საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23 ნოემბერი, 2006 წ.)

23 ნოემბერი
%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%92%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%a6%e1%83%94%e1%83%a1-2

უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 23 ნოემბერი, 2006 წელი

„შეუძლებელია საქართველო დაეცეს!“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა! ჩვენთან არს ღმერთი! ყველას
გილოცავთ დიდებულ დღესასწაულს – გიორგობას! წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენების დღე
არის ჩვენი დიდი ეროვნული და, აგრეთვე, საეკლესიო დღესასწაული. წმინდა გიორგი არის
მფარველი საქართველოსი.

წმინდა გიორგის ხსენება ძველად ჩვენს ქვეყანაში მთელი წლის განმავლობაში
ყოველდღე აღინიშნებოდა, რადგან ყოველ ქალაქში, სოფელსა თუ დაბაში, იყო წმინდა
გიორგის სახელობის ეკლესია ან მონასტერი და, შესაბამისად, ტაძრის დღესასწაულიც.

ვინ იყო წმინდა გიორგი? ჩვენს წინაშეა ორი პიროვნება – დიოკლეტიანე და დიდმოწამე
გიორგი; ერთია – ძლევამოსილი მპყრობელი დიდი იმპერიისა, ხოლო მეორე –
მხედართმთავარი, რომელიც დაახლოებული იყო იმპერატორთან. ზოგიერთი ისტორიული ცნობით,
იმპერატორი ფიქრობდა თავის შემდეგ ტახტი წმინდა გიორგისთვის დაეტოვებინა. და აი,
წარმოიდგინეთ, წარმართი იმპერატორი უეცრად გებულობს, რომ წმინდა გიორგი არის
ქრისტიანი! მან ჯერ ტკბილად დაუწყო ლაპარაკი, ლმობიერად სცადა მისი დაყოლიება, ხოლო
როდესაც ამ გზით ვერაფერი გააწყო, მერე წმინდა გიორგის წამება დაიწყო, – მისი
სიყვარული, სასტიკ მტრობაში გადაიზარდა. ვერაფრით გატეხა მეფემ წმინდა გიორგი.
საშინელი ტანჯვა-წამება გამოიარა წმინდანმა. და აი, ერთხელ, როდესაც დილეგში
ჩაგდებული ნაგვემი წმინდა გიორგი სისხლისგან იცლებოდა, მას სახარების სიტყვები
გაახსენდა: „ღმერთო ჩემო, რაისათვის დამიტევე მე!“ ამ დროს მას ნუგეშად ესმა ხმა
უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი: „ნუ გეშინია, გიორგი, მე შენთან ვარ.“

ეს სიტყვები უნდა ახსოვდეს ქართველ ერს. წმინდა გიორგი არის სიმბოლო ქართველი
ერისა. ჩვენ მრავალი განსაცდელი გვინახავს წარსულში და დღესაც მრავალი გასაჭირო
გვაქვს, მაგრამ მუდამ ჩაგვესმის იდუმალი ხმა უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა
იესო ქრისტესი: „ნუ გეშინია, საქართველო, მე შენთან ვარ!“ საქართველო
განსაკუთრებული ქვეყანაა. აქ ჩამობრძანდა კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი;
ჩვენი ქვეყანა გახდა წილხვედრი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა. შეუძლებელია
საქართველო დაეცეს! ჩვენი ქვეყანა იყო, არის და იქნება ძლიერი. მაგრამ ამისათვის,
უპირველეს ყოვლისა, საქართველომ უნდა შეინარჩუნოს და გააძლიეროს ჭეშმარიტი
მართლმადიდებელი სარწმუნოება, რადგან ამაშია ჩვენი ძალა. ამიტომაც იყო, რომ,
როდესაც მტერი საქართველოს შემოესეოდა, უპირველეს ყოვლისა, ტაძრებსა და მონასტრებს
ანგრევდა.

საქართველოს ეკლესია – ეს არის ის ძალა, რომელიც ამთლიანებდა და ამთლიანებს
ქართველ ერს და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გაძლიერდეს
საქართველო და ჩვენი ეკლესია. საქართველოს ეკლესია 2000 წლისაა; იგი დაარსებულია
მოციქულების მიერ.

საოცრებაა ჩვენი წარსული, მაგრამ არანაკლები საოცრებაა და სასწაულია ჩვენი ერის
აწმყო, დღევანდელი დღე. მითხარით, როგორ წარმოიდგენდა რომელიმე ჩვენგანი, რომ ამ
ურთულეს დროს, ამ საშინელი გაჭირვების ჟამს ჩვენი ერი ამ დიდებულ სამების ტაძარს
ააშენებდა! ეს კიდევ ერთი სასწაულია და კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ ჩვენთან არს
ღმერთი! და ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ საქართველო არასდროს დაეცემა, არამედ
გაძლიერდება, გაბრწყინდება და ამაში ჩვენ წმინდა გიორგი შეგვეწევა.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს და
გაამთლიანოს სრულიად საქართველო! ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №43(396),
2006 წ.