საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ქადაგება ბზობის დღესასწაულზე (1 აპრილი, 2007 წელი; სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარი)

1 აპრილი
%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%91%e1%83%96%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%a6%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%ac-2

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება ბზობის დღესასწაულზე

სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარი, 1 აპრილი, 2007 წელი

„ბზასთან ერთად – ღვთის კურთხევა,
სულიერი და ფიზიკური ძალა
შეგვაქვს შინ და ღვთის მადლი დამკვიდრდება ჩვენს სახებსა და მთელ ქვეყანაზე!“

სახელითა მამისათა და ძისთა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

დღეს არის უდიდესი დღესასწაული, როცა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ ინება ზეიმით
შესვლა იერუსალიმში. მთელი ერი შეიკრიბა იერუსალიმში მის შესაგებებლად. ხალხი ჭრიდა
ტოტებს და უგებდა მაცხოვარს, უგებდა თავის ტანსაცმელს. იესო ქრისტეს ხვდებოდნენ,
როგორც მეფეს სადიდებელი შეძახილებით და გალობით: „ოსანა მაღალთა შინა ღმერთსა,
კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა!“ სახარებაში წერია, რომ უფალი ტიროდა.
ტიროდა იმიტომ, რომ ხედავდა, რომ ის ხალხი, რომელიც უფალს ადიდებდა, რამდენიმე დღის
შემდეგ იყვირებდა: „ჯვარს აცუ ეგე!“

რას ნიშნავს ჩვენთვის ბზობის დღესასწაული? უპირველეს ყოვლისა, იგი იმედისა და
ძალის მომცემია, სულიერი და ფიზიკური ძალის. ღვთის ძალას სწორედ ბზის ტოტი
განასახიერებს. ბზასთან ერთად – ღვთის კურთხევა, სულიერი და ფიზიკური ძალა შეგვაქვს
შინ და ღვთის მადლი დამკვიდრდება ჩვენს სახლებსა და მთელ ქვეყანაზე.

ინდოეთში იყო ერთი დიდი მქადაგებებლი – სუნდარ სინგი. ეს იყო დიდი პიროვნება.
იგი შეძლებული ოჯახიდან გახლდათ. თავდაპირველად სარწმუნოებით ინდუისტი იყო. მაგრამ
მას მუდმივი სულიერი ძიება ჰქონდა, რადგან ვერ დაკმაყოფილდა თავისი სარწმუნოებით.
ამიტომ იგი შემეცნებითი თვალსაზრისით გაეცნო ქრისტიანობას, წაიკითხა ბიბლია. მაგრამ
ვერაფერი გაიგო და გამწარებულმა ბიბლია დაწვა. შემდეგ წაიკითხა ყურანი და იმასაც
ვერა გაუგო რა. ბოლოს იგი ძლიერ გასასტიკდა და ქრისტიანობის დაუძუნებელი მდევნელი
გახდა. იქამდეც მივიდა, რომ ქრისტიანებს დაინახავდა თუ არა, მაშინვე ქვებს ესროდა.
ბოლოს გადაწყვიტა თავი მოეკლა, რადგან სრულ სასოწარკვეთილებაში იყო, – ვერ ჰპოვა
სულიერი საზრდო, ვერ ჰპოვა ჭეშმარიტება. მისი სახლის ახლოს რკინიგზის სადგური იყო
და გადაწყვიტა, რომ მატარებელს დაეგებოდა და ასე დაასრულებდა თავის სიცოცხლეს. იმ
ღამით, როდესაც სინგს ეს უნდა მოემოქმედა, მის სახლში, მის ოთახში ნათელი შემოვიდა
და იმ ნათელში ადამიანის გამოსახულება გამოიკვეთა. სინგი შეკრთა და ჰკითხა: „ვინ
ხარ შენ?“ და ნათლის სვეტიდან მოესმა ხმა: „მე ვარ იესო ქრისტე, რომელსაც შენ
დევნი“. იმ წუთიდან სუნდარ სინგი გახდა ქრისტიანი. იგი მივარდა მამამისის საწოლთა
და ახარა: „მამა, მე დღეიდან ქრისტიანი ვარ! თავად იესო ქრისტე მოვიდა ჩემთან!“
მამამისი შეცბა და დაუყვირა: „აბა, რას ამბობ! ეტყობა ავად ხარ და უნდა იმკურნალო!“

აი, ასე შეუდგა სინგი ქრისტეს. მან ამ გზაზე ბევრი ტანჯვა-ვაება გამოიარა და
მრავალი განსაცდელი დაითმინა, მათ შორის, საკუთარი მამისგანაც, რომლის ბრძანებით
მას საჭმელში საწამლავი ჩაიუყარეს და მოწამლეს, მაგრამ უფალმა გადაარჩინა და
განადიდა იგი.

მოკლე დროში მისი სახელი საქვეყნოდ ცნობილი გახდა. მას იცნობდნენ არა მარტო
ინდოეთში და აღმოსავლეთში, არამედ ევროპაშიც. ერთხელ, როდესაც იგი ევროპაში
მოგზაურობდა, მას ჰკითხეს: „თქვენ მთელი მსოფლიო პატივს გცემთ და ნუთუ სიამაყის
გრძნობა არ გეუფლებათ?“ სინგმა საოცარი პასუხი გასცა: „როცა უფალი ჩვენი იესო
ქრისტე სახედარზე მჯდომი იერუსალიმში შედიოდა, მის სახედარს ხალხი ფეხქვეშ ტოტებსა
და ტანსაცმელს უგებდა უფლის პატივისცემის ნიშნად და განა შეიძლება, რომ ვირს ამის
გამო სიამაყე დაუბლებოდა? და აი, მეც ასევ არ; მე ვარ ის სახედარი, რომელზეც
დაბრძანებულია „უფალი ჩვენი იესო ქრისტეო“.

დღეს არის დიდი დღესასწაული. მადლი ღვთისა ტრიალებს ჩვენ შორის და მთელ
ქვეყანაზე. ეს მადლი ღვთისა დღეს თქვენს ოჯახებში შემოვა, როდესაც თქვენ ტაძრიდან
შინ ბზის ტოტებს შეიტანთ. აუციელბლად ყველამ უნდა შეიტანოთ ბზა სახლებში და იგი
მთელი წელიწადი, მომავალ ბზობამდე უნდა შეინახოთ.

ღმერთმა დაგლოცოთ! კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. გაძლიერდით!
გაგაძლიეროთ უფალმა და არ შეგეშინდეთ სიძნელეების!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №11,
2007 წ.