საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ქადაგება გარეჯობის დღესასწაულზე (8 ივნისი, 2006 წ.; დავით გარეჯის ლავრა)

8 ივნისი
%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%af%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%a6%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%90

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება გარეჯობის დღესასწაულზე

დავით გარეჯის ლავრა, 8 ივნისი, 2006 წ.

„გიხაროდენ, მიმადლებულო,
მადლმოსილო საქართველო, უფალი ჩვენთანაა!“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

დღეს არის ჩვენი დიდი საეკლესიო და, მე ვიტყოდი, დიდი ეროვნული დღესასწაული –
ხსენება ღირსისა მამისა ჩვენისა დავით გარეჯელისა. როგორც თქვენ იცით, დავით
გარეჯელი იყო მოწაფე ღირსისა მამისა ჩვენისა იოანე ზედაზნელისა. ღირსი დავით გარეჯელი
არის საოცარი წმინდანი, – წმინდათა შორის საკვირველი. მან ეს იმით დაიმსახურა, რომ
სათნო ეყო უფალს და მოიპოვა მადლი ღვთისა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ღმერთი ამპარტავანსა
შემუსრავს, ხოლო თავმდაბალს მიანიჭებს მადლს“. სწორედ ამით გამოირჩეოდა
ღირსი მამა დავით გარეჯელი, – იგი იყო საოცრად თავმდაბალი. ყოველ ადამიანს, ვისაც
სურს მოიპოვოს მადლი ღვთისა, უნდა ახსოვდეს, რომ რწმენასთან, სიყვარულთან, კეთილ
საქმეებთან ერთად აუცილებლად უნდა ჰქონდეს თავმდაბლობა, განცდაი თვისთა ცოდვათა და
არაგანკითხვად ძმისა თვისისა. აი, ეს არას უმთავრესი და უპირველესი პირობა იმისა,
რომ ადამიანმა დაიუნჯოს მადლი.

აბა, შეხედეთ, რამდენად თავმდაბალი იყო ღირსი მამა დავთ გარეჯელი: იგი ფეხით წავიდა
საქართველოდან, რათა თაყვანი ეცა წმინდა მიწისთვის, იმ ადგილისთვის, სადაც ჯვარს
ეცვა უფალი და მაცხოვარი ჩვენი
იესო ქრისტე და არ შევიდა თვით ქალაქში მივიდა მხოლოდ იერესალიმის კედლებთან და იქ
ლოცულობდა თავისთვის და საქართველოსთვის, ლოცულობდა ყოველი ადამიანისთვის, რომელიც
დგას ამ ჭეშმარიტების გზაზე. თქვენ იცით, მისი ცხოვრებიდან რომ მან წამოიღო წმინდა
მიწიდან სამი ქვა. და გამოცხადება ჰქონდა იერუსალიმის პატრიარქს, ანგელოზმა უფლისამ
აუწყა მას, რომ მოვიდა ერთი ბერი და მთელი მადლი მიაქვს თან იერუსალიმიდან საქართველიშიო.
სასწრაფოდ დაედევნენ მას და წაართვეს ორი ქვა, მხოლოდ ერთი გამოატანეს. აი, ეს არის
ის მადლის ქვა, რომელიც ჩამოიტანა დავით გარეჯელმა. თქვენ დღეს გქონდათ საშუალება,
მთხვეოდით მას, იგი წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში ინახება და ეს არის მთელი
მსოფლიოსთვის დიდი სიწმინდე.

ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვიფიქროთ, როგორ მოვიპოვოთ მადლი სულისა წმიდისა.

მახსენდება ჩემი ვიზიტი ბაქოში. იქ შევხვდი მეცნიერებს, აკადემიკოსებს, რომელნიც
არიან აღმსარებლობით მუსულმანები. ხშირი შემთხვევაა, როცა მუსულმანებს ჰგონიათ, რომ
ქრისტიანები აღიარებენ სამ ღმერთს – მამას, ძეს და სულიწმიდას და ერთი ღმერთის
მაღიარებელნი არ არიან. მე მათ ავუხსენი, რომ ეს ასე არ არის. ამისთვის მათ
მაგალითად ბასილი დიდის განმარტება მოვუყვანე. ეკლესიის ეს უდიდესი მამა ასეთ
შედარებას გვთავაზობს: რომ წარმოვიდგინოთ მზე და მზის დისკო მამა ღმერთს შევადაროთ,
მზის ნათელი – ძეს ღვთისას, უფალს ჩვენსას იესო ქრისტეს, ხოლო სითბო, რომელსაც მზე
გამოჰყოფს – სულიწმინდას და ეს ყველაფერი მთლიანობაში არის ერთი – მზე. მსგავსად
ამისა, სამებაც არის ერთი. აი, ასე შეიძლება იყოს ერთი ღმერთი და ამავე დროს –
ყოვლადწმინდა სამება. ის მეცნიერები პატარა ბავშვებივით, სკოლის მოსწავლეებივით
მიყურებდნენ, მისმენდნენ და უხაროდათ, რომ გაარკვიეს, რა არის ქრისტიანობა და რა
არის ყოვლადწმინდა სამება.

მაგრამ რა არის თვით მადლი? მადლი არის „უძლურთა მკურნალი“, იგია ძალა ღვთისა, ეს
არის საოცარი, უხილავი ძალა ღვთისა, რომელიც გადმოდის ყოველ ადამიანზე, ვინც დგას
ჭეშმარიტ გზაზე, გააჩნია ჭეშმარიტი სარწმუნოება, აქვს სიყვარული, სასოება, თესავს
სიკეთეს და აქვს თავმდაბლობა. ასეთ ადამიანებს უფალი მიანიჭებს მადლს. წმინდა
მამები ამბობენ, რომ მადლი არის „უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი“.
ყოველ ადამიანს გააჩნია რაღაც უძლურება, ან სულიერი, ან ფიზიკური ნაკლი, –
ამქვეყნად სრულყოფილი ადამიანი არ არსებობს, ყველას აუცილებლად რაღაც ნაკლი
გააჩნია. ვფიქრობ, რომ ესეც კვლავ ჩვენი თავმდაბლობისათვის ხდება, რომ უფალს
დახმარებისთვის მივმართოთ. და რადგან ადამიანს აქვს ნაკლი, იგი უნდა შეივსოს მადლით
სულისა წმიდისა, რომელიც არის „ნაკლულევანთა აღმავსებელი“.

დღეს ჩვენ ვდღესასწაულობთ ღირსი მამის – დავით გარეჯელის ხსენების დღეს. ის არის
ნამდვილად საოცარი, მადლმოსილი წმინდანი. მადლმოსილია არა მარტო თვითონ, არამედ ის
სხვებსაც ანიჭებს მადლს. წმინდა სერაფიმე საროველი ამბობს, რომ თუ ადამიანი
მოიპოვებს მადლს, თვითონაც ცხონდება და ათასობით ადამიანი ცხონდება მის გარშემო.
შევთხოვ უფალს, რომ ყოველი ჩვენგანი, ყოველი ადამიანი, მთელი საქართველო იყოს
მადლმოსილი.

თქვენ გახსოვთ, მთავარანგელოზი გაბრიელი რომ გამოეცხადა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ
დედას, თუ რა სიტყვებით მიმართა მას, იგი ეუბნება: „გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი
შენთანაა!“, ე.ი. მადლმოსილოო. მინდა, ასეთივე სიტყვებით მივმართო მთელ
საქართველოს: „გიხაროდენ, მიმადლებულო, მადლმოსილო საქართველო, უფალი ჩვენთანაა!“

კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ხსენებას ღირსი მამისა ჩვენისა დავით გარეჯელისა.
ღმერთმა დაგლოცოთ! და მამა დავით გარეჯელმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო!
ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №24,
2006 წ.