საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ქადაგება ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს (13 ნოემბერი 2005 წ.; ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი)

13 ნოემბერი
%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%97%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%ac%e1%83%90%e1%83%9b

უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II
ქადაგება ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს

ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 13 ნოემბერი 2005 წ.

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

„დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი.“ მართლაც, საოცარია და
მიუწვდომელია განგება ღვთისა, – საოცარია და მიუწვდომელია ცხოვრება ადამიანისა.
როდის იქნება მწუხარება, როდის მოვა სიხარული ან განსაცდელი ადამიანის ცხოვრებაში –
არავინ უწყის. მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ – უფალი სუფევს, უფალი მეფობს
ჩვენს გულში, ჩვენს სულსა და გონებაში! ადამიანი ყველაზე დიდი საიდუმლოებაა; იგია –
გვირგვინი ღვთის ქმნილებისა. ვერავინ ჩაწვდება ადამიანის არსს, მის სულიერ სიღრმეს!

არაერთხელ მიამბნია თქვენთვის, დიდი ფიზიოლოგი პავლოვის შესახებ. ის მღვდლის
შვილი იყო. როცა რუსეთში რევოლუცია მოხდა, ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა მას
ჰკითხეს: „ნუთუ თქვენ, მსოფლიოში ცნობილი მეცნიერი, მორწმუნე ბრძანდებით?“ პავლოვმა
უპასუხა: „როცა ადამიანის სისხლს სწავლობ, მორწმუნე კი არა, შეიძლება, წმიდანი
გახდე, იმდენად ამტკიცებს იგი ღვთის არსებობას!“ ეს ამბავი მომითხრო ამ დიდი
მეცნიერის, პავლოვის მოწაფემ, როცა მე ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ვიყავი. იგი უკვე
მოხუცებული ქალბატონი იყო, როდესაც სოხუმში ჩამობრძანდა.

იგივე მეცნიერი, პავლოვი, ამბობდა, რომ ადამიანს გააჩნია ორი გონება, ორი
აზროვნება: ერთი მცირე – ეს არის ტვინი და მეორე, გული, რომელიც არის დიდი გონება.

აღმოსავლური სიბრძნე ამბობს: „ჰოი მწუხარებავ, შენ საწყისი ხარ სიხარულისა!“ –
(ანუ მწუხარებაში ყოფნისას, იქვე, იწყება სიხარული), – „ჰოი, სიხარულო, შენ
დასაბამი ხარ მწუხარებისა!“ აი, ასეთი აღმავლობა და დაცემა ხდება პერიოდულად
ადამიანის ცხოვრებაში. და როცა ადამიანი მწუხარებაში იმყოფება, – არ უნდა დაკარგოს
სულიერი ძალა, არ უნდა დაკარგოს იმედი ღვთისა, არ უნდა დაკარგოს, უპირველეს
ყოვლისა, რწმენა და სიყვარული ღვთისა და ადამიანისა. და არ უნდა დაკარგოს იმედი,
რომ ამ მწუხარებას აუცილებლად მოყვება სიხარული. აი, ასე ენაცვლება ერთმანეთს
ადამიანის ცხოვრებაში მწუხარება და სიხარული.

საოცარი წინაპრები გვყავდა ჩვენ! მე ვიტყოდი, თავდადებული სიყვარულისა და
სარწმუნოების მქონე წინაპრები! ისეთი დიდი თავდადებული მეფე, როგორიც იყო ვახტანგ
გორგასალი ამბობს: „ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილს!“ რა საოცარი რწმენაა ამ
ადამიანში! და ამ სიტყვებით იგი თავის რწმენას ჩვენ გადმოგვცემს. აი, ასეთი რწმენით
ცხოვრობდნენ ქართველები! სწორედ ამ რწმენამ და სიყვარულმა გადაგვარჩინა ჩვენ!

დღეს თქვენ იცით, არის ხსენება ასი ათასთა ქართველთა მოწამეთა. ძნელი სათქმელია,
დღესასწაულია ეს დღე ქართველთათვის თუ გლოვაა. ეკლესიიისთვის ეს დღე დღესასწაულია,
სულიერი გაბრწყინებაა! შეიძლება ზოგისთვის ეს მწუხარება იყოს, ჩვენთვის – არის
სიხარული, იმიტომ რომ ეს 100 ათასი ქართველი მოწამე შეემატა ზეციურ მხედრიონს,
რომელიც იცავს მიწიერ საქართველოს, ხილულ და უხილავ მტერთაგან.

დიდი თამარის შემდეგ, რუსუდანის მეფობის ჟამს, როცა საქართველოს სპარსელები
შემოესივნენ, თბილისში ჯალალ ედინი შემოვიდა, სიონის ტაძრიდან გუმბათი მოახსნევინა,
იქ დაიდგა თავისი ტახტი და ასე უყურებდა ქართველთა წამებას. ქართველები მეტეხის
ხიდთან მირეკეს. სიონის ტაძრიდან მაცხოვრისა და ღვთისმშობლის წმიდა ხატები გაიტანეს
და ხიდზე დადეს. ხიდთან მიიყვანეს მთელი თბილისის და გარშემო სოფლების მოსახლეობა.
მათ უარი უნდა ეთქვათ ქრისტიანობაზე, მართლმადიდებლობაზე – მხოლოდ იმ შემთხვევაში
აცოცხლებდნენ. ჩვენმა წინაპრებმა, იმ სულკურთხეულმა ადამიანებმა სიკვდილი ირჩიეს და
არ დაადგეს ფეხი წმიდა ხატებს, არ უარყვეს სჯული ქრისტესი. ამიტომ მათ იქვე
კვეთდნენ თავებს და გვამებს მტკვარში ყრიდნენ. მტკვარი წითლად იყო შეღებილი
ქართველთა სისხლით.

მსოფლიოში არ არსებობს ისეთი ქვეყანა, ისეთი ეკლესია, რომელსაც ერთდროულად
წამებული ამდენი მოწამე ჰყავდეს! ეს ღმერთმა დაუშვა საქართველოზე!

მე მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ ხსენება ასი ათას ქართველთა მოწამეთა სულიერი
თვალსაზრისით ზეიმია; ამქვეყნიური თვალთახედვით შეიძლება, გლოვა იყოს. მაგრამ ჩვენ
უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი მლოცველები და შუამდგომელნი არიან ჩვენთვის წინაშე
უფლისა. ალბათ, მათი ლოცვით გადარჩა დღემდე ჩვენი ქვეყანა და ასევე გადარჩება
მომავალშიც!

როცა ჩვენს წარსულს ვიხსენებთ, დღევანდელ დღეზე ან ჩვენს მომავალზე ვფიქრობთ,
უნდა ვიცოდეთ, რა გადაარჩენს საქართველოს მომავალში. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა
გავაგრძელოთ ის გზა, რომლითაც დადიოდნენ ჩვენი წინაპრები. მხოლოდ ეს გზა მიგვიყვანს
ცათა სასუფეველში და არავითარი სხვა!

დღეს ძალიან რთული დროა, ე.წ. – გლობალიზაციის პერიოდი. გლობალიზაცია – ეს არის
კულტურათა დაახლოება, ეს არის ცივილიზაციათა დიალოგი და დაახლოება. მაგრამ ამ
დაახლოების დროს ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავკარგოთ ჩვენი ეროვნული
საუნჯე. ჩვენი უდიდესი და უპირველესი საუნჯე – ეს არის ჩვენი ეროვნული ფასეულობანი,
ეს არის ჩვენი ქართული ენა, ეს არის ჩვენი კულტურა, ეს არის ჩვენი ხელოვნება, ეს
არის ჩვენი მუსიკა, ეს არის ჩვენი საგალობლები, ეს არის ჩვენი ხატწერა, ეს არის
ჩვენი მინანქარი, – ეს არის ყველაფერი ის, რაც შეუქმნია ჩვენს წინაპრებს. ასევე არ
უნდა დავკარგოთ ჩვენი სულიერი საუნჯე – ჩვენი რწმენა, ჩვენი სიყვარული ჩვენი
თანაგრძნობის ნიჭი. ქართველი ადამიანი მუდამ თანაუგრძნობს გაჭირვებულ ადამიანს. ეს
საუნჯენი უნდა შევინარჩუნოთ და ეს გადაარჩენს საქართველოს!

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს – ხსენებას ასი ათასთა ქართველთა
მოწამეთა! დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გმირი წინაპრები – 100 ათასი ქართველი
მოწამე დღეს ჩვენთან ერთად ზეიმობს ამ დღესასწაულს!

დღეს წირვის შემდეგ ჩვენ ყველანი მივალთ მეტეხის ხიდთან და იქ გადავიხდით
პარაკლისს მათ სახელზე. და მე დარწმუნებული ვარ, რომ სანაცვლოდ ეს ასი ათასი მოწამე
აღავლენს ღვთის წინაშე ლოცვებს საქართველოს მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის,
საქართველოს გამთლიანებისათვის.
ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №40(347),
2005 წ.