საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ქადაგება ამაღლების დღესასწაულზე (28 მაისი, 2009 წ.)

28 მაისი
%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%a6%e1%83%94%e1%83%a1-2

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება ამაღლების დღესასწაულზე

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 28 მაისი, 2009 წ.

„უფალი ბრძანებს: „სადაც ორნი ან სამნი შეიკრიბებიან ჩემი
სახელით, –
მე მათ შორის ვარ“. ამიტომ ვართ დარწმუნებულნი, რომ დღესაც
ჩვენ შორისაა
უფალი და ვმადლობთ მას ამ დიდი წყალობისათვის!“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს – ამაღლებას უფლისა ჩვენისა იესო
ქრისტესი! გუშინ იყო წარგზავნა აღდგომის დღესასწაულისა და ამ წელიწადში უკანასკნელად
ვიგალობეთ „ქრისტე აღდგა!“

გოლგოთა, ჯვარცმა, აღდგომა და ამაღლება საოცრად
დაკავშირებულია ერთმანეთთან; ეს არის ის გზა, რომელიც უნდა განვლოს ყოველმა
ადამიანმა და ყოველმა ერმა. აღმოსავლურ ფილოსოფიაში ვკითხუ ლობთ: „ჰოი, მწუხარებავ,
შენ საწყისი ხარ სიხარულისა და ჰოი, სიხარულო, შენ საწყისი ხარ მწუხარებისა“.
ადამიანის ცხოვრება სულ ასეთი ცვალებადია, მაგრამ ამას არ უნდა შეუშინდეს ადამიანი.
სიხარულის დროს ადამიანი არ უნდა მიეცეს განცხრომას, ხოლო მწუხარების დროს –
სასოწარკვეთილებას.

სახარებაში წერია, რომ უფალმა ჩვენმა იესო
ქრისტემ დალოცა მოწაფენი და ლოცვის დროს ამალდა ზეცად. მას შესცქეროდნენ
მოციქულები და სხვანიც და ხედავდნენ, თუ როგორ შორდებოდათ უფალი. ამ დროს მათ
გამოეცხადნენ ანგელოზები და უთხრეს: როგორც ხედავთ დიდებით ამაღლებას უფლისა, ისე
იქნება მისი დიდებით მოსვლაც. სახარებაში წერია, რომ ამ გამოცხადების შემდეგ
მოციქულები გამობრუნდნენ სიხარულითა დიდითა. თითქოს გასაკვირია, მაცხოვარი დაშორდა
მათ და მოციქულები გახარებულები არიან. მაგრამ ისინი გახარებულნი იყვნენ იმ
სიტყვების გამო, რომელიც უფალმა მათ და მთელ ქვეყანას უთხრა: „მე თქვენთანა ვარ
ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა, ამინ.“ ეს სიტყვები უნდა გვახსოვდეს,
– უფალი ჩვენთანაა! მაცხოვარი ბრძანებს: „სადაც ორნი ან სამნი შეიკრიბებიან ჩემი
სახელით, – მე მათ შორის ვარ“. ამიტომ ვართ დარწმუნებულნი, რომ დღესაც ჩვენ შორისაა
უფალი და ვმადლობთ მას ამ დიდი წყალობისათვის!

მოციქულებს ჰქონდათ შესანიშნავი და საოცარი წესი: როცა ტრაპეზზე სხდებოდნენ ხოლმე, –
აუცილებლად ტოვებდნენ ორ თავისუფალ ადგილს: ერთს მაცხოვრისთვის და ერთს
ღვთისმშობლისათვის. მათ სწამდათ, რომ მაცხოვარი და ღვთისმშობელი უჩინრად მათთან
იყვნენ. მოციქულების ეს ტრადიცია მთელ მსოფლიოში მარტოოდენ საქართველომ
შეინარჩუნა, როცა ჩვენ ტრაპეზზე ვსხდებით, პირველი სასმისით უფალი იდიდება, ხოლო
ბოლო სასმისი აუცილებლად ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სადიდებელია. ეს ტრადიცია, სუფრის ეს კულტურა, არ აქვს არც ერთ სხვა ეკლესიას, არც ერთ სხვა ერსა თუ
ქვეყანას.

დღევანდელი დღესასწაული ორმაგდება იმ სიხარულით, რომ დღეს ჩვენთან ბრძანდებიან
უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულენი. ისინი ჩამოვიდნენ საქართველოში,
რათა მოეფერონ სამშობლოს. გულითადად მოგესალმებით ყველას, ვინც ჩამობრძანდით
უცხოეთიდან. მინდა შეგახსენოთ, რომ თქვენი წინაპრების სული, მათი ძვლები აქ არის,
საქართველოშია. ამიტომ, ადრე თუ გვიან, სამშობლოში დაბრუნებაზე უნდა იფიქროთ.
საქართველოს ეკლესია მუდამ ცდილობდა ჩვენი ერის გამთლიანებას. მინდა გითხრათ, რომ
თქვენ აქ სტუმრები არ ხართ, თქვენ მასპინძლები ხართ საქართველოში! და ჩვენ ველოდებით
თქვენს დაბრუნებას. გადაეცით ჩვენი სალამი
და მოკითხვა უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს.

ღმერთმა დაგლოცოთ! დღეს
ჩვენ ვლოცავთ ამაღლობელთა
გვარს. ეს ცნობილი გვარია, მათ
ბევრი დიდი ადამიანი აჩუქეს
ქვეყანას.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგამრავლოთ. ღმერთმა მოგცეთ რწმენა, სიყვარული
და სასოება!

კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ამაღლების დღესასწაულს! ჩვენ უნდა გვახსოვდეს,
რომ ღმერთი ამთლიანებს და ეშმაკი ჰყოფს. ინებოს უფალმა,
რომ გამთლიანდეს ქართველი
ერი და ბედნიერი იყოს ჩვენი
ქვეყანა! ღმერთმა დალოცოს, გაახაროს, გააძლიეროს, გაამთლიანოს და დაამშვიდოს სრულიად
საქართველო, ამინ!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №18, 2009 წ.