საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (6 მაისი, 2006 წ.; ქაშვეთის ტაძარი)

6 მაისი
%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%92%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%a6%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%90

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე

ქაშვეთის ტაძარი, 6 მაისი, 2006 წ.

„ეს ხმა უფლისა: „ნუ გეშინია, მე
შენთან ვარ!“ – უკვე 2000 წელია ესმის საქართველოსაც!“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ქრისტე აღსდგა!

წმიდა გიორგი არის ჩვენი მფარველი და ჩვენი ძალა! მაგრამ ჩვენი მხრიდან საჭიროა
მტკიცე რწმენა, სიყვარული და სასოება, რათა გავხდეთ უფლისანი. ფსალმუნებში
ვკითხულობთ: „უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი
მშვიდობით“. ჩვენი წარსული ნათლად მეტყველებს, რომ ღვთის ძალამ, ღვთის მარჯვენამ
გადაარჩინა საქართველო და დღესაც ჩვენ ვგრძნობთ ამას. წმიდა გიორგი არის
განსაკუთრებული მფარველი ქართველი ერისა და ჩვენი ერი გრძნობს ამას.

თქვენ იცით, წმიდა გიორგი ცხოვრობდა III-IV საკუნეში. ჩვენს წინაშე წარმოსდგება
ორი პიროვნება: წმიდა გიორგი, რომელიც ეწამა ქრისტესთვის, ჭეშმარიტებისათვის და
იმპერატორი დიოკლეტიანე. ეს ორი პიროვნება არის ერთმანეთის მიმართ სრულიად
დაპირისპირებული: ერთი ზრუნავს მიწიერისთვის, მეორე – ზეციურისთვის,
მარადიულისთვის. წმიდა გიორგი იყო დიოკლეტიანესთვის საყვარელი ადამიანი. იგი იყო
მისი ჯარის მხედართმთავარი და მეთაური მისი პირადი დაცვისა. არსებობს აზრი, რომ
დიოკლეტიანე თავის შემდეგ სწორედ წმიდა გიორგის უტოვებდა სამეფო ტახტს. მაგრამ ამ
ორ პიროვნებას განასხვავებდა მთავარი – სარწმუნოება! ერთი იყო წარმართი, მეორე კი –
ქრისტიანი. წმიდა გიორგიმ იცოდა, თუ რა მოელოდა მას ქრისტიანობის აღიარებისათვის.
მაგრამ იგი უშიშრად გამოდის საქვეყნოდ კრების წინაშე და ამბობს: „მე ქრისტიანი
ვარ!“ ეს იყო სრულიად მოულოდნელი დიოკლეტიანესთვის. იგი ჯერ ტკბილი სიტყვებითა და
მოფერებით შეეცადა დაეყოლიებინა წმიდა გიორგი და უარი ეთქმევინებინა მის
განზრახვაზე, გამხდარიყო ქრისტიანი. მაგრამ ეს განზრახვა უვკე არ იყო, ეს იყო უკვე
ფაქტი; გიორგი უკვე იყო ქრისტიანი. და მას ჰქონდა ისეთი დიდი რწმენა, რომელსაც
ვერავითარი წამება და ვერავითარი ბოროტი ძალა ვერ ამოგლეჯდა მისი გულიდან და
გონებიდან!

ამიტომ დიოკლეტიანეს ყოველი მცდელობა ამაო გამოდგა. და ის სიყვარული, რომელიც
მას გააჩნდა გიორგის მიმართ შეიცვალა სიძულვილით. იწყება წამება წმიდისა გიორგისი,
წამება უმძიმესი და უსაშინლესი.

აი, წმიდა გიორგი საკანშია და სისხლით იცლება; თითქოს ღმერთმაც დაივიწყა და
მიატოვა იგი; ამ დროს ესმის ხმა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი: „გიორგი, ნუ
გეშინია, მე შენთან ვარ!“ და აი, ეს ხმა უფლისა: „ნუ გეშინია, მე შენთან ვარ!“ –
უკვე 2000 წელია ესმის საქართველოსაც! მრავალი განსაცდელი გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ
და მრავალი წამებულიც ჰყავს, – ვფიქრობ, მსოფლიოში არცერთ ქვეყანას არა ჰყავს
იმდენი მოწამე, რამდენიც საქართველოს! და ეს ყველაფერი მეტყველებს იმის შესახებ,
რომ დიდი იყო რწმენა ჩვენი ერისა და ამიტომაც ღმერთმა მფარველად წმიდა გიორგი
მოგვივლინა! ჩვენმა ერმა, მუდამ იცოდა და იცის, რომ მიწიერი ცხოვრება – ეს არის
წუთისოფელი, ეს არის მომზადება იმ დიდი და მარადიული ცხოვრებისათვის, რომელიც ყოველ
ჩვენთაგანს ელოდება.

დღეს, როცა მთელი მსოფლიო და საქართველო დგას მრავალი მძიმე განსაცდელისა და
ურთულესი პრობლემის წინაშე,  – ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ის სულიერი და
ეროვნული ფასეულობანი, რომლითაც გადარჩა ჩვენი ერი და ჩვენი ქვეყანა.

საქართველო კვლავაც აუცილებლად გადარჩება! ამ წამების შემდეგ აუცილებლად გავალთ
სამშვიდობოზე! საქართველო მივა აღდგომამდე და ამაღლებამდე! გოლგოთით არ დასრულდება
ჩვენი ცხოვრება! ჩვენი ცხოვრება სულიერი გაბრწყინებით დამთავრდება!

ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს! წმიდა გიორგი ჩვენთანაა და ჩვენ ამას
ვგრძნობთ! ჩვენ ვგრძნობთ, რომ წმიდა გიორგი იცავს საქართველოს! წმიდა გიორგის, სხვა
წმიდანების და ჩვენი ზეციური დედოფლის, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მფარველობა რომ
არა, – საქართველო უკვე აღარ იარსებებდა. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმის შესახებ,
რომ ჩვენთან არს ღმერთი!

ჩვენი დიდი წინაპარი, XI საუკუნის ღირსი მამა, იოანე-ზოსიმე ამბობს, რომ
ქართულითა ენითა განიკითხება მთელი მსოფლიო. ჩვენ ბევრი გვიფიქრია, თუ რით
დაიმსახურა ქართველმა ერმა ეს დიდი წყალობა! და ჩვენ მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ
მთელი მსოფლიო დაკარგავს ჭეშმარიტ სარწმუნოებას, მორწმუნე ადამიანი იშვიათობა
გახდება და საქართველო გაბრწყინდება! ერის გაბრწყინება – ეს არის, უპირველეს
ყოველისა, ჭეშმარიტი სარწმუნოების გაძლიერება, ეს არის სიყვარულისა და სიკეთის
გაძლიერება; ეს არის მდგომარეობა, როცა ადამიანს ექნება განცდაი თვისთა ცოდვათა და
არა განკითხვად ძმისა თვისისა. აი, ეს ყველაფერი გააძლიერებს სრულიად საქართველოს!

ღმერთმა წმიდა გიორგის ლოცვით დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ თქვენ და
სრულიად საქართველო!

ჩვენთან არს ღმერთი!

ქრისტე აღსდგა!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №18,
2006 წ.