საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ქადაგება კვირაცხოვლობის დღესასწაულზე (11 აპრილი, 2010 წ.; ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი)

11 აპრილი
%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%ae%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება კვირაცხოვლობის დღესასწაულზე

ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 11 აპრილი, 2010 წ.

„ჩვენ დავკარგეთ ურთიერთთანადგომის, ადამიანის
სიყვარულის ნიჭი…“

ქრისტე აღდგა!

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს – კვირაცხოვლობას! ბერძნულად ამ
დღესასწაულს ეწოდება „ანტიპასხა“, რაც მიუთითებს, რომ ეს დღე თანასწორია აღდგომის
დღესასწაულისა.

დღეს კიდევ ერთხელ გვმართებს ფიქრი, თუ ვინ ვართ, რა უნდა ვაკეთოთ და საით წავიდეთ.
თქვენ ყველამ იცით მართალი ილია ჭავჭავაძეს სიტყვები: „მამული, ენა,
სარწმუნოება“. ჩვენ ვეცადეთ, უფრო დაგვეკონკრეტებინა წმინდანის სიტყვები და ასეთი
მოწოდება ჩამოვაყალიბეთ: „ღმერთი, სამშობლო და ადამიანი“. ღმერთი – ის მართლმადიდებელი სარწმუნოება, რომელიც ჩვენმა წინაპარმა დაგვიტოვა. ყოველი ადამიანი – ეს
არის უდიდესი მოვლენა! ადამიანი ერთხელ მოდის ამქვეყანას, შემდეგ კი იგი ხდება
მკვიდრი ან სასუფეველისა, ან ჯოჯოხეთისა. რადგან ჩვენი ცხოვრება წინააღმდეგობებით
არის აღსავსე, ამიტომ, უნდა ჩავუღრმავდეთ მას, დავფიქრდეთ, რა მოაქვს ჩვენთვის, რა
უნდა ვაკეთოთ იმისათვის, რომ გავხდეთ მკვიდრნი სასუფეველისანი.

რწმენის გარეშე ადამიანი ველურდება, მტაცებელ მხეცს ემსგავსება. შემთხვევით არ
უთქვამთ ძველ რომაელებს: homo homenis lupus – ადამიანი ადამიანისთვის მგელია.
წმინდა წერილი გვმოძღვრავს: „გიყვარდეს მტერი შენი“, ე.ი. არა მარტო მეგობარი, არა
მარტო კეთილისმყოფელი, არამედ მტერიც! პავლე მოციქული მიგვითითებს გზას, როგორ
აღვასრულოთ ეს მცნება: „ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი“, მაშასადამე, ადამიანი მგელი არ უნდა იყოს. უნდა
შეიყვაროს,
გაუფრთხილდეს სხვა ადამიანს და მისი სიმძიმე იტვირთოს. ნამდვილი რწმენა მაშინ
გვაქვს, როდესაც მას საქმით აღვასრულებთ. რწმენა და საქმე ერთად უნდა იყოს!

სამწუხაროდ, ჩვენი რწმენა და საქმე ხშირად არ ემთხვევა ერთმანეთს. ადამიანი
ლაპარაკობს ერთს და აკეთებს მეორეს; რომ მოუსმინო, ყველაფერს სწორად ამბობს
ქრისტიანული თვალსაზრისით, მაგრამ საქმით – საწინააღმდეგოდ მოქმედებს.

მოციქული გვირჩევს, შეძლებისდაგვარად მშვიდობა ვიქონიოთ ყოველ ადამიანთან.
სწორედ ეს გვაკლია, როგორც
წესი. ხშირად ვკარგავთ მოთმინებას და ჩვენი სიფიცხით
მოყვასს მტრად ვაქცევთ. ამ
დროს, პირიქით უნდა ვეცადოთ, მტერი მოყვარედ ვაქციოთ.

გვახსოვდეს, რომ ადამიანი
მონაწილეა თავისი ცხონებისა. „სასუფეველი იიძულების“ –
შრომის გარეშე არ გვაძლევს
უფალი სასუფეველს, საჭიროა
სულიერი და ფიზიკური გარჯა; საჭიროა, რომ ადამიანმა ხედავდეს სხვის გაჭირვებას და
ეწეოდეს მას. სამწუხაროდ, დღეს ხშირად ხდება, რომ ადამიანს ისე ათავისუფლებენ
სამსახურიდან, არც კი ფიქრობენ, რა ეშველება მის ოჯახს, მის შვილებს, რომელსაც ეს
ერთადერთი მარჩენალი ჰყავს. ჩვენ დავკარგეთ ურთიერთთანადგომის, ადამიანის
სიყვარულის ნიჭი…

ყოველივე ამის მიუხედავად, ვფიქრობ, რომ გამოუსწორებლები არ ვართ. ჩვენ აუცილებლად
უკეთესნი გავხდებით თუ საქმესა და რწმენას თანხმობაში მოვიყვანთ!

მომავალ კვირას არის დიდი დღესასწაული და საზეიმო წირვა შესრულდება სვეტიცხოველში,
სადაც საქართველოს საზღვრები დაილოცება. ეს არის დავიწყებული დღესასწაული, რომელიც
მირიანისა და ნანას დროს დაწესდა, როცა წმინდა ნინოს ლოცვით ჯვრის ამაღლება მოხდა.
ამჯერად სვეტიცხოველში სამი ჯვარი დაბრძანდება, წირვის შეშდეგ მათ სხვადასხვა
მხარეებში წააბრძანებენ.

ერთი მათგანი საპატრიარქოში დაბრძანდება, ორიც – რეგიონებში.

ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო!

დღეს ვლოცავთ შემდეგ გვარებს: გოგოლაძეებს, რატიანებს, ჩაჩანიძეებს, დედანაშვილებს,
ალიბეგაშვილებს, ლაბუჩიძეებს, ვაშაკიძეებს, მელქაძეებს, ოქიტაშვილებს და ღაჟონიებს.

ასევე ვლოცავთ მე-20, 47-ე, 52-ე, 63-ე, 22-ე, მე-12, 186-ე, 56-ე, 124-ე, 107-ე,
142-ე, 128-ე, 176-ე, 172-ე, 69-ე, 82-ე და 133-ე საჯარო სკოლებს.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, გაგახაროთ და გაგამრავლოთ!

დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა თქვენ და საქართველო!

ღვთის ლოცვა-კურთხევით აუცილებლად გამთლიანდება საქართველო!

მინდა შეგახსენოთ, რომ დღეს აღესრულება ნათლობა და კიდევ უფრო გაიზრდება ჩემი
ნათლულების რიცხვი. ამ იდეამ, ღვთის მადლით, კარგი შედეგი გამოიღო. დღეს 500-ზე
მეტი ბავშვი მოინათლება.

დიდება და მადლობა უფალს დიდი წყალობისათვის! ღმერთმა დალოცოს ჩემი ნათლულები,
ამინ!

ჩვენთან არს ღმერთი!

ქრისტე აღდგა!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №14, 2010 წ.