 1 ნოემბერი, 2007 წელი

სახელითა მამისათა და ძისთა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

დავით მეფე წინასწარმეტყველი ბრძანებს: „მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა
ვიდოდე“. ეს არის ოცნება ყოველი მორწმუნე ადამიანისა, რომ იცოდეს გზა, რომელიც
მიიყვანს უფალთან. უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და
სიცოცხლე“.

დღეს ათონის წმინდა მთიდან საქართველოში ჩამობრძანდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის
ხატი, რომელსაც ეწოდება „ოდიგიტრია“ – გზის მაჩვენებელი. შევთხოვოთ უფალს, რომ
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შუამდგომლობით ქართველმა ერმა მიაგნოს იმ გზას, რომელიც
მას უფალთან მიიყვანს და რომელიც გაამთლიანებს სრულიად საქართველოს. ერთსულოვნება,
ერთი სამშობლო, ერთი მართლმადიებელი სარწმუნოება – ეს არის ჩვენი გზა და შევთხოვთ
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ დედას, – გადააფაროს საქართველოს და მთელ მსოფლიოს თავისი
დედობრივი კალთა!

გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ჩამობრძანებს
საქართველოში! ეს არის კიდევ ერთი ნიშანი ღვთისა, რომ უფალი ჩვენთანაა. ეს ხატი არ
არის სრული ასლი ბერძნული „ოდიგიტრიისა“; მასზე გამოსახულია ქართველი წმინდანები,
ამიტომ ჩვენ ხატს კოლხეთის ღვთისმშობელი ვუწოდეთ. ეს ხატი სამების საპატრიარქო
ტაძარში კიდევ ორი კვირა დარჩება და შემდეგ მას ფოთში გადააბრძანებენ. მინდა,
უპირველეს ყოვლისა, დავლოცო ევსთიგმენის მონასტრის მამები, რომელთაც ეს ხატი
დაწერეს და მინდა დავლოცო ის ადამიანები, რომელთაც შეწირულობა გაიღეს მის
შესაქმნელად; მინდა დავლოცო ასევე ის ხალხი, რომელთაც ეს ხატი საქართველოში
ჩამოაბრძანეს. ღმერთმა ინებოს, რომ ამ ხატმა, მისმა ძალამ, მადლმა სულისა წმინდისა
დაამშვიდოს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო, ამინ!

ღმერთმა დაგლოცო. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვით ღმერთმა დალოცოს, გაახაროს და
გაამთლიანოს სრულიად საქართველო, ამინ!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №35,
2007 წ.