საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ქადაგება ანჩისხატობას (29 აგვისტო, 2001 წ.; ანჩისხატის ტაძარი)

29 აგვისტო
%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a9%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90%e1%83%a1-29-%e1%83%90

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება ანჩისხატობას

ანჩისხატის ტაძარი, 29 აგვისტო, 2001 წ.

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ყველას გილოცავთ ამ დიდებული ტაძრის დღესასწაულს – ანჩისხატობას. თქვენთან ერთად
ვულოცავ მთელ საქართველოს. აქ ჩვენ განსაკუთრებულ ტაძარში ვიმყოფებით, რომელიც
ქართველი ხალხის ოფლითა და სისხლით არის მორწყული, ამასთან, აქ მრავალ ქართველ
მეფე-დიდებულს, მრავალ კათოლიკოს-პატრიარქს აღუვლენია ლოცვა ანჩისხატის წინაშე.

ჩვენ მეტად რთულ დროს ვცხოვრობთ, როცა უამრავი მძიმედ გადასაწყვეტი საკითხი დგას
ადამიანის წინაშე. პირველ რიგში, ეს არის სულიერი პრობლემები, რაც გამოწვეულია
იმით, რომ ჩვენ გვაკლია რწმენა, სიყვარული, გვაკლია ის სიკეთენი, რომლითაც
ბრწყინავდნენ ჩვენი წინაპრები. დღეს კიდევ ერთხელ უნდა დავფიქრდეთ, თუ რამ
გადაარჩინა საქართველო. ყველამ კარგად ვიცით, რომ მრავალი ერი ყოფილა ჩვენზე ძლიერი
და მრავალრიცხოვანი, მაგრამ დღეს მათი ხსენებაც კი აღარ არის დედამიწაზე. როცა
გავაანალიზებთ, თუ რამ გადაარჩინა ქართველი ხალხი, მივხვდებით, რომ იგი ღმერთმა,
ჩვენმა მართლმადიდებელმა სარწმუნოებამ იხსნა.

ხშირად, ინტელიგენციის ზოგიერთი წარმომადგენელი ერთმანეთთან აიგივებს სხვადასხვა
რელიგიებს და ამბობს, რომ მთავარია ადამიანი მორწმუნე იყოს. ეს არ არის სწორი. უნდა
გვახსოვდეს, რომ მორწმუნე ეშმაკიც არის, მასაც სწამს ღმერთი, სჯერა, რომ უფალი
არსებობს, იცის, რომ ადრე თუ გვიან განისჯება, მაგრამ სიყვარული არა აქვს და
სიკეთის კეთება არ ძალუძს. ამიტომ, რწმენასთან ერთად ადამიანის ცხოვნებისათვის
აუცილებელია სიკეთის ქმნა, სიყვარული.

ჩვენს წინაპრებს უთქვამთ, რომ ადამიანი ყოველივეს, კარგი იქნება თუ ცუდი,
საკუთარი თავისთვის აკეთებს.

ვინ არის უბედური, ის, ვინც ბოროტებას აკეთებს, თუ ის, ვისაც ბოროტებას
უკეთებენ? ამის შესახებ წმიდა მამები ამბობენ, რომ ის, ვინც ბოროტებას სჩადის,
საცოდავია და უმეტესად ის უნდა გვებრალებოდეს, რადგან ვერ ხედავს, თუ სად არის
თეთრი და სად – შავი, სად არის სიკეთე და სად – ბოროტება და საშინელ განსაცდელში
იგდებს თავს. აღსანიშნავია ისიც, რომ ძალიან ხშირად ბოროტება სიკეთით ინიღბება,
თითქოს სიკეთისთვის ზრუნავს და სინამდვილეში ბოროტებას ახარებს, ღვარძლს თესავს.

იაკობ მოციქული თავის ეპისტოლეში ამბობს, რომ რწმენა საქმის გარეშე მკვდარია.
ამასთან, უნდა გვახსოვდეს, რომ ჭეშმარიტი სარწმუნოება სიკეთის ქმნას მოითხოვს და
გაჭირვებული ადამიანის შეწევნას გვავალდებულებს. დღეს, თქვენც კარგად მოგეხსენებათ,
მრავალი შეურვებული ადამიანია ჩვენს გვერდით. ზოგიერთი თქვენგანი ალბათ იკითხავს:
როგორ დავეხმარო სხვას, როდესაც თავადაც მიჭირს? მაგრამ თბილი სიტყვის თქმა ხომ
მაინც შეგიძლიათ; ის ხომ მაინც შეგიძლიათ, რომ ნუგეშის სიტყვა უთხრათ მოყვასს. ხშირ
შემთხვევაში კეთილ სიტყვას უფრო მეტი გავლენა და ძალა აქვს, ვიდრე მატერიალურად
გაღებულ დახმარებას.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. მადლი უფლისა, სიყვარული ღვთისა,
მამისა და ძისა და სულისა წმიდისა იყოს თქვენზე და სრულიად საქართველოზე.

მრავალ დღესასწაულს დაესწარით ბედნიერად და მშვიდობით!

ჩვენთან არს ღმერთი! ამინ!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №35, 2001 წ.