საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ქადაგება ბარბარობის დღესასწაულზე (17 დეკემბერი, 2006 წ.; წმინდა ქალწულმოწამე ბარბარეს სახელობის ეკლესია (ჩოლოყაშვილის ქუჩაზე))

17 დეკემბერი
%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%91%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%91%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%a6%e1%83%94%e1%83%a1

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება ბარბარობის დღესასწაულზე

წმინდა ქალწულმოწამე ბარბარეს სახელობის ეკლესია
(ჩოლოყაშვილის ქუჩაზე), 17 დეკემბერი, 2006 წ.

„სოფელი ვერ იტევს უფლისმიერ
სიბრძნეს“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ყველას გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს – ბარბარობას. წმინდა ბარბარეს ლოცვა
გეწეოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს!

თქვენ იცით, წმინდა ბარბარე არის დიდი სასწაულთმოქმედი. იგი ეხმარება ყოველ
გაჭირვებულ ადამიანს. ვინც ევედრება წმინდა ბარბარეს, ის ამქვეყნად უზიარებელი არის
მიდის – გარდაცვალების წინ ღმერთი მას აუცილებლად ზიარების ღირსად ხდის და ადამიანი
ეზიარება წმინდა სისხლსა და ხორცს უფლისას.

ამასთან, წმინდა ბარბარე არის ბავშვების მფარველი.

რით დაიმსახურა წმინდა ბარბარემ ასეთი დიდი მადლი ღვთისა? ამ კითხვას ვერ
ვუპასუხოთ, უნდა გავიხსენოთ მისი ცხოვრება. წარმოვიდგინოთ ორი პიროვნება – წმინდა
ბარბარე და მისი მამა – დიოსკორე. თქვენ იცით, რომ ურთიერთობა მშობლებსა და შვილებს
შორის – უძველესი პრობლემაა.

ძველმა რომაელებმა შესანიშნავი სიბრძნე გამოთქვეს, ლათინურად ეს ასე ჟღერს:
Tempora mutantur et nos mutantur in illis – დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით
მასთან ერთად. თავად განსაჯეთ: როგორ იცვლება დრო და როგორ იცვლება მასთან ერთად
ადამიანი! დროის ცვალებადობას ვერავინ შეაჩერებს, მაგრამ ადამიანის ცვალებადობა
მასზევეა დამოკიდებული, მის შინაგან სამყაროზე, მის რწმენაზე. ხშირად მცირე დროც კი
განასხვავებს ადამიანებს ერთმანეთისაგან. მახსენდება ჩემი ნათლიის, დედა ზოილეს
სიტყვები, იგი მონაზონი ბრძანდებოდა მცხეთის დედათა მონასტერში. ის ამბობდა, რომ
მის ახალგაზრდობაში ყველა ქალბატონი ისეთი სიგრძის კაბას იცვამდა, რომ მისი ბოლო
მიწას ეხებოდაო. იგი ამას ასე გამოთქვამდა: „კაბა მიწას უნდა სუნავდესო“, ე.ი.
მიწას ოდნავ უნდა ეხებოდესო. მაგრამ ყველაფერი იცვლება. და დღეს ამაზე ლაპარაკი კი
არა, ფიქრიც ძნელია, რომ ჩვენს დროში ერის ადამიანებმა ასეთი ტანსაცმელი ჩაიცვან.
უწინ ასევე ქალბატონს, თავზე აუცილებლად ლეჩაქი ებურა და ვინც თავსაბურავს
მოიხსნიდა, – ეს იყო ნიშნანი იმისა, რომ ქალი უწესო გახლდათ. ასე იცვლება დრო.
წარმოიდგინეთ, სულ რაღაც ასწლეულში ისე შეიცვალა ადამიანი, რომ ძალიან ძნელია
შედარება თანამედროვე ადამიანისა თუნდაც ერთი საუკუნის წინანდელ ადამიანებთან.
საქმე ისაა, რომ ადამიანი არ შეიძლება გაჩერდეს ერთ სიმაღლეზე, ერთ დონეზე. ყოველი
ადამიანი სრულყოფის კიბეზე დგას და ამ კიბეზე იგი უნდა მაღლდებოდეს, თუნდაც ნელა და
გაჭირვებით, მაგრამ მაინც წინ უნდა მიიწევდეს, უფლისაკენ, ანდა – უნდა ეშვებოდეს
დაბლა, ჯოჯოხეთისაკენ; მაგრამ ერთ დონეზე ადამიანი ვერ გაჩერდება.

ამას მოწმობს წმინდა ბარბარეს ცხოვრების მაგალითიც. ორი ადამიანი იდგა სრულყოფის
კიბეზე: ბარბარე და მამამისი. თითქოს, მამა ცდილობს, თავის შვილს, ბარბარეს, სიკეთე
გაუკეთოს. მას ხომ ერთადერთი შვილი ჰყავდა. ცოლი ადრე გარდაეცვალა და მთელი თავისი
სიყვარული თავის ერთადერთ ასულს, ბარბარეს მიუძღვნა. მაგრამ ეს სიყვარული იყო
არასწორი, არასულიერი. სულ სხვას ეძიებდა ბარბარე – სულიერს. ერთი არის წარმართი და
მეორე – ქრისტიანი. ერთი ეძიებს ამასოფლისას, მეორე კი – სულიერს. სოფელი ვერ იტევს
უფლისმიერ სიბრძნეს და იწყება წმინდა ბარბარეს დევნა, იწყება მისი წამება.

თქვენ იცით წმინდა ბარბარეს ცხოვრებიდან, თუ რა გამოიარა მან, მაგრამ მან არ
დათმო თავისი რწმენა, მიუხედავად იმისა, რომ კარგად იცნობდა თავისი მამის ხასიათს;
ბარბარემ იცოდა, რომ მამამისი უკან არ დაიხევდა და ბოლომდე ეცდებოდა ბარბარეს
დამორჩილებას. მაგრამ წმინდა ბარბარე ასეთივე მტკიცე რწმენითა და ურყევი ნებისყოფით
მიიწევს წინ! ადმაიანის არჩევანი განსაზღვრავს კიბეზე სვლის მიმართულებას.
სრულყოფის კიბეზე სვლის მიმართულებას. სრულყოფის კიბეზე მდგარი ორი ადამიანი –
ბარბარე და მამამისი სხვადასხვა მიმართულებით იწყებენ სვლას: ერთი მიდის მაღლა,
მეორე ეშვება ჯოჯოხეთში და ყველაფერი მთავრდება იმით, რომ მამა თავისი ხელით კლავს
საკუთარ შვილს.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი – ეს არის ურთულესი ბუნების მქონე ღვთის
ქმნილება. და თუმცა ადამიანი, განარჩევს რა არის კეთილი და რა არის ბოროტი, მაგრამ
მას სჭირდება სულიერი საზრდო, სულიერი დახმარება, რმო გააკეთოს სწორი არჩევანი.
ასეთ სულიერ დახმარებას ადამიანი ღებულობს ეკლესიაში. ალბათ, არასდროს ყოფილა ისეთი
საჭირო და აუცილებელი ეკლესია, როგორიც იგი არის დღეს.

როგორი ურთიერტობაა დღეს ადამიანებსა თუ ქვეყნებს შორის? არასდროს ყოფილა ასეთი
ინტენსიური ურთიერთობა, როგორც ეს არის დღეს. ერთის მხრივ, ეს, თითქოს, კარგია,
რადგან ვითარდება მეცნიერება და ტექნიკა, მაგრამ, ადამიანების სულიერ მდგომარეობას
– თქვენ თვითონ ხედავთ. ჩვენი ტელევიზია არის მაჩვენებელი თანამედროვე ადამიანის
სულიერი დონისა. და ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს ადამიანი ხშირად ეცემა და ეშვება
ჯოჯოხეთში.

შევთხოვოთ წმინდა ბარბარეს, რომ მოგვცეს ძალა და მოგვანიჭოს სულიერი სიმშვიდე!

ხშირად ადამიანი სცოდავს და თავისი საქციელი მას ცოდვად არ მიაჩნია. უფრო მეტიც,
ზოგჯერ ადამიანი კიდეც ამაყობს თავისი ცოდვით. სინამდვილეში ეს არის დაღუპვის გზა.
არ არსებობს უცოდველი ადამიანი – „არ არს კაცი, რომელი ცხონდეს და არა სცოდოს“.
პავლე მოციქული ამბობს: „ცოდვილთაგან პირველი მე ვარ“. და ჩვენ მითუმეტეს რაღა
გვეთქმის! უნდა ვაღიაროთ, რომ ცოდვილნი ვართ. წმინდა ეფრემ ასური ამბობს: „ჰე,
უფალო, მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა“.
ადამიანი, რომელიც ხედავს საკუთარ ცოდვებს, – ის სხვას არ განიკითხავს. და თუ
ადამიანი ხედავს თავის ცოდვას, ის ასევე ცდილობს, გამოასწოროს თავისი ყოფა. და
როდესაც ეცემა ადამიანი, მან უნდა მოიკრიბოს ძალა და ისევ ადგეს და კვლავ განაგრძოს
გზა უფლისაკენ!

ღმერთმა მოგცეთ ამის ძალა!

ღმერთმა დალოცოს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო, ამინ.

ხვალ და ზეგ არის კიდევ ორი დღესასწაული – ხსენება წმინდა საბა განწმენდილისა და
წმინდა ნიკოლოზისა. მათი ლოცვა გეწეოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს.

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №47,
2006 წ.