საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ქადაგება იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს (11 სექტემბერი, 2001 წ.; წმიდა მეფე დავით წინასწარმეტყველის ახლადნაკურთხი ტაძარი)

11 სექტემბერი
%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%94-%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%97%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%9b%e1%83%aa%e1%83%94

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს

წმიდა მეფე დავით წინასწარმეტყველის ახლადნაკურთხი ტაძარი, 11 სექტემბერი, 2001 წ.

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

დღეს განსაკუთრებულად დღესასწაულობს მთელი საქართველო, ქართველი ხალხი, და მე
ვფიქრობ, ჩვენთან ერთად გამორჩეულად ხარობს ზეციური საქართველო, ჩვენი წინაპრები.
დღეს არის წმიდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღე, ამავე დროს ეკურთხა წმიდა
მეფე დავით წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარი. არც მინახავს და არც გამიგონია,
რომ ამ დიდებული მეფე წინასწარმეტყველის სახელზე აგებული ტაძარი მსოფლიოში სადმე
არსებობდეს და ვმადლობთ უფალს, რმო ამგვარი მადლი მოგვანიჭა. გვეკუთვნოდა კიდეც ეს
გაგვეკეთებინა, რადგან იგი ბაგრატიონთა გვარის წინაპრად ითვლება. ძალიან ხშირად,
როცა ჩვენი მეფეები რაიმეს ხელს აწერდნენ, მიუთითებდნენ: დავითიან-სოლომონიანი,
მხოლოდ ამის შემდეგ წერდნენ საკუთარ სახელს, ე.ი. მიიჩნევდნენ, რომ დავით
წინასწარმეტყველის და მისი შვილის – სოლომონის შთამომავალნი იყვნენ. მთელმა
ისრაელმა იცის, რომ დავით წინასწარმეტყველი არა მარტო მათი, არამედ ჩვენი დიდი
წინაპარიცაა.

ბიბლიიდან გეცოდინებათ, თუ რა საოცარი ცხოვრება ჰქონდა მეფე დავითს. უფალი
ბრძანებს: „და აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა“, უფალი აღამაღლებს, უფალი ირჩევს
და სწორედ უფალმა გამოირჩია დავითი მეფედ ისრაელისა. თქვენ იცით, რომ მის წინ
მეფობდა საული, რომელიც ასევე ღვთისაგან იყო რჩეული, მაგრამ მან უფლის წინაშე
მრავალი შეცდომა დაუშვა, რის გამოც, ჯერ კიდევ მის სიცოცხლეშივე, წინასწარმეტყველი
სამუელი დავითის მამის, იესეს ოჯახში გააგზავნა და დააბარა: წადი, უთხარი იესეს,
რომ მის შვილს ისრაელის მეფედ ვირჩევ. იესე ამ ამბის გამო ძალიან შეშინდა, რადგან
საული მეფობდა და თუ შეიტყობდა, რომ მის ძალაუფლებას საფრთხე ემუქრებოდა, არა მარტო
იესეს ოჯახს, მთელი საგვარეულოს ამოწყვეტდა.

უფალმა იესეს ოჯახიდან ისრაელის მეფედ ყველაზე უმცროსი შეარჩია. როდესაც იგი
სამწყემსურიდან დაბრუნდა და სამოელ წინასწარმეტყველის წინაშე წარსდგა, მასზე ღვთის
მადლი გარდამოვიდა. საოცარი ბავშვი, საოცარი ახალგაზრდა, საოცარი ადამიანი იყო
დავითი – ძალიან ლამაზი და ახოვანი. ბიბლიაში მოთხრობილია, თუ როგორ შეხვდა იგი
მეფე საულს. დავითის ძმები მეფე საულის ჯარში მსახურობდნენ. მტრის მხარეს ერთი
გოლიათი იბრძოდა, რომელმაც ისრაელის რჩეული ვაჟკაცები დაამარცხა. ერთხელ ძმებთან
დავითი მივიდა, რათა მათთვის საჭმელი მიეტანა. ამ დროს ველზე გოლიათი გამოვიდა და
ისრაელის მხრიდან მეომრები გამოიწვია, რათა ბრძოლა გაემართა მათთან, მაგრამ ამას
ვერავინ ბედავდა. როგორც ბიბლიაშია აღნიშნული, გოლიათი სიმაღლით ორნახევარი მეტრი
იყო. მისი მუზარადი 60 კილოგრამს იწონიდა, შუბი – 9 კილოგრამს. ასეთი აღჭურვილობით
გამოდიოდა იგი ისრაელიანების წინაშე და ამცირებდა მათ. ებრაელები ეძებდნენ
ადამიანს, ვინც გაუმკლავდებოდა გოლიათს, მაგრამ ამაოდ. დავითი მეფე საულთან მივიდა
და მოახსენა, რომ ამ უძლეველ მტერს შეებრძოლებოდა და ღვთის შეწევნით დაამარცხებდა
კიდეც. მან უამბო მეფეს, თუ როგორ ებრძოდა იგი მტაცებლებს ცხვრის დამწყემსვის დროს.
მეფემ დავითს თავისი საომარი ტანსაცმელი ჩააცვა, მაგრამ დავითმა ნახა, რომ იგი
საკმაოდ მძიმე იყო, გაიხადა და ისე გავიდა საბრძოლველად. საული ძალიან მაღალი კაცი
გახლდათ და ტანსაცმელიც შესაბამისი ჰქონდა. ამიტომ, ამ შესამოსლით აღჭურვა ბრძოლის
დროს დახმარების ნაცვლად, ხელს შეუშლიდა დავითს. მან შურდილში, რომელიც თან ჰქონდა,
ქვა ჩადო, ესროლა გოლიათს და უსულოდ დასცა. შემდეგ კი მისივე ხმლით თავი მოჰკვეთა.
მთელი ერი და მასთან ერთად მეფე, დავითს ხოტბას ასხამდა. იგი იმდენად მოეწონა
საულს, რომ ცოლად თავისი ქალიშვილიც კი მიათხოვა. შემდეგ ხალხმა ზედმეტი განდიდება
დაიწყო დავითს, საული შურმა შეიპყრო და მოსაკლავად დაუწყო დევნა. მაგრამ ღვთის ძალა
იცავდა დავითს და ამ განსაცმდელიდან დაიხსნა. ამდენი შეჭირვებით უფალი მას
ამზადებდა იმისათვის, რომ მთელი ისრაელის მეფე გამხდარიყო. იგი სამჯერ იყო
მირონცხებული და როცა იერუსალიმი საბოლოოდ აიღო და გამთლიანებულ ისრაელში ზეიმით
შევიდა, მთელი ერი ადიდებდა მას. მან კი შეაჩერა ხალხი, დაუძახა მთავრებს და
განუცხადა: „უფალი მეფობს“, ე.ი. მე კი არა, უფალი მეფობს, უფალი განაგებს ყოველს.

დავითმა 40 წელი იმეფა და 70 წლისა გარდაიცვალა. ასე რომ, ღრმა მოხუცებულობამდე
არ მიუღწევია. საქართველოში მის სადიდებლად ტაძრის აშენება არაჩვეულებრივი
მოვლენაა. მიმაჩნია, რომ ამით უფალი ჩვენს ქვეყანას ძალიან დიდ მადლს და სიხარულს
უმზადებს.

დღეს მინდა განსაკუთრებით დავლოცო ადამიანები, რომელთაც იტვირთეს ამ ტაძრის
მშენებლობა. ესენი არიან: ბატონი ნოდარ (ბიგი) ჩხოლარია, დავლოცავ მას თავისი
ოჯახით; გამოცდილ არქიტექტორს რეზო ჯანაშიას; მშენებლებს: ზურაბს, გიორგის,
მურთაზს; მამა თეოდორეს. მინდა დავლოცო ბადრი პატარკაციშვილი, რომელმაც დიდი
შემოწირულობა გაიღო და მასთან ერთად ყველას, ვინც კი პატარა აგური დადო ამ ტაძრის
მშენებლობაზე. ასევე დაგლოცავთ თქვენ, ვინც აქ დღეს სალოცავად მოხვედით და სრულიად
საქართველოს.

მინდა განსაკუთრებით დავლოცო უცხოეთში მყოფ ქართველები. დავით მეფის ლოცვით
ღმერთმა მალე დააბრუნოს ისინი სამშობლოში.

კიდევ ერთხელ ვლოცავ ბატონ ნოდარს ოჯახთან ერთად, მის შვილებს – კონსტანტინეს და
ანას, მეუღლეს მაიას. სიყვარული, სიკეთე და მშვიდობა იყოს მათთან. მე მათთვის
საჩუქრად შევარჩიე ძალიან ლამაზი მაცხოვრის ხატი, რომელიც მათი ოჯახის მფარველი
იქნება.

ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს!

მეფე დავით წინასწარმეტყველი გეწეოდეთ თქვენ და მთელ საქართველოს!

დალოცვილი გამყოფოთ მამაზეციერმა!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №37, 2001 წ.