საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ქადაგება დავითობის დღესასწაულზე (8 თებერვალი, 2006 წ.)

8 თებერვალი
%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%95%e1%83%98%e1%83%97%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%a6%e1%83%94%e1%83%a1

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება დავითობის დღესასწაულზე

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 8 თებერვალი, 2006 წ.

„აი, მოვიდა ღვთისგან მოვლენილი მხსნელი –
ეს იყო დავით აღმაშენებელი!“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

დღეს არის საქართველოს დიდი ეროვნული და საეკლესიო დღესასწაული – ხსენება
წმიდისა დიდისა მეფისა დავით აღმაშენებელისა. დიდია მისი ღვაწლი და საკვირველია
მისი ცხოვრება!

ვიცით, რომ 16 წლის ჭაბუკი იყო, როცა მამამისმა სამეფო გვირგვინი დაადგა. დავითს
გადაეცა დაყოფილი, განადგურებული საქართველო და ამას კიდევ მიემატა ის, რომ
საშინელი მიწისძვრისგან ქვეყანაში ყველაფერი განადგურებული იყო. ხალხი გახიზნულიყო
ტყე-ღრეში, მთაში და შველას ელოდა. და აი, მოვიდა ღვთისგან მოვლენილი მხსნელი – ეს
იყო დავით აღმაშენებელი!

პირველი მისი ყურადღება შიდა საქმეებზე იყო მიპყრობილი: მშენებლობაზე, სულიერ
ცხოვრებაზე და როცა უკვე შინაგანად გაძლიერდა საქართველო, შემდეგ მან დაიწყო
დაკარგული მამულის დაბრუნება. ვისაც წაუკითხავს დავით აღმაშენებლის მეფობის ისტორია
„ქართლის ცხოვრებაში“, იქ არის ერთი ადგილი – ომის წინ დავით აღმაშენებელი
მიმართავს თავის ჯარს: „აღვაპყროთ ხელნი ჩვენნი უფლისა მიმართ და დავდოთ სიტყვა,
რომ უმალ დავეცემით ბრძოლის ველზე, ვიდრე დავიხევთ უკან!“ ამ დროს იგი, უპირველეს
ყოვლისა, საკუთარ თავს გულისხმობდა. მისთვის სიკვდილი და სიცოცხლე ერთი და იგივე
იყო. იმიტომ რომ დიდი რწმენა ჰქონდა. მაგრამ ვიდრე ადამიანი ამქვეყნიდან გავა, მან
უნდა იცოდეს, რომ ამქვეყნად თავისი მოვალეობა უნდა შეასრულოს და უფლისგან
მონიჭებული ჯვარი ბოლომდე ზიდოს.

უმძიმესი ჯვარი დააკისრა უფალმა დავით აღმაშენებელს. მაგრამ ღმერთი მუდამ იყო
მასთან! ძველი პატრიარქებისაგან მსმენია, რომ მას შეიძლება ასევე სასულიერო წოდებაც
ჰქონდა. ანუ ის, სავარაუდოდ, საიდუმლოდ ნაკურთხი იყო სამღვდელო ხარისხში.

როგორც მისი ცხოვრებიდან ვიცით, მას ჰყვარებია სამოციქულოს კითხვა. და საერთოდ
იგი ხშირად ესწრებოდა წირვა-ლოცვას. დავით აღმაშენებელი არის დიდი პიროვნება თავისი
გონებით, თავისი სტრატეგიით, ის ძალიან კარგად ხედავდა ქვეყნის მომავალს და იმ
გზებს, რომლითაც უნდა მოეპოვებინა ქვეყნის კეთილდღეობა და მშვიდობა. როგორც
გახსოვთ, თბილისი მიტაცებული იყო მუსულმანების მიერ და 17 წელი ემზადებოდა დავითი
თბილისის დასაბრუნებლად.

ამასთან, ის დიდი სულიერების მქონე ადამიანი იყო. მის მიერ დაწერილი „გალობანი
სინანულისანი“ არის შედევრი საეკლესიო ჰიმნოგრაფიისა, სარკე მისი სულისა, რომელიც
ნათლად ავლენს, თუ რამდენად ღრმა იყო მისი აზროვნება, რამდენად დიდი იყო მისი
რწმენა, და ამასთან სინანული.

წმიდა წერილში ვკითხულობთ: „არა არს კაცი, რომელი ცხონდეს და არა სცოდოს.“
ადამიანი, რომელიც დაშორებულია უფალს, – ვერ ხედავს და ვერ განიცდის თავის ცოდვებს;
და რაც უფრო მეტად უახლოვდება ღმერთს, – მით უფრო მეტად გრძნობს ცოდვებს. სწორედ
ამისი შედეგი იყო, რომ მან დატოვა „გალობანი სინანულისანი“, ამის შედეგი იყო ისიც,
რომ ანდერძად დაწერა, დაემარხათ გელათის მონასტრის კარიბჭეში, რათა ყველას ევლო მის
საფლავზე. ასეთი ანდერძი მეფეს კი არა, მართლაც ცოდვილ, ჩვეულებრივ ადამიანებსაც კი
არ დაუტოვებიათ.

ნაკლებად სულიერი ადამიანები ხშირად სვამენ კითხას: ისეთი რა ცოდვა ჰქონდა
წმინდა მეფე დავით აღმაშენებელს, ასეთ სინანულს რომ გამოთქვამს „გალობანშიო“.
ვიმეორებ, რაც უფრო მეტად უახლოვდება ადამიანი უფალს, მით უფრო ნათლად ხედავს იგი
მცირე დანაშაულსაც კი, უფრო მკვეთრად ჩანს მისი შეცოდებანი.

ასეთი პიროვნება იყო წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი. ის გამოთქვამდა სინანულს
არა მარტო თავისი ცოდვებისა გამო, არა მარტო თავისი სახელით, არამედ – მთელი ერის
სახელით, ის გრძნობდა, რომ არის მამა და პატრონი ერისა. დავით აღმაშენებელს სხვა
არაფერი რომ არ გაეკეთებინა და დაეწერა „გალობანი სინანულისანი“, ან თუნდაც მხოლოდ
რუის-ურბნისის კრება რომ მოეწვია (ეს უდიდესი მოვლენაა ჩვენს ისტორიაში!) – მისი
სახელი უკვდავი იქნებოდა სხვა საქმეთა გარეშეც.

წმინდა დავით აღმაშენებელი არის პიროვნება, რომელიც განსაკუთრებულად შეიყვარა
უფალმა და მუდამ მფარველობდა მას. მან შეკრა ქართველი ერი, გააერთიანა საქართველო,
გაამთლიანა ქვეყანა, ერთსულოვნება ჩაუნერგა ჩვენს ხალხს და ამით გადაარჩინა
საქართველო ფიზიკურ და სულიერ განადგურებას. მადლი, რომელიც მოიპოვა დავით
აღმაშენებელმა, მხოლოდ საკუთარი თავისთვის კი არა, მთელი ერისთვის გამოითხოვა!
დღესაც მოქმედებს ის სულიერი ძალა, ის გენები, რომელიც იყო ჩვენს წინაპრებში –
ვახტანგ გორგასალში, დავით აღმაშენებელში, თამარში – ის გენები ქართველ ერშია
დამკვიდრებული. უბრალოდ, უნდა გამოვლინდეს.

ეს სულიერი ძალა აუცილებლად გამოვლინდება და საქართველო გაბრწყინდება! თუნდაც,
გაჭირვების დროს აშენებული ეს ტაძარი, მეტყველებს იმაზე, რომ დაწყებულია
საქართველოს გაბრწყინება, საქართველოს სულიერი და ფიზიკური ამაღლება! მაგრამ ჩვენ
მზად უნდა ვიყოთ ამისათვის; უნდა დავიცვათ ჩვენი ეროვნული ფასეულობა, უნდა დავიცვათ
ჩვენი მეცნიერება. შემთხვევით არ არის, რომ ჩვენი უნივერსიტეტი იყო ნაკურთხი წმინდა
მეფე დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს. არც ისაა შემთხევითი, რომ დღეს
პროფესორ-მასწავლებლები ესწრებიან ჩვენს წირვას. ღმერთმა დალოცოს ჩვენი მეცნიერები!

მინდა აღვნიშნო, რომ ამ ბოლო ორი საუკუნის მანძილზე, როცა საქართველომ დაკარგა
თავისი პოლიტიკური დამოუკიდებლობა, როცა საქართველოს ეკლესიას ძალით წაართვეს
ავტოკეფალია, სწორედ ქართველმა მეცნიერებმა იტვირთეს ის სულიერი და ეროვნული
მოვალეობა, რაც უნდა შეესრულებინა ეკლესიას. ჩვენ ვიხრით თავს თქვენს წინაშე და
ჩვენი აწ უკვე გარდაცვლილი მეცნიერების წინაშე. დიდია თქვენი ღვაწლი ქვეყნისა და
ერის წინაშე! საქართველო წარმოუდგენელია, მეცნიერების გარეშე, წარმოუდგენელია,
ჩვენი დიდი სახელოვანი მოღვაწეების გარეშე!

მე არაერთხელ მითქვამს თქვენთვის და ახლაც ვამბობ: საქართველოს სამოციქულო
ეკლესია მუდამ თქვენს გვერდით იდგა და ასე იქნება მომავალშიც. ეკლესია მუდამ
გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ სათანადო პირობები შეექმნათ ჩვენს მეცნიერებს
მომავალი მოღვაწეობისათვის. მე მაქვს სურვილი, რომ წმიდა სამების ლავრის
ტერიტორიაზე აშენდეს პატარა სასტუმრო, სპეციალურად მეცნიერებისათვის, რომ მათ
ნებისმიერ დროს შეეძლოთ მოსვლა და სულიერი დასვენება ამ წმიდა სავანეში.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დიდებულ დღესასწაულს. ვფიქრობ, რომ ცოდნა და რწმენა,
რომელიც აუცილებელია ადამიანისთვის და ჩვენი ეროვნული ფასეულობები, ეს ის ძალაა,
რომელიც გადაარჩენს საქართელოს. ძალიან მოხარული ვარ, რომ ხდება ჩვენი მეცნიერების
დაახლოება ეკლესიასთან. მეცნიერებას დიდი და სერიოზული შედეგები ექნება იმ
შემთხვევაში, თუ ის იქნება მორწმუნე და სულიერად ძლიერი ადამიანების ხელში. ურწმუნო
ადამიანები მეცნიერებაში საშიში ძალაა!

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ, ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს
სრულიად საქართველო, ამინ!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №8(361),
2006 წ.