საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ქადაგება ბზობის დღესასწაულზე (24 აპრილი, 2005 წ.; სიონის საპატრიარქო ტაძარი)

24 აპრილი
%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%91%e1%83%96%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%a6%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%ac%e1%83%90

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II
ქადაგება ბზობის დღესასწაულზე

სიონის საპატრიარქო ტაძარი, 24 აპრილი, 2005 წელი

„ის, ვინც პატიობს, ვისაც უყვარს ადამიანი, უყვარს გაჭირვებული მოყვასი,

რომელიც
ხედავს სხვის უძლურებას, ეხმარება მას და შეძლებს, მტრებსაც შეუნდოს –
მისთვის
სასუფეველი უკვე დაწყებულია აქ, დედამიწაზე.
აი, ამას უნდა ვხედავდეთ და ვგრძნობდეთ
ჩვენ!“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ღმერთმა ინებოს თქვენი და საქართველოს მშვიდობა და სიცოცხლე!

ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს – ბზობას! ბზობა – არის სიხარულის და
იმედის დღესასწაული. ეს ტოტები ბზისა და ბაიასი, რომელსაც იერუსალიმში შესვლისას
უგებდნენ უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს – არის სიცოცხლის სიმბოლო. ეს სიმბოლო დღეს
შევა ყოველ ოჯახში და მადლსა და სიხარულს შეიტანს. იერუსალიმში შესვლისას მთელი
ქალაქი შეიძრა, ხალხი გამოვიდა მის შესახვედრად და იყო დიდი ზეიმი. მოსახლეობა
თავის ტანსაცმელს და პალმის რტოებს უგებდა უფალს და გალობდა: „ოსანა მაღალთა შინა,
კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა!“ და წერია სახარებაში, რომ „უფალი
ცრემლეოდა“.

საოცარია ადამიანი და მისი ბუნება: სიხარული და მწუხარება, ტყუპი ძმებივით სულ
თან სდევს მას! ამიტომაც არის ნათქვამი ასეთი აღმოსავლური სიბრძნე: „ჰოი, სიხარულო,
შენ საწყისი ხარ მწუხარებისა. ჰოი, მწუხარებავ, შენ საწყისი ხარ სიხარულისა!“ აი,
ეს უნდა ახსოვდეს ყოველ ადამიანს. როცა იგი იმყოფება სიხარულსა და ბედნიერებაში,
განცხრომას არ უნდა მიეცეს, არ უნდა დაავიწყდეს, რომ ყველაფერი, რაც მას მიეცა და
რაც ეძლევა – ღვთისაგან არის და მას ზომიერების დაცვა მართებს. ხოლო, როცა ადამიანი
იმყოფება მწუხარებასა და განსაცდელში, არ უნდა დაივიწყოს, რომ უფალი მის გვერდითაა
და რომ უფლის წყალობით მისი მწუხარება სიხარულით შეიცვლება.

დღეს ძალიან ბევრი ადამიანი იმყოფება განსაცდელში. ზოგიერთი კი, პირიქით,
განცხრომაშია. მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ უფალი მეფობს, უფალია განმგებელი
ყველაფრისა და უნდა ახსოვდეს მას, რომ სიხარულიცა და მწუხარებაც ღვთის განგებით
არის და ჩვენი სულიერი ამაღლების პროცესს ემსახურება.

ღმერთმა ინებოს, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელის წილხვედრი ჩვენი ერი, სრულყოფის
კიბეზე ავიდეს და გახდეს მკვიდრი სასუფეველისა! ჩვენ უნდა ვგრძნობდეთ, საით
მივდივართ: ვმაღლდებით თუ ვეცემით. ამასთან, უნდა გვახსოვდეს, რომ სასუფეველიც და
ჯოჯოხეთიც აქ, დედამიწაზე, ჩვენს გულში იწყება. ვინც ბოროტებას სთესავს; და ვერ
ისვენებს, თუ მტრობა არ ჩამოაგდო ადამიანთა შორის და ცუდი არ თქვა ან არ გააკეთა, –
მან უნდა იცოდეს, რომ მისი ადგილი ჯოჯოხეთშია! ხოლო ის, ვინც პატიობს, ვისაც უყვარს
ადამიანი, უყვარს გაჭირვებული მოყვასი, რომელიც ხედავს სხვის უძლურებას, ეხმარება
მას და შეძლებს, მტრებსაც შეუნდოს – მისთვის სასუფეველი უკვე დაწყებულია აქ,
დედამიწაზე. აი, ამას უნდა ვხედავდეთ და ვგრძნობდეთ ჩვენ!

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს – ბზობას. ეს არის სიხარულისა და
სიყვარულის დღესასწაული. სიხარული და სიყვარული შევა დღეს თქვენს სახლში, მთელს
საქართველოში! ღმერთმა ბედნიერი აღდგომა გაგითენოთ თქვენ და საქართველოს!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №17(324),
2005 წ.