საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ქადაგება დავითობის დღესასწაულზე (8 თებერვალი, 2005 წ.; წმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი)

8 თებერვალი
%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%95%e1%83%98%e1%83%97%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%a6%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%90

უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II
ქადაგება დავითობის დღესასწაულზე

წმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 8 თებერვალი, 2005 წ.

„დღეს განსაკუთრებული, მე ვიტყოდი, ისტორიული დღე არის იმიტომაც,

რომ არსდება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდი –
„სულიერების, მეცნიერებისა და
კულტურის აღორძინება და განვითარება“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

დღეს არის უდიდესი საეკლესიო და ეროვნული დიდი დღესასწაული – ხსენება წმიდისა
კეთილმორწმუნისა მეფისა ჩვენისა დავით აღმაშენებელისა.

აი, უფალმა გაჭირვების ჟამს აღამაღლა რჩეული ერისაგან ჩვენისა და ეს იყო დიდი
მეფე დავით აღმაშენებელი. თქვენ კარგად იცით მისი ცხოვრება: დავითი 16 წლის ჭაბუკი
იყო, როდესაც მას დაადგეს მეფის გვირგვინი. საოცარია მისი ცხოვრება, საოცარია მისი
პოლიტიკური თუ ეროვნული აზროვნება, საოცარია მისი სულიერება. დავით აღმაშენებელი
არის სიმბოლო საქართველოსი, იგია დიდება საქართველოსი! ჩემთვის არ არის ცნობილი
მონარქი, რომ დაეწერა ისეთი დიდებული ლოცვები, როგორიცაა „გალობანი სინანულისანი“.
ეს არის მსოფლიო შედევრი. ჩანს, დავით აღმაშენებელი კარგად იცნობდა ანდრია კრიტელის
კანონს, მაგრამ ბევრ შემთხვევაში „გალობანი სინანულისანი“ აღემატება კიდეც მას.

ეს ის პიროვნებაა, რომელიც თავის თავში ითავსებდა დიდ რწმენასა და დიდ ცოდნას.
როცა მან დააარსა გელათის აკადემია, იგი ზრუნავდა, რომ ეს ყოფილიყო ახალი
იერუსალიმი თავისი სულიერი მოღვაწეობით და მეორე ათინა – თავისი დიდი ინტელექტით და
მეცნიერული სიმაღლით. დავით აღმაშენებელმა მართლაც მიაღწია ამას. (შევნიშნავ
იმასაც, რომ ეს იყო დამახასიათებელი საერთოდ ქართული მონასტრებისათვის. ყოველი
ქართული მონასტერი იყო არა მარტო სულიერი მოღვაწეობის სავანე, არამედ დიდი
მეცნიერული ცენტრიც). ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ გაჭირვების ჟამს იგი მუდამ
გვივლენდა ადამიანს, რომელსაც შეეძლო, გადაერჩინა საქართველო.

დღეს არის განსაკუთრებული დღე ჩვენი სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის. ეს არის
უნივერსიტეტის დაარსების დღე. ეს არის ის დღე, როცა უწმიდესმა და უნეტარესმა,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კირიონმა აკურთხა უნივერსიტეტი. ჩვენი
წმიდა სინოდის სახელით, ჩვენი მორწმუნე ერის სახელით რექტორატს და პროფესორ-
მასწავლებლებს ვულოცავთ ამ ისტორიულ დღეს! წმიდა დავით აღმაშენებელი ყოფილიყოს
თქვენი მფარველი. ძლიერება სულიერი, ინტელექტუალური მოგანიჭოთ უფალმა მისი
წყალობით, მისი ლოცვა-კურთხევით.

დღეს არის განსაკუთრებული, მე ვიტყოდი, ისტორიული დღე არის იმიტომ, რომ არსდება
სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის ფონდი, რომელსაც ეწოდება „სულიერების,
მეცნიერებისა და კულტურის აღორძინებისა და განვითარების ფონდი“. მას ექნება ძალიან
დიდი მნიშვნელობა საქართველოსათვის. ეს იქნება ის ფონდი, რომელშიც მონაწილეობის
მიღება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, მიუხედავად მისი რელიგიური თუ ეროვნული
კუთვნილებისა. ეს იქნება ის ფონდი, რომელიც ხელს შეუწყობს ეროვნული და
სახელმწიფოებრივი აზროვნების განმტკიცებას. თქვენ იცით, რომ 1801 წლიდან
მოყოლებული, როცა საქართველომ დაკარგა თავისი პოლიტიკური დამოუკიდებლობა, ანუ ამ
200 წლის მანძილზე ძალიან დაქვეითდა ჩვენი ეროვნული და სახელმწიფოებრივი აზროვნება.
უნდა ვიცოდეთ, ვინ ვართ, ვინ ვიყავით ან ვინ უნდა ვიყოთ.

ჩვენ უნდა ვიყოთ სულიერად ისეთივე ძლიერი, როგორიც იყო ქართველი ერი დავით
აღმაშენებელის და თამარის დროს. მაგრამ ეს ფონდი შეუწყობს ხელს არა მარტო
სულიერების განმტკიცებას, არამედ ჩვენს კულტურას. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ
ქართველმა ხალხმა საოცარი წვლილი შეიტანა მსოფლიო საგანძურში და ეს პროცესი უნდა
გაგრძელდეს. ქართველ ადამიანს გააჩნია ღვთისაგან ბოძებული ისეთი ნიჭი, რომელიც
აუცილებლად უნდა გამოვლინდეს, ქართულმა გენმა უნდა თქვას თავისი სიტყვა მომავალშიც,
უფრო ძლიერი სიტყვა, ვიდრე მას უთქვამს წარსულში.

ეს ფონდი შეუწყობს ხელს მეცნიერების განვითარებასაც. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს
საქართველოს მომავლისათვის. ამიტომ ჩვენ გვექნება ძალიან მჭიდრო კავშირი ჩვენს
მეცნიერებათა აკადემიასთან, ჩვენ უნივერსიტეტებთან, უმაღლეს სასწავლებლებთან და
ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მეცნიერებს შეეწყოთ ხელი.

მაგრამ მთავარი მაინც არის ეროვნული და სახელმწიფოებრივი აზროვნების განმტკიცება
ჩვენში.

მინდა გითხრათ ისიც, რომ ეს იქნება ძალიან გამჭვირვალე ფონდი. ყველას
გვეცოდინება ყოველი თეთრი სად დაიხარჯება. ეს ფონდი უშუალოდ კათოლიკოს-პატრიარქის
კონტროლის ქვეშ იქნება და მასში იარსებებს განმკარგავი საბჭო 12 ადამიანის
შემადგენლობით. ესენი არიან ჩვენი ქვეყნის გამოჩენილი ადამიანები. მაგალითად, გურამ
დოჩანაშვილი, ანზორ ერქომაიშვილი, რუსუდან ლორთქიფანიძე, თამაზ გამყრელიძე, ნონა
გაფრინდაშვილი, რუსუდან ფეტვიაშვილი და სხვები. ვფიქრობ, თქვენ ყველანი კარგად
იცნობთ მათ. ისინი არიან რჩეულნი ერისაგან ჩვენისა. ამის გარდა იქნება დიდი საბჭო,
რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ შემომწირველნი, ანუ ჩვენი მეცენატები და
წარმომადგენლები რეგიონებიდან; განსაკუთრებული მნიშვნელობა დაეკისრება აღმასრულებელ
მდივანს. ამ თანამდებობაზე დანიშნულია დეკანოზი გიორგი ზვიადაძე. თქვენ იცით, რომ
მამა გიორგი ზვიადაძე გარდა ამისა არის პრორექტორი სასულიერო აკადემიისა. ეს არ
ნიშნავს იმას, რომ იგი განთავისუფლდება აკადემიიდან, აკადემიაში იგი გააგრძელებს
თავის სამსახურს, მაგრამ ძალიან აქტიურ მუშაობას დაიწყებს ამ ფონდში. მას
დაეკისრება შექმნას განყოფილებები დარგების მიხედვით.

დიდ მადლობას ვუხდი ეროვნულდემოკრატიულ პარტიას, რომელმაც პირველი შემოწირულობა
გააკეთა და დაგვითმო თავისი ადგილი ამ ფონდის განსათავსებლად რუსთაველის პროსპექტზე
¹21-ში.

საქართველოს ეკლესიის სახელით კი მინდა განვაცხადო, რომ საქართველოს ეკლესიას
შეაქვს პირველი შესაწირი ამ ფონდში – 20 ათასი დოლარი. და იმედი მაქვს, რომ ეს
იქნება ძლიერი ფონდი არა მარტო ფინანსურად, არამედ თავისი საქმეებით და
მოემსახურება ჩვენს ერს.

მე არაერთხელ მითქვამს და დღესაც მინდა ვთქვა, რომ ის პრობლემები, რომელიც დგას
საქართველოს წინაშე, ღვთის მადლით დაიძლევა და მთელი ჩვენი ერი ყველაფერს გააკეთებს
იმისათვის, რომ საქართველო იყოს ძლიერი, თავისუფალი, დემოკრატიული სახელმწიფო.
ჩვენი მიზანი არის ის, რომ გავძლიერდეთ სულიერად და ფიზიკურად, და შემდეგ სხვებს
დავეხმაროთ; ეს ასეც იქნება.

მადლობას გწირავთ აქ მობრძანებისათვის, თქვენი თანადგომისათვის.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს – დავით აღმაშენებლის დღეს. მისი
ლოცვით ღმერთმა დალოცოს, გაახაროს და გააძლიეროს სრულიად საქართველო, ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №7(314),
2005 წ.