საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ქადაგება აღსაყდრების დღეს (25 დეკემბერი, 2007 წელი)

25 დეკემბერი
%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a7%e1%83%93%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%a6%e1%83%94

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება აღსაყდრების დღეს

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 25 დეკემბერი, 2007 წელი

„წირვის დამთავრებისას, კურთხევის
შემდეგ ტაძრიდან რომ გავდიოდით, – ხალხი ცდილობდა,
ხელში ავეტაცე, თითქმის ფეხს ვერ ვაკარებდი მიწას, – ასე მოვყავდი ქართველ ხალხს“

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო,
მამანო, ძმანო და დანო!

ამ ისტორიულ დღეს, უპირველეს ყოვლისა, მადლობას ვწირავ უფალს! დიდება და მადლობა
ღმერთს მისი დიდი წყალობისათვის, სიხარულისა და სიყვარულისათვის.

მახსენდება ის პერიოდი, როდესაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად ამირჩიეს
და ის კურთხეული დღე, როცა შედგა ჩემი ინტრონიზაცია სვეტიცხოველში; როცა კათედრაზე
მოვიყარე მუხლი და ლოცვებს კითხულობდნენ ჩემს თავზე, კარგად მესმოდა ის
პასუხისმგებლობა და სიმძიმე ჯვარისა, რომელიც უფალმა მარგუნა. მაგრამ ვიცოდით და
თქვენც უნდა იცოდეთ, რომ, როდესაც უფალი ადამიანს ჯვარს ანიჭებს, იგივე უფალი
შველის მის ტვირთვაში. და მეც მუდამ ვგრძნობდი ღვთის მარჯვენის შემწეობას.

ეს იყო კომუნისტური რეჟიმის ძალიან რთული
პერიოდი, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ხელისუფლებაშიც იყვნენ ისეთი ადამიანები,
რომლებიც ფიქრობდნენ საქართველოს ეკლესიაზე, ზრუნავდნენ მის კეთილღღეაიბაზე.

ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როცა ჩემთან მოსულა მაღალი თანამდებობის პირი და საუბრის
შემდეგ, წასვლის წინ ჩუმად უთქვამს, გულში მეც მორწმუნე ვარო. ეს ახასიათებდა
ქართველ ადამიანს – გულში ყოველთვის მორწმუნე იყო, რაც გამოვლინდა ამ 30 წლის
განმავლობაში – ქართველმა ადამიანმა სარწმუნოება მარტო გულში კი არა, უკვე ღიად
აღიარა.

მახსენდება დღე, როცა ჩვენ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ვმსჯელობდით, თუ
რამდენი საშვი უნდა დაბეჭდილიყო სვეტიცხოველში ჩემი აღსაყრების დღეს. მინდოდა, მეტი
გაცემულიყო, ხელისუფალნი კი ცდილობდნენ, რაც შეიძლება, შეემცირებინათ საშვების
რაოდენობა. ბოლოს შევთანხმდით 6 ათას საშვზე. მაგრამ მოვიდა ზღვა ხალხი და არა მარტო
სვეტიცხოვლის ეზო და ტაძარი, არამედ მცხეთის ქუჩები გადავსებული იყო ხალხით და
ვერავითარმა მილიციამ ვერ შესძლო, შეეკავებინა ისინი. ადამიანებმა გაარღვიეს
ზღუდეები და შემოიჭრნენ ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე. მილიცია ვეღარ აკონტროლებდა
მათ. მაგრამ იყო საოცარი სიმშვიდე. წირვის დამთავრებისას, კურთხევის შემდეგ
ტაძრიდან რომ გავდიოდით, – ხალხი ცდილობდა, ხელში ავეტაცე, თითქმის ფეხს ვერ
ვაკარებდი მიწას, – ასე მოვყავდი ქართველ ხალხს. აი, ასეთი მართლაც საოცარი
სიხარული და არნახული სიყვარული სუფევდა მათში. იყო მძიმე დღეებიც, მრავალი
განსაცდელიც და ისეთი დროც, როდესაც სიონის ტაძრის გარშემო მრავალი ზედამხედველი
იდგა, რომელთაც დავალებული ჰქონდათ, გაეკონტროლებინათ, ვინ მოდიოდა საპატრიარქოში
თუ სიონის ტაძარში.

ჩემი პატრიარქობის პირველი დღეები იყო, როცა ხელისუფლებამ თუ ხელისუფლების
წარმომადგენლებმა მომიგზავნეს კაცი, რომელმაც მითხრა: თქვენ წირვა ყოველ კვირას არ
უნდა ჩაატაროთ, თქვენი წირვა მოვლენა უნდა იყოსო. მე ვუპასუხე: არ შემიძლია, რომ
კვირა დღეს არ ვწირო-მეთქი და უარით გავისტუმრე. მძიმე განსაცდელები ბევრი იყო,
მაგრამ ღვთის მადლით, მართლა მზიანი ღამე იდგა. ღამე იყო ყველგან და განსაკუთრებით
ეკლესიაში და მზე მაინც ანათებდა. ბნელმა ვერ დასთრგუნა მზე და უფალი თავის საქმეს
მაინც აკეთებდა.

ყოფილი რელიგიის საბჭოს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მიამბო: როცა ჩვენ თქვენგან წერილებს ვღებულობდით სხვადასხვა თხოვნებით,
– გვიკვირდაო. ასე მაგალითად, ვთხოვდით,
დაერთოთ ნება, გაგვეხსნა სასულიერო აკადემია თბილისში, გელათში, ვითხოვდით ძველი
საპატრიარქო რეზიდენციის დაბრუნებას, სადაც მოღვაწეობდნენ კათოლიკოს-პატრიარქები –
კირიონი, ლეონიდე, ამბროსი. როდესაც რელიგიურ საბჭოს ჩვენ ამგვარი თხოვნებით
მივმართავდით და ისინი იწყებდნენ ამ წერილებზე მსჯელობას, თურმე ერთხმად
აღნიშნავდნენ: ჩვენი პატრიარქი მოკლებულია სინამდვილეს, ის ვერ ხედავს რეალურ
სიტუაციას, აბა, ჩვენ დროში როგორ ითხოვს, მაგალითად, აკადემიის გახსნასო! მაგრამ
მოვიხედავდითო და ეს თხოვნა თუ განცხადება კმაყოფილდებოდაო. მართლა საოცარი
იყო. უფალი აკეთებდა თავის საქმეს. მაგალითად, ახალციხეში იყო მხოლოდ ბაპტისტების
სალოცავი, მართლმადიდებელი ეკლესია კი – არ იყო. ჩვენ მოვითხოვეთ და ღვთის მადლით
ესეც შესრულდა.

მინდა ასევე გიამბოთ რწმუნებულებზე რელიგიურ საკითხებში. საბჭოთა პერიოდში
ხელისუფლებასთან ფუნქციონირებდა რელიგიის საბჭო. რწმუნებულები, ცხადია ათეისტები
იყვნენ, მაგრამ ჩვენთან ურთიერთობაში ისინი მორწმუნენი ხდებოდნენ და ინათლებოდნენ
კიდეც.

მახსენდება ერთი შემთხვევა – ჯგუფი გავემგზავრეთ ბეთანიის მოსალოცად. ჩვენთან
ერთად მოდიოდა რელიგიის რწმუნებული. მე და რწმუნებული ჩამოვრჩით ჯგუფს და
ვსაუბრობდით. რწმუნებულმა არ იცოდა, როგორ გამოეხატა თავისი რწმენა და სიყვარული და
მევედრებოდა: ძალიან გთხოვთ, რამდენიმე წუთით თქვენი ანაფორა ჩამაცვითო. მე მას უარი
ვუთხარი და თან ავუხსენი, რომ ეს არ შეიძლებოდა. პაპამისი მღვდელი ყოფილა და
ალბათ მისი სული ითხოვდა ამას. და მე ახლა ვნანობ, რომ არ ჩავაცვი ანაფორა და არ
გავახარე.

ჩემი პატრიარქობის ურთულესი 30 წელი მე ღვთის წყალობამ და თქვენმა სიყვარულმა
გადამატანინა. ღვთის წყალობა და თქვენი სიყვარული რომ არ ყოფილიყო, ეს შეუძლებელი
იქნებოდა. ჭეშმარიტად, დიდ არს უფალი და საკვირველ არიან საქმენი მისნი!

დღეს, ჩემი პატრიარქობის 30 წლისთავზე, მე კიდევ ერთხელ გულითადად ვმადლობ უფალს და
გმადლობთ თქვენ – ჩვენს ერს, ჩვენს მრევლს!

წყალობა, მშვიდობა და სიხარული სუფევდეს თქვენ ზედა აწ და მარადის!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №41,
2007 წ.