საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ქადაგება ილიაობის დღესასწაულზე (2 აგვისტო, 2004 წელი; სიონის საპატრიარქო ტაძარი)

2 აგვისტო
%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%a6%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a1

უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II
ქადაგება ილიაობის დღესასწაულზე

სიონის საპატრიარქო ტაძარი, 2 აგვისტო, 2004 წელი

„თქვენ რომ ჩაიბარეთ საქართველოს ეკლესია მას სუდარა ჰქონდა გადაფარებული!“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!

დღეს დიდი დღესასწაულია – ხსენება წმიდისა ილია თეზბიტელისა. წმიდა ილია
წინასწარმეტყველი იყო დიდი მცველი და მფარველი ჭეშმარიტი სარწმუნოებისა. მიუხედავად
იმისა, რომ იგი დიდი საშიშროების წინაშე იდგა, მაინც მუდამ ჭეშმარიტებას ქადაგებდა
და მოძღვრავდა, თუ როგორ უნდა გაარჩიო, სად არის სიკეთე და სად – ბოროტება, რაშია
ბედნიერება და მწუხარება.

მინდა გავიხსენო ერთი აღმოსავლური სიბრძნე: „ჰოი, მწუხარებავ, დასაბამი ხარ
სიხარულისა; ჰოი სიხარულო, დასაბამი ხარ მწუხარებისა!“ აი, ეს ორი რამ – მწუხარება
და სიხარული ტყუპი ძმებივით მუდამ ერთად არიან. არ უნდა შეგვეშინდეს, როცა უფალი
ჩვენზე მწუხარებას უშვებს. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ჩვენი გადარჩენისათვის ხდება.
მაგრამ არც განცხრომას უნდა მივეცეთ, როცა სიხარული მოდის. გვახსოვდეს, რომ
ადამიანის ცხოვრება მუდმივი ამაღლებისა და დაცემისაგან შედგება.

მახსენდება ის დღე, როცა წმიდა ილია წინასწარმეტყველის სახელი მეწოდა.
საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი მაშინ უწმიდესი და უნეტარესი მელქისედეკი
ბრძანდებოდა. მან მეუფე ზინობს დაურეკა და უთხრა: „დღეს თქვენთან მოვა სტუდენტი და
აღკვეცეთ ბერად.“ სხვა არაფერი უთქვამს. ჩემი აღკვეცა წმიდა ალქსანდრე ნეველის
ეკლესიაში შედგა. დიდი მარხვის ბოლო კვირა, ვნების შვიდეულის სამშაბათი იყო. ჩემს
აღკვეცას არ ესწრებოდა არცერთი ქართველი. აი, ასეთ უმძიმეს მდგომარეობაში იყო
საქართველოს ეკლესია. ერთ-ერთმა სასულიერო პირმაც მითხრა: „თქვენ რომ ჩაიბარეთ
საქართველოს ეკლესია მას სუდარა ჰქონდა გადაფარებული.“ გარეგნულად ასე იყო, თითქოს
მართლაც მთავრდებოდა ყველაფერი. მაგრამ ზეციური საქართველოს შემწეობა ძალიან ძლიერი
იყო. ყოველთვის ასე იყო, ასეა დღეს და ასე იქნება კვლავაც. ალბათ, ზეციურმა
საქართველომ, ჩვენმა დიდმა წინაპრებმა, ზეციურმა მხედრიონმა სულ შეცვალა ჩვენი
ეკლესია.

ჩემი აღკვეცის დროს, როცა მონოზვნებმა თავიანთი მანტიები გადამაფარეს, რატომღაც
მეგონა, რომ „ერეკლეს“ მიწოდებდნენ. ჩვენს ოჯახში კარგად იცნობდნენ მეფე ერეკლეს
ცხოვრებას და ჩემს მშობლებს ძალიან უყვარდათ იგი. სწორედ მის საპატიოდ მიწოდეს
ირაკლი. და აი, ველოდებოდი, რა სახელს იტყოდნენ. მეუფე ზინობმა კი უეცრად
წარმოთქვა: „ილია“. ეს მოულოდნელი იყო ჩემთვის და თითქოს შევწუხდი კიდეც ამის გამო.
სიტყვას და მით უფრო სახელს აქვს საოცრად დიდი ძალა. როცა ბავშვს სახელს ვარქმევთ,
აუცილებლად უნდა ჩავიხედოთ კალენდარში და გავიგოთ, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ
სახელს, როგორ ითარგმნება იგი. „ერეკლე“ ნიშნავს ფიზიკურ ძალას, „ილია“ კი – ღვთის
ძალას. საოცარი დამთხვევა მოხდა – ფიზიკური ძალა ღვთის ძალით შეიცვალა. ეს იყო
განგება ღვთისა!

ადრეც ხშირად ვგრძნობდი წმიდა ილია წინასწარმეტყველის მფარველობას. ალბათ, წმიდა
ილიამ რაღაც დაინახა ჩემში და დამიახლოვდა. მახსენდება ჩემი ბავშვობა. მაშინ
ვლადიკავკაზში, ვცხოვრობდით, საბჭოთა პერიოდი იყო. დანგრეული იყო ყველა ეკლესია,
გარდა – წმიდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძრისა. ბავშვები მშობლებთან
ერთად სწორედ ამ ეკლესიაში დავდიოდით. მე ყოველთვის ვცდილობდი, ამბიონთან ახლოს
ვმდგარიყავი და როცა გამოდიოდა დიაკონი და კვერექს ამბობდა, მის შესამოსელს
შევხებოდი. ასევე, როცა სამღვდელოება მოდიოდა ჩვენთან სახლში და ეს იყო ძალიან
ხშირად (მასშინ მძიმე პერიოდი იყო, სამღვდელოება იდევნებოდნა. იყო შემთხვევები,
როცა სასულიერო პირები თავიანთ ოჯახებშიც ვერ მიდიოდნენ და ჩვენს სახლში აფარებდნენ
თავს). ცალკე ოთახში ჩამოკიდებდნენ ხოლმე თავის ანაფორებს და მე შევიპარებოდი,
ჩავიცვამდი ანაფორას და რაღაც საოცარი ბედნიერება მენიჭებოდა. აი, ასე მოვდივარ
წმიდა ილია წინასწარმეტყველის მფარველობის ქვეშ.

მინდა გითხრათ, რომ ამ 27 წლის განმავლობაში, რაც უფალმა საქართველოს ეკლესიის
მეთაურად დამაყენა, უფრო სწორედ, მეთაურად კი არა, ღვთის მორჩილად, – მე მუდამ
ვგრძნობდი წმიდა ელია წინასწარმეტყველის სულიერ ძალასა და მის დახმარებას.

მძიმე წლები გამოიარა საქართველოს ეკლესიამ განსაკუთრებით ათეისტურ პერიოდში;
ძალიან მძაფრი იყო დაპირისპირება ბოროტსა და კეთილს შორის. ყველაზე მეტად
იდევნებოდა მართლმადიდებლობა. მაგალითად ახალციხეში არ იყო არცერთი
მართლმადიდებლური ეკლესია და იყო ბაპტისტების სამლოცველო სახლი, რადგან იმდროინდელი
ხელისუფლებისათვის ამას არ ჰქონდა დიდი მნიშვნელობა. მუდამ ვახსენებდი ხოლმე
ახალციხის მოსახლეობას: თუ თქვენ ქართველები ხართ, ქართული მართლმადიდებლური
ეკლესია როგორ არ უნდა გქონდეთ-მეთქი?! მათ შეისმინეს ეს სიტყვები და ჯერ კიდევ
კომუნისტების პერიოდში აქ მართლმადიდებლური ტაძარი გაიხსნა. რელიგიის რწმუნებულს
მაშინ ვუთხარი: „სხვა არაფერი რომ არ გეკეთებინათ, მარტო ეს საქმე ბევრ რამეში
შეგეწეოდათ!“

ჩვენი მიზანი მუდამ იყო და არის სულიერი, ზნეობრივი და კულტურული ფასეულობების
დაცვა, მათი შენარჩუნება. თქვენ იცით, ახლა რთული პერიოდია – ინტეგრაციისა და
გლობალიზაციის ხანა. მსოფლიოში მეტად რთული და შეუქცევადი პროცესები მიმდინარეობს.
ამ დროს ერმა უნდა გადაარჩინოს თავისი სულიერი ფასეულობა. მაგრამ ფაქტია,
შეუძლებელია, რომ შეაჩერო უმსგავსო სატელევიზიო გადაცემები, რომელიც ამ ბოლო დროს
ასე გახშირდა ეთერში. საქართველოში ჯერ კიდევ შეიძლება, სთხოვო და ვიღაცას
გააგებინო, რა არის კეთილი და რა ბოროტი, მაგრამ უცხოეთს ამას ვერ აუხსნი. ამიტომ,
ჩვენს ხალხში უნდა შეიქმნას გარკვეული იმუნიტეტი, სულიერი ძალა, რა თქმა უნდა,
ჭეშმარიტი სარწმუნოების ნიადაგზე. ამ იმუნიტეტის წყალობით, ცოდვამ და ბოროტებამ ვერ
უნდა დაიპყროს ადამიანის გონება და გული. მე არაერთხელ მითქვამს თქვენთვის, თუ
როგორ აღწევს სულში ბოროტება: ჯერ ადამიანი მას თვალით ხედავს, შემდეგ გონებაში
ადის, მერე გულამდე აღწევს, ბოლოს კი მთელს სხეულს მოიცავს. ამ დროს უკვე ძნელია
მასთან ბრძოლა. მაგრამ როცა ადამიანს აქვს სულიერი ძალა, სულიერი იმუნიტეტი,
შეუძლია გაუმკლავდეს ცოდვას, რადგან როცა ამგვარი ადამიანი ცოდვას ხედავს, სულიერ
ბარიერს აღმართავს და ცოდვას თავის გონებასა და გულში აღარ შეუშვებს.

ამ დღეებში ჩემთან ბრძანდებოდა ერთი სტუმარი სახელმწიფოს ხაზით, – ოსი მეცნიერი
ვლადიკავკაზიდან. იგი მორწმუნე ადამიანი გახლავთ. ჩვენ ვსაუბრობდით, სხვადასხვა
საკითხებზე, მათ შორის, ფსევდოკულტურაზე, მან მიამბო: „ევროპის ერთ-ერთ ქალაქში
ვიყავი და კათოლიკურ ეკლესიაში შევედი. რატომღაც სანთლის დანთება მომინდა. ავიღე
სანთელი და ვეძებდი შანდალს. ამ დროს მონოზონი მოვიდა და მითხრა: „სანთლის დანთება
არ შეიძლება, თქვენ ამ ყუთში ჩააგდეთო იგი“. მეც ჩავაგდე და შანდალზე ელექტრონათურა
აენთო. ეს, თურმე მათი გაგებით, დანთებული სანთელია. ამ პიროვნებაზე ამ შემთხვევამ
ისე უარყოფითად იმოქმედა, რომ თურმე მთელი კვირა დაბნეული და შეძრული დადიოდა. ასე
თქვა: „ისინი სანთელს იმიტომ არ ანთებენ, რომ კედლის დაჭვარტლას ერიდებიან.
ადამიანის სული არ აწუხებთ, თუ სული იღუპება, მათთვის არაფერია, სამაგიეროდ,
კედლებს და ნახატებს უფრთხილდებიან!“

კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ფსევდოკულტურა ფართოდ შემოდის ჩვენთან და ეს
მეტად საშიში მოვლენაა. მე იმის თქმა არ მსურს, რომ ჩვენ ძალიან კარგები და სხვებზე
უკეთესები ვართ. არამედ იმისი, რომ სიკეთის ბოროტებისგან გარჩევის უნარი უნდა
გვქონდეს.

არაერთხელ მითქვამს თქვენთვის ერთი იაპოლენელი პოეტის შესანიშნავი პატარა ლექსი.
ის ამბობს: „მოვიდა გაზაფხული და აყვავდა ალუბალი, მაგრამ მოვიდა თოვლი და მე ვეღარ
ვარჩევ, სად არის ყვავილი და სად – თოვლი.“ ეს ადამიანებზეა ნათქვამი. დღეს
ადამიანებს უჭირთ გარჩევა კეთილისა და ბოროტისა; ზოგჯერ ვერ ხედავენ, სად არის
კულტურა და სად ფსევდოკულტურა, რომელიც წარსაწყმედელი და დამღუპველია. აი, ეს უნდა
დავინახოთ!

წმიდა ილია წინასწარმეტყველი სწორედ ჭეშმარიტების დამცველი იყო!

მუდამ უნდა გვახსოვდეს უფლის სიტყვები: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე!“
აი, ერთადერთი გზა, რომელიც გადაგვარჩენს!

წმიდა ელია წინასწარმეტყველის და ილია მართლის ლოცვები გეწეოდეთ თქვენ და
სრულიად საქართველოს!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №28(286), 2004 წ.