საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23 ნოემბერი, 2010 წ.)

23 ნოემბერი
%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%92%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%a6%e1%83%94%e1%83%a1-8

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 23 ნოემბერი, 2010 წ.

„მთელი საქართველო – ეს არის ღვთის წინაშე
ანთებული სანთელი!“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

უპირველეს ყოვლისა, თქვენ და სრულიად საქართველოს ვულოცავ ამ დიდებულ დღესასწაულს –
გიორგობას! ეს არის ჩვენი საეკლესიო და ეროვნული დიდი ზეიმი! მოგეხსენებათ, წმინდა
გიორგი არის ტყვეთა გამათავისუფლებელი, გლახაკთა ხელის აღმპყრობელი, სნეულთა
მკურნალი, მეფეთა უძლეველი წინამბრძოლი და მფარველი მთელი მსოფლიოსი და
განსაკუთრებით – საქართველოსი. და მადლიერების ნიშნად, ქართველი ერი მთელი წლის
განმავლობაში, თითქმის ყოველდღე აღნიშნავდა გიორგობის დღესასწაულს ამა თუ იმ
სოფელსა თუ ქალაქში და დღესაც აღნიშნავს.

დღეს მინდა ვისაუბროთ ბოროტებასა და სიკეთეზე. წმინდა გიორგის ცხოვრებაში ჩვენ
ვხედავთ ორ ადამიანს – წმინდა გიორგისა და მეფე დიოკლეტიანეს (ასეთი განსხვავებულ
ადამიანებს მრავლად ვხვდებით ისტორიაში, თუნდაც გავიხსენოთ დავით წინასწარმეტყველი
და გოლიათი და მრავალი სხვ.). წმინდა გიორგი მხედართმთავარი იყო, დიოკლეტიანე კი
მთელი იმპერიის მფლობელი და მბრძანებელი, თუმცა ბოროტებამ სიკეთეზე ვერ გაიმარჯვა.
ხატებზე გამოსახულია, თუ როგორ გმირავს წმინდა გიორგი დიოკლეტიანეს, რომელიც
მიწაზეა განრთხმული. და როგორც წმინდა გიორგი ძლევს დიოკლეტიანეს და დავით
წინასწარმეტყველი – გოლიათს, ასევე სულიერად დაამარცხებს საქართველო თავის ხილულ და
უხილავ მტრებს!

ჩვენი დიდი პოეტი ამბობს: „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“. ბევრი
მიფიქრია, რატომ არა თქვა შოთა რუსთაველმა: კეთილმა სძლია ბოროტსო, რადგან ზოგიერთს
მიაჩნია, რომ ბოროტება მეფობს ამქვეყნად. ეს იმ ადამიანებს ჰგონიათ, რომელნიც
ბოროტებას თესავენ და ფიქრობენ, თითქოს იგია გამარჯვებული. ყანაში სავსე თავთავი –
თავდახრილია, ცარიელი თავთავი კი – თავაშვერილი. ერთი შეხედვით, შეიძლება ვინმეს
ეგონოს, თითქოს ეს თავაშვერილი თავთავი ყანის მშვენება იყოს, სინამდვილეში კი მასში
მხოლოდ სიცარიელეა. ამგვარად,
მიუხედავად იმისა, რომ ბოროტება ასე ყოყოჩობს და ამაყობს და თითქოს ზეიმობს
მსოფლიოში, იგი სინამდვილეში დამარცხებულია, რადგან ღმერთი არის სიყვარული, სიკეთე,
მშვიდობა, მფარველი ქვეყნისა და ყოველი ჩვენგანის და ბოროტება მისი მადლითაა
ძლეული. ისე ეს ქვეყანა ვერ იარსებებდა.

რა ურთიერთობაშია ბოროტება და სიკეთე? დიოკლეტიანეს ეგონა, რომ სიკეთეს აკეთებდა,
როცა წმინდა გიორგის წამებისთვის იმეტებდა, წმინდა გიორგი კი წამებას იმიტომ
ითმენდა, რომ ჭეშმარიტ გზაზე იდგა; ერთშიც და მეორეშიც, დიოკლეტიანეშიც და წმინდა
გიორგის პიროვნებაშიც, არის ღვთის სახე, ხატი ღვთისა. თუმცა ერთ-ერთი მათგანი
ბოროტებისაკენ მიიდრიკა, მეორე – სიკეთისაკენ. ამ ხატებამ ღვთისა შთააგონა
დიოკლეტიანეს, რომ ის არ იყო მართალი და იგრძნო, რომ დაიღალა ბოროტებით; ამიტომაც
დაანება თავი თავის სამეფოს და სოფელში განმარტოვდა; რომის იმპერია კი რამდენიმე
ნაწილად გაყო და მისი მართვა თავის მხედართმთავრებს დაავალა.

გარკვეული ხნის შემდეგ ეს მმართველები დიოკლეტიანესთან მივიდნენ და სთხოვეს:
„დაბრუნდი შენს ტახტზე, ჩვენ ვერ ვიცავთ იმპერიის მთლიანობას!“ მათ ეგონათ, რომ
დიოკლეტიანე
სიხარულით დათანხმდებოდა და სამეფო ტახტს დაუბრუნდებოდა, მაგრამ მან ასე უპასუხა:
თქვენ რომ გენახათ, როგორი კომბოსტო მოვიყვანე ჩემს ბოსტანში, აღარ მთხოვდით, რომ
სამეფო ტახტს დავბრუნებოდი! დიოკლიტიანემ გადააფასა თავისი შეხედულებები და
მიიჩნია, რომ მისთვის კომბოსტოს მოყვანა უფრო დიდი საქმეა, ვიდრე მეფობა! ამიტომაა ნათქვამი, რომელმაც აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს, ხოლო რომელმაც
დაიმდაბლოს. თავი, ამაღლდეს.

წმინდა გიორგი ღმერთმა აღამაღლა და დაადგინა მფარველად ყოველთა ქრისტიანეთა. და
ვმადლობთ უფალს, რომ გვყავს ასეთი ძლიერი მეოხი და მფარველი!

წმინდა გიორგის ხატი, რომელიც ახლა შუა ტაძარში, ანალოღიაზეა დაბრძანებული,
რამდენიმე წლის წინ მოსკოველმა ქართველებმა გადმომცეს. ეს არის აფხაზეთის ილორის
წმინდა გიორგი! მწამს, რომ წმინდა გიორგის ძალა დაგვიბრუნებს ჩვენ აფხაზეთსაც და
ცხინვალის რეგიონსაც! წმინდა გიორგის მადლი მოჰფენს მშვიდობასა და კეთილდღეობას
საქართველოს!

ნურავინ იფიქრებს, რომ საქართველო დაეცემა, რომ საქართველო დანაწვერდება! წმინდა
გიორგი, თავისი ღვაწლით, ანდრია მოციქული, წმინდა ნინო, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი
მფარველობენ ჩვენს ქვეყანას და ღმერთი ამთლიანებს საქართველოს! სულ ტყუილად ცდილობს
მტერი ჩვენს გათიშვას, სულ ამაოდ ჰგონია, რომ შეძლებს საქართველოს დაყოფას! ქართველ
ადამიანში იმდენი მადლია, იმდენი სიყვარულია ღვთისა, რომ საქართველო არ დაიყოფა!
ოღონდ, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვეწი სიწმინდე, გავუფრთხილდეთ მას! უპირველეს ყოვლისა,
ეს არის ქართველობა!

მთელი საქართველო – ეს არის ანთებული სანთელი ღვთის წინაშე! თქვენ იცით,
საქართველოში ყოფილა მრავალი პატრიარქი და ყველას უთქვამს, რომ ასეთი მორწმუნე,
მოსიყვარულე ერი მსოფლიოში არსად უნახავთ. დიდება და მადლობა უფალს – ეს არის
ღვთის წყალობა, ეს არის მისი ლოცვა-კურთხევა და ჩვენ ვმადლობთ მას!

დღეს ქართველი
მღვდელმთავარი ასრულებს წირვას მოსკოვის
ქართულ ტაძარში. დღეს
ქართველი მღვდელმთავარი ასრულებს წირვას საინგილოში! და საქართველოს
მთელი ტაძრები სავსეა ჩვენი მორწმუნე ერით. საქართველო არ დაეცემა, საქართველო წინ
მიიწევს და წინ
ივლის! ჩვენ აუცილებლად
მივიტანთ ჩვენს ჯვარს ბოლომდე, რადგან ჩვენი ხალხი შეინარჩუნებს ჭეშმარიტ
სარწმუნოებას.

მთელი ქვეყნიერება განიკითხება ქართული ენით
– ამას ამბობს იოანე ზოსიმ ოღონდ ჩვენ გვჭირდება თავმდაბლობა, მორჩილება და არაგანკითხვა
ძმისა ჩვენისა, რათა ვეზიაროთ მადლსა სულისა წმინდისა, რომელიც არის უძლურთა
მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი. დღეს განსაკუთრებით გადმოვიდა სული წმინდის
მადლი საქართველოზე და ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის! დიდება და
მადლობა უფალს ყველაფრისათვის!

დღეს არის ანგელოზის დღე მრავალი ქართველისა და სხვა ერის შვილებისა; დღეს არის
ანგელოზის დღე მიტროპოლიტ გიორგისა, რომელიც ქვაშვეთში წირავს, ანგელოზის დღე
პროტოპრესვიტერისა, რომელიც ჩვენთანაა და ყველას გილოცავთ ამ დღესასწაულს!

წმინდა გიორგის მფარველობა მუდამ იყო საქართველოში. საქართველოს თორმეტი მეფე
გიორგი იყო. მამაჩემსაც გიორგი ერქვა! ჩემი ბავშვობიდან მახსენდება: წელიწადში
ორჯერ ვდღესასწაულობდით გიორგობას. საგანგებოდ ვემზადებოდით, რადგან ამ დღეს ბევრი
ხალხი უნდა მოსულიყო ჩვენთან და მთელი ჩვენი სახლი სავსე იყო მათხოვრებით. ჩემი
მშობლები მხოლოდ გლახაკებს იწვევდნენ და ჩვენც მათთან ერთად ვზეიმობდით გიორგობას.

დღეს გადავწყვიტეთ, შევასრულოთ პანაშვიდი ჩვენი მეფეების, ჩვენი წინაპრების სულთა
საოხად. იმათი ლოცვა-კურთხევა და ჩვენი პატრიარქების ლოცვა-კურთხევა გეწეოდეთ თქვენ
და სრულიად საქართველოს!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №40, 2010 წ.